კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიაზე „ნადირობის“ მეთოდები „უმჯობესდება“

16 ივნისი, 2005

რატომ დახურეს  „ინტერ-პრესი“?

მედიაზე „ნადირობის“ მეთოდები „უმჯობესდება“

2005 წლის 2 ივნისს საინფორმაციო სააგენტო  „ინტერ-პრესმა“  მუშაობა შეწყვიტა. 1 ივნისს, დღის 2 საათზე სააგენტოს წარმომადგენლებს იბარებენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და სიტყვიერად აუწყებენ, რომ მოხდა სააგენტოს ლიკვიდაცია და ეს თემა არანაირ განხილვას არ ექვემდებარება. ფინანსური მხარე, რომელიც სამეთავალყურეო საბჭომ საბაბად მოიტანა, ინტერ-პრესის რედაქტორის თქმით, არ შეიძლება რეალური საფუძველი ყოფილიყო სააგენტოს დახურვისათვის.

საინფორმაციო სააგენტოს გაუქმების შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც საზოგადოებისათვის, ასევე თავად სააგენტოს თანამშრომლებისათვის. როგორც “ინტერ-პრესის” მთავარი რედაქტორი ბაია ცანავა აცხადებს, ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ იყო მცდელობა სააგენტოს კონსერვაციისა, თუმცა მაშინ ლიკვიდაციაზე საუბარი არ ყოფილა. 4 თვის წინ, ანუ პირველ თებერვალს მათ მიიღეს ოფიციალური წერილი, რომელიც ეხებოდა სააგენტოს კონსერვაციას და რომელსაც ხელს აწერდა სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო. მეორე დღესვე სააგენტომ შეაჩერა მუშაობა და ამ წერილის შესახებ აუწყა საზოგადოებას. თუმცა, რამოდენიმე საათში მიზეზის აუხსნელად ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალა და სააგენტომ მუშაობა განაახლა.

ამჯერად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა - სელფორდ-ჯორჯიას ხელმძღვანელმა ირაკლი რუხაძემ და „ი-მედიას“ დირექტორმა ლევან ძნელაძემ 1 ივნისს “ინტერ-პრესის” მთავარ რედაქტორს ბაია ცანავას სიტყვიერად აუწყეს სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ. ამჯერად საკითხი არანაირ განხილვას არ ექვემდებარებოდა.

“ინტერ-პრესის” დახურვის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს თავს არიდებს ხელმძღვანელობა. ოფიციალურ მიზეზად კი ისინი ასახელებენ იმას, რომ ამ ეტაპზე ეს ბიზნესი მომგებიანი არ იყო.

რევოლუციის შემდეგ ლიკვიდირებულ საინფორმაციო საშუალებათა გრძელ სიას კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და გავლენიანი სააგენტო შეუერთდა. ფინანსური კრიზისი, რომელიც ინტერ-პრესის დახურვის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა, ისეთივე უნიათო საბაბი აღმოჩნდა, როგორც სხვა დანარჩენ მსგავს შემთხვევებში.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მედიის თავისუფლებას საქართველოში საკმაოდ კრიტიკულად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ მედიაზე ხორციელდება პირდაპირი და ირიბი ზეწოლა. ჩვენთან საუბარში იგი აცხადებს, რომ მფლობელის ინტერესები პირდაპირ აისახება რედაქციის პოლიტიკაზე. საქართველოს მედიის სივრცეში პოლიტიკური ინტერესები უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე ბიზნესს ინტერესები.
 
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან საუბრისას ინტერ-პრესის მთავარმა რედაქტორმა, ქალბატონმა ბაია ცანავამ აღნიშნა, რომ სააგენტოს ჰქონდა რეალური ბაზა იმისა, რომ მალე მომგებიანი ბიზნესი გამხდარიყო, რადგან მას ჰყავდა 70-მდე დამკვეთი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციები (გაერო, ეუთო), საელჩოები (აშშ, რუსეთი, ისრაელი) და სხვა ორგანიზაციები თუ საინფორმაციო საშუალებები; ოფიციალურ ვერსიას ისიც აბათილებს, რომ ბოლო თვეს კონტრაქტების დადების საოცარი ზრდა იყო.

სააგენტოს დახურვისთანავე გავრცელდა ეჭვი, რომ ეს დაკავშირებული იყო საინფორმაციო სააგენტოს მიერ 2 ივნისს გაკეთებულ განცხადებასთან, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგა ჟვანია ტელედებატებში იწვევს უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, რაზეც ბოკერიამ უარი განაცხადა. ჩვენთან საუბრისას ბაია ცანავამ ეს ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. თუმცა, ცალმხრივად აცხადებდა, რომ პერსონალური ზარებისა და სიტყვიერი მუქარების გარდა, არასოდეს სერიოზული ზეწოლა არ ყოფილა მათზე. „არასოდეს ინტერ-პრესისთვის არავის წინასწარ არ უთქვამს რომ რაიმე ინფორმაცია უნდა გაგვეშვა ან არ გაგვეშვა“,- აცხადებს ქალბატონი ცანავა.

აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სააგენტოს ლიკვიდაციის მეორე დღეს - 3 ივნისს ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“, როგორც ამას ანონსებიდან ელოდა მაყურებელი, უნდა შემდგარიყო დებატები გოგა ჟვანიასა და გიგა ბოკერიას შორის. თუმცა, მოულოდნელად გადაცემის თემა შეიცვალა. როგორც გადაცემის წამყვანი აცხადებს,  ეს შეხვედრა ვერ შედგა, რადგან უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უარი განაცხადა შეხვედრაზე.

ცნობისათვის, ახალი ამბების სააგენტო  „ინტერ-პრესი“  დაარსდა 1999 წელს. მაშინ სააგენტო იყო დამოუკიდებელი სტრუქტურა. 2002 წლის ზაფხულიდან სააგენტო გაერთიანდა მედია ჰოლდინგ „ი-მედიას“ შემადგენლობაში. მედია ჰოლდინგი აერთიანებს ტელეკომპანია იმედს, რადიო იმედს, რამოდენიმე ბეჭვდითი მედიის გამოცემას, მათ შორის იყო „მთავარი გაზეთი“, რომელიც რამოდენიმე თვის წინ დაიხურა ასევე ფინანსური მიზეზებით.

აღსანიშნავია, რომ ინტერპრესისა და გაზეთ  „მთავარი“-ს დახურვასთან დაკავშირებით, ხელმძღვანელობა ერთიდაიმავე მიზეზს ასახელებს ანუ ფინანსურ პრობლემებს. თუმცა, ბაია ცანავა ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელმძღვანელობას ინტერპრესის შენახვა არცთუ ისე ძვირი უჯდებოდა. ეს თითქმის ერთი სატელევიზიო გადაცემის მხატვრული გაფორმების თანხა იყო.

სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად 44 ადამიანი უმუშევარი დარჩა.

ეკა დათუნაშვილი

ახალი ამბები