12:58, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შვილმკვდარი დედა სამართლის ძიებაში საზოგადოებრივად საშიშ პიროვნებად შერაცხეს

15.06.2005
შვილმკვდარი დედა სამართლის ძიებაში საზოგადოებრივად საშიშ პიროვნებად შერაცხეს


რატომ არ იხსნება დავით საყვარელიძის საქმე?

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ „ხავერდოვანი რევოლუციის“ დღეს გარდაცვლილი დავით საყვარელიძის დედა, მარიამ საყვარელიძე სამართალდამცავთა და პრეზიდენტის პირადი დაცვის თანამშრომელთა მხრიდან ზეწოლას განიცდის და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იმყოფება. “ვარდების რევოლუციის” ტანკებს  შეწირული  დავით საყვარელიძის ოჯახისთვის სამართლის ძიება დღესდღეობით არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე 2003 წლის 22 ნოემბერის ტრაგიკული დასასრული. სამართალდამცავები დაშინებისა და ზეწოლის ყველა მეთოდს იყენებენ საყვარელიძეების ოჯახის გასაჩუმებლად და „ვარდების რევოლუციის“ უსისხლო „იმიჯის“ შესანარჩუნებლად.

2003 წლის 22 ნოემბერს მაშინდელი უშიშროების სამინისტროს სწრაფი რეაგირების სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება „ჯტრ“–ი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რამაც ორი ადამიანის -  23 წლის დავით საყვარელიძისა და სამი შვილის დედის, ეთერ შიოშვილი-წულიაშვილის გარდაცვალება გამოიწვია. მას შემდეგ მოყოლებული გარდაცვლილი დავით საყვარელიძის დედა, მარიამ საყვარელიძე საკუთარი შვილისა და დის სიკვდილში დამნაშავე ადამიანების დასჯას მოითხოვს და ამის გამო ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდის და მუქარის სიტყვებს ისმენს.

სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლის ფაქტი 2004 წლის 10 მარტს დაფიქსირდა, როდესაც მარიამ საყვარელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს  უშიშროების სამმართველოში დაიბარეს და საუბრისას ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა აეძულებინათ სასამართლოდან სარჩელის გამოტანა; სანაცვლოდ კი გარკვეული თანხის შეთავაზებას ცდილობდნენ. თუმცა, დაინახეს რა, რომ მსგავსი მეთოდებით ვერაფერს გახდებოდნენ შემდგომ უკვე ღია მუქარაძე გადავიდნენ. უშიშროების ერთ-ერთი თანამშრომელი, ოფიცერი აჩიკო მამაგეიშვილი პირდაპირ მუქარასაც არ მორიდებია და მუქარის ტონით გააფრთხილა მარიამ საყვარელიძე: „თქვენ ჩვენთან ვერაფერს გახდებით“. 

შვილმკვდარი დედა წელიწად ნახევრის განმავლობაში იბრძვის სამართლიანობის აღდგენისთვის. მიუხედავად უამრავი წერილისა, რომელიც მან  სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გააგზავნა თხოვნით, დახმარებოდნენ საქმის გახსნაში, მისი წერილები რეაგირების გარეშე დარჩა. 

მარიამ საყვარელიძემ ასევე დიდი ძალისხმევის შედეგად და შემთხვევითობის წყალობით ორჯერ მოახერხა პრეზიდენტისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული ფაქტის შესახებ და დახმარება ეთხოვა. შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ იცოდა ამ შემთხვევის შესახებ და საქმის ობიექტურად გამოძიებაში დახმარება აღუთქვა, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.

თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  მარიამ საყვარელიძის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ორჯერ გათავისუფლდნენ პრეზიდენტის პირადი დაცვის თანამშრომლები და მას შემდეგ მარიამ საყვარელიძე ახალი დაცვის თანამშრომელთა მხრიდან ზეწოლისა და მუდმივი თვალთვალის ობიექტი გახდა. ყოველ მნიშვნელოვან სადღესასწაულო დღეებში მთელი დღის განმავლობაში მარიამ საყვარელიძის საცხოვრებელ კორპუსთან დგას უცხო  მარკის ავტომანქანა და ყარაულობს მას, რათა სახლიდან არ გამოვიდეს.

როდესაც მარიამ საყვარელიძე პრეზიდენტთან შეხვედრის იმედით 2004 წლის 26 მაისის აღლუმზე გავიდა კანცელარიასთან მიახლოებისთანავე დაცვის წევრებმა ჩასვეს მანქანაში და გაარიდეს მიმდებარე ტერიტორიას, ასევე 9 აპრილს სობჩაკის ძეგლის გახსნაზე, რომ არ შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს დაცვის თანამშრომლებმა იგი ოთახში ჩაკეტეს და მხოლოდ პრეზიდენტის წასვლის შემდეგ გამოუშვეს იქიდან. როგორც თავად მარიამ საყვარელიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, პრეზიდენტის დაცვის წევრთა შორის დარიგებულია სპეციალური ბროშურა და მისი ფოტოსურათი, რათა იცნონ და არ მიუშვან პრეზიდენტთან. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს არ სიამოვნებს იმ გაუბედურებული ხალხის დანახვა, რომელთა გამოც მის საყოველთაოდ აღიარებულ „ხავერდოვან რევოლუციას“ იმიჯი ელახება და ყველანაირად ცდილობს როგორც ფაქტის, ასევე დაზარალებული ადამიანების იგნორირებას.

„ყველას მხრიდან ისეთი დამოკიდებულებაა თითქოს მარიამ საყვარელიძე საზოგადოებისთვის საშიში ადამიანია. ყველასთვის გასაგები უნდა იყოს დედა, რომელსაც შვილი მოუკვდა ადვილად ვერ შეეგუება მის დაკარგვას და ეს ქალი ცდილობს სიმართლის დამტკიცებას და დამნაშავის დასჯას, რაც საქმიდან გამომდინარე, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მაგრამ ჯერ-ჯერობით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის ბოლომდე მიყვანას, არ განხორციელებულა და ხდება დროის ხელოვნური გაწელვა“,- განაცხადა მარიამ საყვარელიძის ადვოკატმა ნონა კალანდაძემ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტ ბუშის ვიზიტის შემდეგ მარიამ საყვარელიძეს გამუდმებით იბარებენ უშიშროების სამმართველოში და კითხვებს უსვამენ 10 მაისს თავისუფლების მოედანზე სამთავრობო ლოჟის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხელყუმბარის შესახებ. თუმცა, მათთვის უცნობი არ უნდა იყოს, რომ იმ დღეს მარიამ საყვარელიძე ოჯახთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა, რადგან მიცვალებულთა მოხსენიების დღე იყო. ასევე უშიშოროების წარმომადგენლებმა რამოდენიმეჯერ მიაკითხეს მარიამ საყვარელიძის ძმას და დაიბარეს სამინისტროში, როგორც თვითონ უთხრეს, „კაცურად დასალაპარაკებლად“, თუმცა დაზარალებულებისთვის გაურკვეველია რას ნიშნავდა და რა იგულისხმებოდა ამ სიტყვებში. 5 საათის ლოდინის შემდეგ უშიშროების წარმომადგენლებმა მოუცლელობა მოიმიზეზეს და „კაცურად საუბარი“ არ შედგა.

„ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ მთვლიან ქვეყნისათვის საშიშ პიროვნებად. მე ვარ გაუბედურებული დედა და მხოლოდ მოვითხოვ ჩემი შვილის მკვლელის დასჯას სხვას არაფერს“,- განაცხადა მარიამ საყვარელიძემ.

ნინო ბესტავაშვილი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC