კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამდენად დაცულნი არიან საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილები?!

28 მარტი, 2005

რამდენად დაცულნი არიან საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილები?!

ჩეჩნეთში წლების განმავლობაში არსებულმა მწვავე კონფლიქტმა აიძულა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეტოვებინა სამშობლო და თავშესაფარისათვის საქართველოსთვის მიემართა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  მიიღო ჩეჩენი ლტოლვილები და მისცა უსაფრთხოების გარანტია, საქართველოში ჩეჩნები დაუცველნი არიან, რაც არაერთხელ გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში - ხშირად აქვს ადგილი მათი უფლებების დარღვევას, პირველ რიგში კი თვით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.    

საქმე ეხება რამოდენიმე წლის წინ ომსგამოქცეულ, თავშესაფრის მაძიებელ 13 ჩეჩენს, რომლებიც კონფლიქტის ზონიდან შემოვიდნენ საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ისინი და უსაფრთხოების გარანტია მისცა. ჩეჩნები ჩამოიყვანეს თბილისში და რამოდენიმე მათგანი დააწვინეს საავადმყოფოში, რადგან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და სამედიცონო დახმარებას საჭიროებდნენ.

რუსეთის ხელისუფლების მიერ აღნიშნული ჩეჩნები ტერორისტებად და "ბოევიკებად" გამოცხადდა და მათი დაუყოვნებელი ექსტრადიცია მოითხოვა. ამის შემდეგ ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ქართულმა მხარემ 5 ჩეჩენი გადასცა რუსეთს, რომელთა ადგილმდებარეობის შესახებ დღესაც არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და მათი ბედ-იღბალი გაუკვეველია. იმის გამო, რომ არსებობდა რეალური საშიშროება იმისა, რომ დანარჩენი ჩეჩნებიც გადაეცემოდა რუსეთის ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლებამ შესთავაზა ჩეჩნებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ტარების ბრალდებით და იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულს აღიარებდნენ, ისინი საქართველოს ტერიტორიაზე იქნებოდნენ დასჯილები და ექსტრადიციის საკითხიც მოიხსნებოდა. შედეგად, თითოეულმა ჩეჩენმა თითო ავტომატისა და ლიმონკის ტარება აღიარა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩნების მიმართ აღნიშნული ბრალდებები მათი გადარჩენის მიზნით წაუყენეს და სინამდვილეში მათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება არ ჰქონიათ, როდესაც დადგა საკითხი მათი გათავისუფლების შესახებ, საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენელის ხიზრი ალდამოვის თქმით, პროკურატურის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აგრესიული დამოკიდებულება გაჩნდა.

დაახლოებით ერთი წლის შემდეგ საოლქო სასამართლომ დაპატიმრებული ჩეჩნებიდან, გელადაევი, ალხანოვი და ალიხაჩევი გაამართლა და ისინი გათავისუფლებულ იქნენ. ამ უკანასკნელთა გათავისუფლების მეორე დღეს ორი ჩეჩენი მოულოდნელად გაუჩინარდა. მოგვიანებით, ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენელი, ხიზრი ალდამოვი იღებს ინფორმაციას აღნიშნული ჩეჩნების გაუჩინარების დეტალების თაობაზე. კერძოდ, მას აცნობეს, რომ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელთა მიერ მოხდა მათი ლარსში ჩაყვანა, სადაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე მისვლისას ჩეჩნები რუსებმა აიყვანეს. „მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში დღესაც არიან შემორჩენილი პრორუსული ხალხი, რომლებიც ლოიალურები არიან რუსეთის პოლიტიკის მიმართ ამ საკითხში. სამწუხაროდ, ჩვენ დღესაც არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია გატაცებული ჩეჩნების ბედ-იღბალის შესახებ. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ძიება უშედეგოდ დამთავრდა. ვერც სტრასბურგის სასამართლომ, ვერც გაერომ და წითელმა ჯვარმა ვერ დაადგინეს, თუ რა მდგომარეობაში არიან ისინი რუსეთში. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი არის დაკარგული და მათი დაბრუნების არანაირი შანსი აღარ არსებობს,“ - განაცხადა ალდამოვმა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიზე შემოსვლა ჩეჩენი ეროვნების ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა მას ვიზა და სათანადო საბუთები წესრიგში. ამგვარი პრობლემების წინაშე ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებიც ჩნდებიან. მიუხედავად იმისა, რომ საელჩოებში მათ მიერ ვიზების აღება ყოველგვარი დაბრკოლებისა და სირთულის გარეშე ხდება, ხშირ შემთხვევაში მათ საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ. ხიზრი ალდამოვის თქმით, მისი ნათესავები, მათ შორის მეუღლე და სამი წლის შვილი მარტო იმიტომ ვერ შემოდიან საქართველოში, რომ ეროვნებით ჩეჩნები არიან.
 
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაპატიმრებული ჩეჩნების შესახებ ინფორმაციას და მათ ფოტოებს აგზავნიან რუსეთში იმის გასარკვევად, იძებნებიან თუ არა ისინი რუსეთის შესაბამისი უწყებების მიერ, რაც ჩეჩენი დიასპორის წარმომადგენლის თქმით, ყოვლად გაუმართლებელი და სახიფათოა ყოველი დაკავებული ჩეჩენისთვის, რადგან მიუხედავად იმისა იძებნება ის თუ არა, რუსეთი ორივე შემთხვევაში ითხოვს მის ექსტრადიციას. „ამ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვოს იმ ადამიანების სია, რომელთა მიმართაც ძებნაა გამოცხადებული რუსეთის ტერიტორიაზე და ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი ზომები,“- განაცხადა ხიზრი ალდამოვმა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Human Rights Watch” რუსეთს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ევროპისა და აზიის ქვეყნების საკითხებში რეიჩელ დენბერის განცხადების თანახმად, ჩეჩნეთში დაკარგულ ადამიანთა რაოდენობა იმდენად მასშტაბურია და უკვე იმ დონეს მიაღწია, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. „ასეთი გაუჩინარებების უკან, უმრავლეს შემთხვევაში, სამთავრობო აგენტები, ფედერალური ძალები ან რუსეთის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ჩეჩნეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომლები დგანან,“- განაცხადა რეიჩელ ბენდერმა.

„Human Rights Watch“-ის მონაცემების თანახმად, 1999 წლიდან ჩეჩნეთში სამიდან ხუთი ათასამდე ადამიანი გაუჩინარდა და ორგანიზაციის საიტზე მოყვანილია ჩეჩნეთიდან ადამიანთა გაუჩინარების კონკრეტული ფაქტები და აღნიშნულია, რომ მათი უმეტესობა წამების შედეგად გარდაიცვალა.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები