კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკუთარი ხელისუფლების მიერ მიტოვებული ადამიანები

27 მაისი, 2005

საკუთარი ხელისუფლების მიერ მიტოვებული ადამიანები

ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი ფინეთში დაკავებული ქალბატონები სრულიად დაუცველნი აღმოჩნდნენ საკუთარი ხელისუფლების მხრიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც. ქალბატონებმა განაცხადეს, რომ მათი რეპუტაცია შეილახა და მრავალი დამცირებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, ისევე როგორც ფინანსური ზარალისა, ჯერ-ჯერობით არანაირი ღონისძიებები არ იქნა გატარებული მათი შელახული უფლებების აღსადგენად.

საქართველოს სახელმწიფოს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, ერთ-ერთი მთავარი ფუნქციას საკუთარი მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა, ხელისუფლებამ მისი პირადი მოვალეობა არა მხოლოდ არ შეასრულა, არამედ პირიქით, ფინეთში მყოფი საკუთარი მოქალაქეების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

საქმე ეხება ამა წლის მარტში ფინეთის საზღვარზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ტრეფიკინგში დაადანაშაულეს. ადამიანებით ვაჭრობის ეჭვის საფუძველზე საქართველოს ტურისტული ავტობუსი, რომლითაც 48 ქალი და ოთხი მამაკაცი - ჯგუფის ხელმძღვანელი, თარჯიმანი და ორი მძღოლი მგზავრობდნენ, ფინეთის საზღვარზე, ვაალიმას სადგურში გააჩერეს. ჯგუფის ოთხივე მამაკაცი დაიკითხნენ გამოძიების ეროვნულ ბიუროში, რადგან ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ ტრეფიკინგსა და ქვეყანაში არალეგალურად შესვლის ორგანიზებაში. რაც შეეხება ქალბატობებს, ისინი არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში არ იყვნენ ეჭვმიტანილნი და მათი მოგზაურობის მიზეზის დადგენამდე გადაყვანილ იქნენ ჯოუთსენოს ლტოლვილთა ბანაკში. ჯგუფის ხელმძღვანელის განაცხადების თანახმად, ისინი ცენტრალური ევროპიდან იტალიასა და საბერძნეთში გადასვლასა და შემდგომ თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას გეგმავდნენ.

ქართული ტურისტული ჯგუფის დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულმა ოფიციალურმა განცხადებამ დაადასტურა ფინეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული ეჭვები და ამით კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენა აღნიშნული ადამიანები.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ბატონი სოზარ სუბარი ამბობს, ქალბატონები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ვინაიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში ხდებოდა მათთვის ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ. გასაუბრების პერიოდში ქალბატონები მოკლებულ იყვნენ ელემენტარულ პირობებს - მათ დაჯდომის საშუალებაც კი არ ჰქონდათ და დახურულ სივრცეში, რომელშიც იმყოფებოდნენ, უჰაერობის გამო ცუდად ხდებოდნენ. ასევე დაზარალებულთა ადვოკატის თქმით, ქალბატონებს დაკითხვისას შეურაცხმყოფელ კითხვებს უსვამდნენ.
 
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ხელმძღვანელსა და დანარჩენ ადამიანებს მოეხსნათ წაყენებული ბრალდებები და გამოირიცხა ტრეფიკინგის შემთხვევა, რადგან ქალბატონების ფინეთის სახელმწიფოში შესასვლელად ყველა საჭირო დოკუმენტაცია ლეგალური იყო, ქართველები მაინც სამშობლოში დააბრუნეს და მორალურ შეურაცხყოფასთან ერთად მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალიც მიიღეს.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს ქართული ცნობიერებისა და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების არსებობა, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში  პროსტიტუციის თემას ტაბუ აქვს დადებული და ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ოდნავი ეჭვიც კი  მძიმე დაღს ასვამს ოჯახის წევრებსა და ოჯახის რეპუტაციაზე. შედეგად, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქალბატონებს არანაკლები პრობლემები შეექმნათ ოჯახის წევრების მხრიდანაც. ფინეთის ერთ-ერთი ელექტრონული გაზეთის „Helsinginsanomat”-ის ინფორმაციის თანახმად, როდესაც ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ნ. ფ. თბილისის აეროპორტიდან დაუკავშირდა მეუღლეს, ამ უკანასკნელმა ტელეფონით განუცხადა, რომ არ დაბრუნებულიყო სახლში, რადგან მას არ სჭირდებოდა ცოლი, რომელიც ფინეთში პროსტიტუციით იყო დაკავებული. შედეგად, ნ. ფ.-მ იმდენად დიდი სტრესი მიიღი, რომ ფსიქიატრის დახმარება დასჭირდა.

ასევე გაზეთისადმი მიცემულ ინტერიუში ჯგუფის წევრებმა განაცხადეს, რომ ფინეთის თანამდებობის პირები დაკითხვის ოქმზე ხელის მოწერას აიძულებდნენ და ასევე დაამატეს, რომ დაკითხვა ადვოკატისა და ქართველი თარჯიმანის გარეშე მიმდინარეობდა, ხოლო თვითონ ინტერვიუირება რუსულ ენაზე ხორციელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქალბატონმა არ იცოდა რუსული.

ინფორმაციის მისაღებად თუ რა ღონისძიებები გაატარა საქართველოს მთავრობამ აღნიშნული ქალების დარღვეული უფლებების აღსადგენად, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა არაერთხელ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს როგორც პრეს-სამსახურის უფროსს, ასევე სხვა კომპეტენტურ პირებს. თუმცა, ჩვენი მცდელობა მიგვეღო რაიმე კომენტარი ამაო აღმოჩნდა საგარეო სამსახურის უწყების თანამშრომელთა მოუცლელობისა თუ არაკომპეტენტურობის გამო.

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლალი ფაფიაშვილმა კი განგვიცხადა, რომ „ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფინეთის ომბუდსმენთან და მისი მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ ადექვატური ზომების გატარებას. იგულისხმება, რომ მოხდეს საჯაროდ ბოდიშის მოხდა, რაც პრაქტიკულად ფინეთმა უკვე გააკეთა. ასევე მოხდეს დაზარალებულებისთვის რაიმე სახის კომპენსაციების გაცემა, მაგრამ ეს არ არის მარტივი პროცედურა და შესამისად მისი განხორციელება გარკვეულ დროს საჭიროებს“.

    
ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები