კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერია „ბულდოზერებით“ ამსხვრევს დევნილების იმედებს

15 აპრილი, 2005

მერია „ბულდოზერებით“ ამსხვრევს დევნილების იმედებს

 

აფხაზეთის  დაცემის შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების პრობლემა დღემდე გადაუჭრელი რჩება. ისედაც არსებულ პრობლემას ემატება ისიც, რომ ქალაქის მერის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი კიდევ 120-მდე ოჯახი რჩება უსახლკაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა „მეგობრობის პარკისა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს ხელშეუხებლობა აღუთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ქალაქის მერი იქ მრავალბინიანი სახლების პრეზენტაციას აწყობს და დევნილების საცხოვრებელი ბინების „ბულდოზერებით დანგრევით“ იმუქრება.
  
1993 წელს დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა დაიკავა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლის სამრეწველო ნარჩენებით მიწისნაყარი ფართობი „მეგობრობის პარკსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. დევნილებმა ეს ტერიტორია გაასუფთავეს, გააკულტურეს, დარგეს სხვადასხვა მცენარეები, ააშენეს საცხოვრებელი ბინები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით არჩენდნენ ოჯახებს.

წლების მანძილზე მათ ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ პოლიციისგან პრობლემები არ ჰქონიათ. მაგრამ 2004 წლის დეკემბერში ქ.თბილისის მერი ბ-ნი ზ. ჭიაბერაშვილი შპს „ევრასთან“ ერთად აწყობს ერთობლივი პროექტის - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პრეზენტაციას და ემუქრება დევნილებს, რომ „ბულდოზერებით დაანგრევს  მათ საცხოვრებელ ბინებს!“

საქმე იმაშია, რომ 1999-2001 წლებში მოხდა მიწის ნაკვეთის ნაწილის - 35000 კვ.მ. ფართობის პრივატიზაცია „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ფონდის“ მიერ, რომელთა მესვეურებს განზრახული ჰქონდათ დიდი ბიზნეს-პროექტის განხორციელება. 2002 წლის ოქტომბერში მიწის ნაკვეთის ეს ნაწილი საკუთრებაში გადაეცა „ ინტელექტ“ ბანკს, ხოლო  2003 წლის მარტში შპს „ ხაშურს“ ( შემდგომში „ევრას“ ).

დევნილებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს: „წლების მანძილზე ჩვენთან არაერთხელ  იყვნენ მოსულნი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები, რომლებმაც ნათლად  გვითხრეს რომ, ჩვენს მიმართ არავის არ ექნებოდა  პრეტენზია, ვინაიდან ხელისუფლებას ისედაც ევალება  ჩვენთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა.“

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათთან 2003 წელს მისული იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც აღუთქვა ხელშეუხებლობა მანამ სანამ არ აღდგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

მიუხედავად ზემოთხსენებულისა, 2004 წლის 10 დეკემბერს აღძრულია სარჩელი სასამართლოში 6 ოჯახის წინააღმდეგ სახლების დანგრევისა და მიწის ნაკვეთებიდან გამოსახლების შესახებ. ასეთი სააღსრულებო გაფრთხილება იგივე მოთხოვნით მოუვიდათ კიდევ 6 ოჯახს.


საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონის „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად უნდა გამოეყო მიწის ნაკვეთები დროებითი სარგებლობის უფლებით.

აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი, რომ დევნილების 120-მა ოჯახმა,  რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე ცხოვრობენ და რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული სასამართლო წარმოება, მიმართეს ქ. თბილისის მერს ზ. ჭიაბერაშვილს, რათა გადაეცათ მათთვის ეს მიწა დროებით სარგებლობაში. ქალაქის მერმა დევნილები გააგზავნა ისან-სამგორის რაიონის გამგეობაში, ამ უკანასკნელმა ორგანომ კი განუცხადა, რომ აღნიშნული საკითხის  დარეგულირება მათ  კომპეტენციაში არ შედიოდა.

დევნილებს კარგად ესმით, რომ საკუთრება სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კანონმდებლობით. უფრო მეტიც, მათ განაცხადეს, რომ „საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს კერძო საკუთრებას, როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ეკონომიკური  სისტემის საფუძველს. საკუთრება პიროვნული თავისუფლებაა, სხვა სიტყვებით, საკუთრება წმინდათაწმინდა და ხელშეუხებელი აუცილებლობაა, წართმევა იმისა რაც გვაბადია არა მარტო ჩვენი უფლების დარღვევაა, არამედ უსამართლობასაც წარმოადგენს. სხვა რომ არა იყოს რა, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მოპირდაპირე ზოლი დიდი ხანია ასეთივე გზითაა დასახლებული თუმცა, კომუნისტებმაც კი არ აყარეს ისინი ადგილიდან, ჩვენ კი დემოკრატიულ საქართველოს ვაშენებთ  ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან ასახლებით!“

აღნიშნულმა 120-მა  ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის  პრეზიდენტს, რათა გადაეცეთ მათ ეს საცხოვრებელი ბინები დროებით სარგებლობაში აფხაზეთში დაბრუნებამდე, ან მიიღონ სათანადო კომპენსაცია.
 
ფაქტიურად, თუ ეს საკითხი არ გადაწყდება დევნილების სასარგებლოდ, ისინი კვლავ დარჩებიან უსახლკაროდ და გახდებიან  ქ.თბილისის მერის მუქარის „ბულდოზერებით განადგურების მსხვერპლნი“.

ეკა წიკლაური

ახალი ამბები