20:56, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კანონის დარღვევით მოპოვებული თანამდებობა

12.05.2005
კანონის დარღვევით მოპოვებული თანამდებობა


სოფელ ბოდბის საკრებულოში დაპირისპირება პიროვნულ კონფლიქტში გადაიზარდა

სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ნატო უსენაშვილსა და საკრებულოს წევრთა და ახლანდელ თავმჯდომარე მამუკა ხუნაშვილს შორის დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა, რაც მხარეებს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც კი მივიდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც 2003 წლის 19 ნოემბრის ბოდბის საკრებულოს სხდომაზე ნატო უსენაშვილს საკრებულოს წევრებმა უნდობლობა გამოუცხადეს და გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა, საკრებულოს წევრთა მხრიდან არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას. სხდომაზე საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა ვარაუდის დონეზე განაცხადა, რომ მას „ბიუჯეტის ხარჯვა ზედმეტად ეჩვენება და თანხები უაზროდ არის გაფლანგული.“

ნატო უსენაშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და თვლის, რომ ადგილი ჰქონდა მისი უფლებების უხეშ დარღვევას საკრებულოს წევრთა მხრიდან. კერძოდ, ბოდბის თემის საკრებულოს დადგენილებაში მისი გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებულია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა-გადარჩევას გულისხმობს და რაც ნატო უსენაშვილის ადვოკატის აზრით, არ შეიძლება იყოს მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, რადგან უნდობლობის გამოცხადება ხდება მე-13 მუხლის საფუძველზე.

“დადგენილება ადმინისტრაციული წესით უნდა გატარებულიყო შესაბამისი ნომრისა და თარიღის მითითებით, ასევე სხვადასხვა მონაცემები უნდა ასახულიყო, რაც 19 ნოემბრის დადგენილებაში შეტანილი არ არის. ეს არის ფარატინა ქაღალდი. კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს ასევე ის, რომ ჯერ არდანიშნული საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ხუნაშვილი  ხელს აწერს ნატო უსენაშვილის გადაყენების შესახებ დადგენილებას, რაც სრული აბსურდია და წარმოუდგენელია ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად“,- განაცხადა ნატო უსენაშვილის ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა.

საგულისხმოა ასევე ის, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ კანონის“ მე-13 მუხლის 3 ნაწილის თანახმად, „უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გამგებლის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე,“ თუმცა საკრებულომ, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინა კანონის ეს მოთხოვნა და საკრებულოს თავმჯდომარედ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, მამუკა ხუნაშვილის დანიშვნა გადაწყვიტა.

ნატო უსენაშვილის განცხადების თანახმად, 11 ნოემბერს ჩატარებულ სესიაზე ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მისი არყოფნის დროს საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგის გარეშე განსახილველად დააყენეს მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი, რის შესახებაც მან მხოლოდ 18 ნოემბერს შეიტყო და იმავე დღეს განცხადებით მიმართა პროკურატურას, რომელშიც ითხოვდა ბოდბის საკრებულოს ფინანსური მდგომარეობის შემოწმებას და რომლის შესახებაც აცნობა მეორე დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრებს და ამის შემდეგ დატოვა სხდომა.  25 ნოემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ სესია ჩატარდა მის გარეშე და უნდობლობის გამოცხადების მოტივით მის ნაცვლად საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა ხუნაშვილი აირჩიეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ნატო უსენაშვილის სასარჩელო მოთხოვნა, რომელშიც იგი ითხოვდა ბოდბის საკრებულოს 2003 წლის 19 ნოემბრის სხდომის ოქმის და მათ მიერ მიღებული ყველა დადგენილების ბათილად ცნობას, ასევე სამუშაოზე აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მის მიერ მიუღებელი ხელფასის სახით.

„რადგან გამგებელი არის ბურჯანაძე-დემოკრატების წევრი მე ვთვლი, რომ მხარდაჭერა აქვს მათი მხრიდან, რის გამოც მე მექმნება დაბრკოლებები და მიჭირს სიმართლის დამტკიცება და საკუთარი უფლებების დაცვა”, - აცხადებს უსენაშვილი.

როდესაც ნატო უსენაშვილმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში,  ამ უკანასკნელის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დავის ორივე მხარისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას რაიონული სასამართლოს მიერ. ვინაიდან ეს იყო ადმინისტრაციული დავა რაიონულ სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა მოპასუხე ფიზიკური იურიდიული პირით შეეცვალა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საოლქო სასამართლომ ნატო უსენაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა, მოსარჩელე მხარისათვის გაუგებარია და არც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, თუ რომელი მოთხოვნა იქნა დაკმაყოფილებული.

„პირველ რიგში ვითხოვდით დადგენილების გაუქმებას, რაზეც საოლქო სასამართლოს არ უმსჯელია“, - განაცხადა ადვოკატმა, ცირა ჯავახიშვილმა

აღსანიშნავია ასევე, რომ 2004 წლის 25 მარტს ბოდბის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ხუნაშვილი, მისი ძმა ზაზა ხუნაშვილი და მეგობრები ლადო და მურადი ბეგაშვილები, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, შეიჭრნენ ნატო უსენაშვილის სახლში და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც თავად ნატო უსენაშვილს, ისე  ოჯახის დანარჩენ წევრებს. აღნიშნული ფაქტის თვითმხილველები და მოწმეები მეზობლები და ნათესავები იყვნენ.

„საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ზაზა ხუნაშვილმა ჩადენილი დანაშაული ნაწილობრივ აღიარა, გარდა ამისა დანაშაული დადასტურებული იქნა დაზარალებულ ნატო უსენაშვილის, ანზორ უსენაშვილის და მაყვალა (ნაილი) მაჭარაშვილის და აგრეთვე, მოწმეების ჩვენებებით. არსებობს ასევე სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლის თანახმადაც ნატო უსენაშვილს თავის ტვინის შერყევა აღენიშნა,“- განაცხადა დაზარალებულის ადვოკატმა, ნონა კალანდაძემ.

მამუკა ხუნაშვილი კი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს, ასევე უარყოფს ნატო უსენაშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლის ფაქტს და აცხადებს, რომ სწორედ მისი და მისი სიძის მხრიდან იყო მუქარის ზარები და ფიზიკური ანგარიშწორების მუქარები. 

ნატო უსენაშვილი კი დაჟინებით აცხადებს, რომ მამუკა ხუნაშვილი და მისი ძმა სასამართლოდან სარჩელის გამოტანასა და ჩივილის შეწყვეტას ითხოვდნენ მისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ არ მოასვენებდნენ მას და მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს.

„ამ ხნის მანძილზე ჩემი ოჯახის წევრებსა და მოწმეებზე ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა მამუკა ხუნაშვილის მხრიდან. მოწმეებს იბარებდნენ საკრებულოში, ოჯახებში და ეუბნებოდნენ, რომ შეეცვალათ ჩვენებები წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშწორებით ემუქრებოდნენ, რის თაობაზეც მოწმეებმა ოფიციალური განცხადებები შეიტანეს პოლიციაში. ასევე მუქარები იყო ჩემი ოჯახის წევრებზეც, მემუქრებოდნენ, რომ თუ არ შეწყდებოდა სისხლის სამართლის საქმე, დედაჩემს გაათავისუფლებდნენ დირექტორის თანამდებობიდან,“- ჩვენთან საუბარში განაცხადა ნატო უსენაშვილმა.

აღნიშნული მუქარები როგორც ჩანს შესრულდა, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ნატო უსენაშვილის დედას ათავისუფლებენ  სოფელ ბოდბის სკოლის დირექტორის თანამდებობიდან და, რაც ყველაზე საგულისხმოა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლო სხდომის ოქმში დაფიქსირებულია განათლების განყოფილების გამგის ნოდარ კოჭლამაზაშვილი პოზიცია, რომელიც თვლის, რომ ნაილი მაჭარაშვილის აღდგენა სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არ უნდა მოხდეს, რადგან "საკრებულოსთან მისი თანამშრომლობა სრულიად მიუღებელია."

2004 წლის 11 დეკემბერს მამუკა ხუნაშვილს და ზაზა ხუნაშვილს ჯგუფურ ხულიგნობაში წაუყენეს ბრალი და საქმე საოლქო სასამართლოს გადაეცა განსახილველად.

ნინო ბესტავაშვილი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC