კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილები მესამე ქვეყანაში წასვლას ითხოვენ

4 მაისი, 2005

ჩეჩენი ლტოლვილები მესამე ქვეყანაში წასვლას ითხოვენ

პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები უკმაყოფილონი არიან საქართველოში გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მუშაობით და მისი საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ისინი აუტანელ საცხოვრებელ პირობებში იმყოფებიან და იმ შემთხვევაში თუ საქართველო ვერ უზრუნველყოფს მათ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, ისინი მესამე სახელმწიფოში გადასვლას ითხოვენ. 

28 აპრილს საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების საკოორდინაციო საბჭომ ბრიფინგი გამართა, სადაც მათ განაცხადეს, რომ საქართველოში მათი ცხოვრება უპერსპექტივოა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ჩეჩნეთიდან ლტოლვილი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2,5 ათას ადამიანს, მაგრამ ეს ეხება ყველა ეროვნების ადამიანს, რომელიც ჩეჩნეთში არის ჩაწერილი, ხოლო ჩეჩენი ეროვნების მქონე მხოლოდ 486 ადამიანია, რაც 142 ოჯახს შეადგენს.

ჩეჩენმა ლტოლვილებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად ქართული მხარის კეთილგანწყობისა, მათი მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ისინი უკმაყოფილონი არიან გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის მუშაობით საქართველოში და ითხოვენ  მისი საქმიანობის გამოძიებას საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მათი განცხადებით, გაეროს ლტოლვილტა კომისარიატი არაფერს არ აკეთებს ლტოლვილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. როგორც ისინი აცხადებენ, მათი საცხოვრებელი პირობები აუტანელია - არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა საცხოვრებელი ადგილის შესახებ; კვების პრობლემაც მწვავედ დგას, რადგანაც შეზღუდული და მწირი კვების რაციონი აქვთ. ამას ადასტურებს ისიც, რომ 64-ე სკოლის მისწავლე ჩეჩენ გოგონას, ხედი ბორჩაშვილს, უჭმელობის გამო სკოლაში გული წაუვიდა (კომაში ჩავარდა); ამ ფაქტს მასწავლებლებიც ადასტურებენ. საბჭოს წევრები ამტკიცებენ, რომ ლტოლვილებს დროულად და ორგანიზებულად არ მიეწოდებათ ჰუმანიტარული დახმარება. ხოლო ის, რაც მიეწოდებათ ვადაგასული და საკვებად ყოვლად გამოუსადეგარია. სათანადო დონეზე არ ფუნქციონირებს სამედიცინო დახმარება, რის გამოც არც თუ იშვიათია პაციენტების სიკვდილი. არ არსებობს ბავშვთა პროგრამა, რის გამოც მოზარდი ახალგაზრდობა პრაქტიკულად ვერ იღებს განათლებას.

ამ მწვავე პრობლემების ფონზე, ჩეჩნები ითხოვენ საემიგრაციო პოლიტიკის შეცვლას და პრიორიტეტის მინიჭებას ზემოაღნიშნული 500 ადამიანისთვის, რადგანაც, მათი განცხადებით, საემიგრაციო პრიორიტეტებით სარგებლობენ არა დაზარალებულები, არამედ სხვა ადამიანები, რომელნიც გაუგებარია, თუ როგორ მოხვდნენ სიაში. ლტოლვილები ასევე ითხოვენ პანკისის ტერიტორიიდან მათ გადაყვანას, რასაც ისინი სხვადასხვა მოსაზრებით ხსნიან - პანკისის სიახლოვე რუსეთის საზღვართან მათ დიდი შეშფოთებას იწვევს. გარდა ამისა, პანკისში მცხოვრებ ჩეჩნებს ხელი არ მიუწვდებათ არანაირ ინფორმაციაზე და სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებიან.

ჩეჩენი ლტოლვილები ითხოვენ, რომ თუ ვერ მოხერხდება აღნიშნული 500 კაცის გადაყვანა მესამე სახელმწიფოში, მაშინ მათ უნდა მიეცეთ საქართველოში ნორმალურ პირობებში ცხოვრების საშუალება. გარდა საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებისა, ლტოლვილები მოითხოვენ საქართველოს მთავრობისაგან, უარი თქვას რუსეთისთვის ჩეჩნების ექსტრადირებაზე და მოწესრიგდეს ქვეყანაში მათი შესვლისა და გასვლის საკითხი. ლტოლვილების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე, რომ მიეცეთ საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმების საშუალება. საკოორდინაციო საბჭოს წევრები  საჭიროდ თვლიან, რომ გაიმართოს მრგვალი მაგიდა თემაზე „ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემები და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლი ამ პრობლემების მოგვარებაში“.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭოს წევრები, რომლებშიც შედიან მაკა ხანჩუნკაევა (ჩეჩენი ქალების ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის თავმჯდომარე), აბდულა ტესაევი (ჩეჩენ ლტოლვილთა საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე), სეიფუდი ელენბაევი (ჩეჩენ ლტოლვილთა კომიტეტის თამვჯდომარე) და საიდ მადაევი (არასამთავრობო ორგანიზაცია „ბარტის“ ხელმძღვანელი)  შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

ჩეჩენი ლტოლვილების საკოორდინაციო საბჭოს პრეს-რელიზის [PDF] ვერსია


 

ახალი ამბები