12:54, Thursday, 14.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აზერბაიჯანული თეატრი - გადასაჭრელი თუ გადაუჭრელი პრობლემა

17.06.2005
აზერბაიჯანული თეატრი - გადასაჭრელი თუ გადაუჭრელი პრობლემა


საქართველოს კულტურის სამინისტრო აზერბაიჯანული თეატრის პრობლემებს იგნორირებას უკეთებს


საქართველოს კულტურის სამინისტრო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრში მიმდინარე უკანონო ქმედებებზე რეაგირებას არ ახდენს. მსახიობებმა არაერთხელ მიმართეს დასახმარებლად აღნიშნულ ორგანოს, მაგრამ უშედეგოდ. აზერბაიჯანელი მსახიობები ღიად საუბრობენ თეატრში არსებულ დარღვევებზე, ზეწოლასა და კულტურის სამინისტროს უმოქმედოებაზე. ამას ემატება შანტაჟი თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან.

რამოდენიმე წლის წინ საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოში დაარსებულიყო აზერბაიჯანული თეატრი ეთნიკური უმცირესობისათვის. ამისათვის სპეციალურად მომზადდა 10 აზერბაიჯანელი სტუდენტი. ანზორ დოლენჯაშვილი, რომელიც თავდაპირველად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მოიაზრებოდა მოულოდნელად თბილისის მერიის კულტურის სამმართველოს გადაწყვეტილებით, ირაკლი აზიკურით შეიცვალა. აზიკური, რომელიც თეატრალური სამყაროს წარმომადგენელთათვის სრულიად უცნობი სახეა, მსახიობების თქმით, გამოირჩევა სრული არაპროფესიონალიზმით. არსებობს საფუძველი იმისა, რომ თეატრის ხელმძღვანელობა ახორციელებს უკანონო ფინანსურ ოპერაციებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ საშტატო უწყისში აღნიშნულ ადამიანთა ვინაობა არავინ იცის. უწყისში გაფორმებულია 52 მსახიობი, აქედან კი ცნობილია მხოლოდ 15. თეატრი დაკომპლექტებულია გამოუცდელი სტაჟიორებით, რომელთაც აზერბაიჯანული ენაც კი არ იციან. თეატრის არაპროფესიონალიზმით აღშფოთებული მსახიობები უარს აცხადებენ მუშაობაზე, ზოგს კი უკანონოდ ათავისუფლებენ. აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია კულტურის სამინისტროსათვის და შესაბამისი კომისიის შექმნის მოთხოვნით წერილიც იქნა გაგზავნილი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ.

2004 წელს თეატრის მსახიობებმა მიმართეს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და მოითხოვეს ირაკლი აზიკურის გათავისუფლება.  ამის შედეგად  სამსახურიდან დათხოვილ  იქნა თეატრის  ორი მსახიობი ნამიგ გაჯიევი და ნამიკა მურაევი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა კანონის უხეში დარღვევით და ფინანსური პოლიციის მხრიდან მოითხოვენ დოკუმენტაციის შემოწმებას. 

თეატრში დარჩენილ მსახიობებზე კი სამხატვრო ხელმძღვანელი სხვადასხვა მეთოდებს იყენებს ზეწოლის მოსახდენად. აზიკური მსახიობ ვიუგარ მაშოვისაგან ითხოვს ხელწერილს იმის თაობაზე, რომ მას ხელი არ მოუწერია განცხადებაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრება სამსახურის დაკარგვა.
 
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აპრილის თვეში აზერბაიჯანულმა დიასპორამ მიმართა კულტურის სამინისტროს, სადაც შესული განცხადება მინისტრის მოადგილეს თამარ ქვარიანს დაეწერა განსახილველად. უშედეგო ლოდინის შემდეგ, აზერბაიჯანელებმა მოითხოვეს ჩამოერთმიათ საქმე თამარ ქვარიანისათვის და გადაეცათ სხვისთვის. რამდენად პარადოქსიც არ უნდა იყოს, აცილების მოთხოვნის განცხადება კვლავ ქვარიანს დააწერეს და შედეგად, აღნიშნული საქმე დღესაც ქალბატონი ქვარიანის ხელშია გაყინული.

აღნიშნული პრობლემის უკეთ გასარკვევად მივმართეთ აზერბაიჯანის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელს ბ-ნ ილგარ ჯაფაროვს, რომელიც აღიარებს, რომ თეატრის ახლანდელი ხელმძღვანელობა არის სრულიად არაპროფესონალი. “დირექტორი უკმაყოფილოა ახალგაზრდა მსახიობებით, რის გამოც, თეატრი არ მართავს წარმოდგენებს და სპექტაკლებს და არის უმოქმედოდ”,-აცხადებს ჯაფაროვი. იგი საქართველოს კულტურის სამინისტროსგან ითხოვს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ჯაფაროვი ამ პრობლემასთან დაკავშირებით ესაუბრა კულტურის მინისტრს, თეატრის ხელმძღვანელობას და ასევე გათავისუფლებულ მსახიობებს; შეხვდა აზერბაიჯანის ინტელიგენციას. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აზერბაიჯანული დიასპორის მრავალმხრივი მცდელობისა, თეატრის ხელმძღვანელობა მათ მიმართვებს იგნორირებას უკეთებს. ბატონი ილგარი ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას და ეს უნდა მოხდეს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან.

მიუხედავად ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მრავალმხრივი მცდელობისა, კულტურის სამინისტრო კვლავ დუმილს ინარჩუნებს და პასუხისაგან თავს იკავებს. ცენტრი მოითხოვს სამინისტროსაგან, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, განიხილოს აღნიშნული საკითხი და შეისწავლოს და გამოიკვლიოს აზერბაიჯანულ თეატრში არსებული დარღვევები მათი კომპეტენციის ფარგლებში.

ქეთი კურატაშვილი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC