კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ზეწოლა მედიაზე 2004 წელი

23 მარტი, 2005

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ზეწოლა მედიაზე 2004 წელი


მოკლე მიმოხილვა

2004 წელს ავტორიტარულმა მმართველებმა კიდევ უფრო გააძლიერეს თავიანთი ძალაუფლება ბევრ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. მათი ცენტრალიზებული მთავრობები აგრესიულად ახშობდნენ დამოუკიდებელი ქმედების ყველა ფორმას დაწყებული ჟურნალისტიკიდან და ადამიანის უფლებებიდან და დამთავრებული რელიგიური მოღვაწეობითა და პოლიტიკური ოპოზიციით.

ეროვნული სამაუწყებლო კომპანიები წარმოადგენენ ახალი ამბების ყველაზე პოპულარულ და გავლენიან წყაროს, მაგრამ რეგიონის ბევრ ნაწილში ადგილი აქვს ნამდვილად დამოუკიდებელი სამაუწყებლო სადგურების დახურვას. დამოუკიდებელი გაზეთებისა და ვებ-გვერდების მხოლოდ ძალიან ცოტა რაოდენობა თუ აწვდის კრიტიკული სახის ინფორმაციას ქალაქების განათლებულ საზოგადოებას. თუმცაღა, დამოუკიდებელი მედიის მკაცრმა შეზღუდვამ მთავრობებს შესაძლებლობა მისცა, რომ მოეხდინათ ისეთი ფართოდ გავრცელებული პრობლემების იგნორირება, როგორიცაა შიდსი, გარემოს დაბინძურება, კორუფცია, ადმიანის უფლებათა დარღვევები, არჩევნების გაყალბება და ადამიანებით, იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა.

დიქტატორებმა ბელარუსიაში, თურქმენეთსა და უზბეკეთში გაანადგურეს დამოუკიდებელი პრესა და ადგილობრივ მედიას ძირითადად პროპაგანდული მექანიზმის ფუნქცია შერჩა. მეზობლების მაგალითს მიბაძეს კავკასიის რესპუბლიკების, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ისევე, როგორც ცენტრალური აზიის სახელმწიფოების, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის მთავრობებმა და აგრესიული იერიში მიიტანეს გაზეთებსა და ვებ-გვერდებზე.

რუსეთში ცენტრალიზებულმა კრემლმა, რომელშიც ძირითადად უშიშროებისა და სამხედროს ოფიციალური პირები სჭარბობენ, კონტროლის ქვეშ მოაქციეს ეროვნული სამაუწყებლო კომპანიები, რათა ხელი შეეწყოთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ხელახალი, მეორე 4 წლიანი ვადით არჩევისათვის. 2004 წლის შუა თვეებში კრემლმა  „გაასუფთავა“ სახელმწიფო ეროვნული „ტელევიზია NTV“ დამოუკიდებელი პროგრამებისაგან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ლეონიდ კუჩმამ გამოაცხადა, რომ ის კენჭს არ იყრიდა მესამე ვადით პრეზიდენტობაზე და მისმა მთავრობამ დაიწყო კამპანია იმ დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობდნენ პრეზიდენტ კუჩმას მემკვიდრის, პრემიერ მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდაჭერაზე.

თუმცა, როდესაც ნოემბერში ქვეყნის საარჩევნო კომისიამ იანუკოვიჩი გამოაცხადა გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, დედაქალაქ კიევში გამართული მასიური საპროტესტო აქციების შედეგად, დეკემბერში ჩატარდა განმეორებითი არჩევნები, რომელშიც გამარჯვება, ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, ვიქტორ იუშჩენკომ მოიპოვა. სიტუაცია შეიცვალა თვით სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფ მედიაშიც კი. ასობით ჟურნალისტი გაიფიცა ნოემბრის გაყალბებული არჩევნების და მედიის მიერ სიტუაციის მიკერძოებული გაშუქების გასაპროტესტებლად. 

ბალკანეთის ბევრმა ქვეყანამ განიცადა მცირე პროგრესი, რაც გამოიხატა იმაში, რომ გაძლიერდა კანონის უზენაესობა და განხორციელდა ევროპის კავშირსა და ნატოში გაწევრიანებისათვის საჭირო რეფორმები, მაგრამ კვლავ ფართოდ არის გავრცელებული ფინანსური ზეწოლა, სიტყვიერი მუქარა და პოლიტიზირებული სასამართლო საქმეები, რათა ხელი შეეშალოს პოლიტიკური საკითხების მიუკერძოებელ, ობიექტურ გაშუქებას. ჟურნალისტებს, განსაკუთრებით სერბიასა და კოსოვოში უხდებოდათ პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და მთავრობის ოფიციალური პირებისაგან დაშინების ატანა, რადგან ზემოთაღნიშნულ პირებს აღიზიანებდათ ახალი ამბების გამოშვებებში კორუფციაზე და ხელისუფლების სხვადასხვა დანაშაულზე საუბარი.

დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ჟურნალისტები შედარებით უსაფრთხო გარემოში მუშაობდნენ, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც მათზე ხორციელდებოდა თავდასხმები და მათ წინააღმდეგ იმართებოდა სასამართლო პროცესები.

უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთსა და პორტუგალიაში სასამართლოებმა ჟურნალისტებს მიუსაჯეს პირობითი სასჯელი, რათა ამ გზით ჩაეხშოთ ხელისუფლების უკანონო ქმედებების გაშუქება ფართო საზოგადოებისთვის და სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ კრიტიკა.

2004 წელს ჩეჩნეთში თავისი პროფესიული სამუშაოს შესრულების დროს სამი ჟურნალისტი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ოპერატორი, ადლან ხასანოვი მაისში ჩეჩენი აჯანყებულების მიერ  ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქ გროზნოში დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ივლისში, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ფორბსის რუსეთის რედაქტორი, პოლ კლებნიკოვი, როდესაც ის მოსკოვის ოფისიდან გამოდიოდა. 1999 წელს ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კლებნიკოვი იყო მეთერთმეტე ჟურნალისტი, რომლის მკვლელობაც შეკვეთილი იყო.

რეგიონში, როგორც წესი, ისევ და ისევ რჩება ჟურნალისტების მკვლელების დაუსჯელობის სინდრომი. ზოგიერთ შემთხვევაში პროკურორებმა და პოლიციამ აქტიურად შეუშალა ხელი გამოძიებას, სადაც შესაძლოა მაღალი რანგის ოფიციალური პირები იყვნენ ჩარეულები. 2000 წელს უკრაინაში კუჩმა დაადანაშაულეს ინტერნეტ ჟურნალის „უკრაინსკაია პრავდას“ რედაქტორის, გიორგი ღონღაძის მკვლელობის დაკვეთაში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის უშიშროების ოფიცერმა ჩაიწერა კუჩმასა და მისი ორი დაქვემდებარებული პირის საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ მოეცილებინათ თავიდან ჟურნალისტი. 2000 წელს ბელარუსიის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს სახელი დაუკავშირეს ოპერატორ დიმიტრი ჟავადსკის გაქრობისა და მკვლელობის ფაქტს მას შემდეგ, რაც 2002 წელს ელიტარული სპეცრაზმის ორ ყოფილ წევრს განაჩენი გამოუტანეს ჟურნალისტის გატაცების გამო.

აზერბაიჯანში ოპოზიციური გაზეთის „იენი მუსავატის“ (ახალი თანასწორობა) რედაქტორი დააპატიმრეს, როდესაც ხელისუფლება დევნიდა და ავიწროვებდა ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, რაც დაკავშირებული იყო 2003 წლის ოქტომბრის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ვაჟის, ილჰამ ალიევის გამარჯვებასთან. რაუფ არიფოღლუ ერთი წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, სანამ საბოლოოდ მიუსჯიდნენ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ხელისუფლების წინააღმდეგ ჯანყის მოწყობის ბრალდებით.

2004 წელს განვითარებულმა საერთაშორისო მოვლენებმა ხელი შეუწყო რეგიონში ავტორიტარული მმართველების გაძლიერებას. ბუშის ადმინისტრაცია ყურადღებას ამახვილებდა რუსეთის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ხელისუფლებებთან სამხედრო თანამშრომლობაზე და უკანა პლანზე გადაჰქონდა აზრის თავისუფალი გამოხატვის საკითხები.

საქართველოში განვითარებული მოვლენები კი იმაზე მიუთითებენ, რომ პროგრესი ძნელი მისაღწევი იქნება რეგიონში. საქართველოს ნოემბრის „ვარდების რევოლუციამ“ - რისი საშუალებითაც ხელისუფლებიდან გადააყენეს კორუმპირებული და ძალიან არაპოპულარული პრეზიდენტი - ძალა შეჰმატა კიევში დემონსტრაციების  მონაწილეებს. მაგრამ 2004 წელს ქართული პრესა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თვით რეფორმის მომხრე პოლიტიკოსებიც კი ზეწოლას ახდენდნენ მედიაზე კრიტიკული ხასიათის გადაცემების და პუბლიკაციების გამო. ჟურნალისტები და პრესის თავისუფლების დამცველნი ადანაშაულებდნენ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაში, რომ იგი ანტიკორუფციულ კამპანიას იყენებდა როგორც საფარს, რომ იერიში მიეტანა ოპონენტებზე და მედიის თავისუფლებაზე. ცხადია, რომ განვითარებული მოვლენები სწორედ იმაზე მიუთითებენ, რომ რეგიონში ბევრი პოლიტიკოსი ცდილობს გააკონტროლოს პრესა და ჩაახშოს კრიტიკა.

მიმოხილვა მოამზადა ალექს ლუპისმა, CPJ  (მოქალაქეები საზოგადოებრივი სამართლისათვის) პროგრამის კოორდინატორმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში CPJ  კოლეგასთან, ნინა ოგნიანოვასთან ერთად.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

ახალი ამბები