კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეიარაღებული სპეცოპერაცია - უკანონობის აღკვეთა თუ ძალის დემონსტრირება

24 ივნისი, 2005

შეიარაღებული სპეცოპერაცია - უკანონობის აღკვეთა თუ ძალის დემონსტრირება

ხელისუფლების „მხედრიონიზაცია“, ხალხის (ბიზნესმენთა) „ტერორიზაცია“
და ქვეყნის „დემოკრატიზაცია“ ქართულად


16 ივნისს ფინანსურმა პოლიციამ‚ სპეცრაზმთან ერთად, რუსთაველისა და გამსახურდიას გამზირზე მდებარე სწრაფი კვების ქსელ „ნიკალას“ რესტორნებში სპეცოპერაცია ჩაატარა. ოპერაციის დაწყებამდე ორივე რესტორანი ხალხით იყო სავსე. ერთ-ერთ დარბაზში კი ბავშვს დაბადების დღეს უხდიდნენ, რომლის კარებიც ნიღბიან-ავტომატიანებმა მოურიდებლად შეამტვრიეს. შეიარაღებული, ნიღბიანი სამართალდამცველების გამოჩენამ ხალხში შეშფოთება გამოიწვია. ფინანსური პოლიციის ნიღბოსნები დარღვევებს ორი საათის განმავლობაში ეძებდნენ. სპეცოპერაციის შედეგად სწრაფი კვების ობიექტებიდან ამოღებულ იქნა დოკუმენტები და კომპიუტერი.

16 ივნისს სწრაფი კვების ქსელ „ნიკალაში“ განხორციელებულ სპეცოპერაციას, რომლის მიზანიც იყო აღნიშნულ ობიექტზე ფინანსური დარღვევების გამოვლინება და რომელიც „ნიკალაში“ ნიღბიანი ოპერატიული ჯგუფის თანამშრომელთა მოულოდნელი შეჭრით განხორციელდა, ნეგატიური შეფასება გაუკეთდა საზოგადოების მხრიდან. ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის აღნიშნული ოპერაციის გამო და პირდება ყველა იმ პირის ვინაობის დადგენას და უმკაცრესი ზომების გატარებას მათ მიმართ, ვინც აღნიშნული სპეცოპერაციის ბრძანება გასცა.

ფინანსური პოლიციის თავგასულ ქმედებას ნეგატიური გამოხმაურება და შეფასება მოჰყვა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში უკანასკნელ ხანებში ანტიდემოკრატიული ტენდენციების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი აღნიშნულ ფაქტს მიიჩნევს საზოგადოების დაშინების და ტერორიზების კიდევ ერთ მცდელობად. სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ავადსახსენებელი “მხედრიონის” საქმიანობის მეთოდებს და უმაღლესი ხელისუფლება რეალურად არაფერს აკეთებს სიტუაციის გამოსასწორებლად. მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ ტენდენციაზე, რომ სახელმწიფო სტრუქტურების “მხედრიონიზაცია” უკვე შორსწასული პროცესია და საქართველო ყოველდღიურად უახლოვდება ლათინური ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოების რეჟიმებს. სამწუხაროა ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი პოზიცია, როდესაც პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ წინასწარ მხოლოდ მათთვის ცნობილ ფაქტს, თანაც ეს აქცია მაინცდამაინც დაემთხვა 9 საათიანი საინფორმაციო გადაცემის დაწყების დროს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება ტერორის ატმოსფეროს, მოქალაქეთა და ბიზნესმენთა დაშინებას მსგავსი ქმედებებით ახორციელებს,- ნათქვამია ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მოითხოვს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
 

აღნიშნულ სპეცოპერაციას იმავე დღეს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გამოეხმაურა და ამგვარ ქმედებას ყოვლად გაუმართლებელი და ამაზრზენი უწოდა. სახალხო დამცველის განცხადებას ეთანხმებიან პარლამენტარებიც. ზვიად ძიძიგურის თქმით‚ სამართალდამცველები ტერორისტებივით არ უნდა იქცეოდნენ. მათ არ აქვთ მოსახლეობის დაწიოკების უფლება. ამ ფაქტს იურისტი დავით უსუფაშვილი ასევე აფასებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირებისა და დაშინების მცდელობად.


ქეთი კურატაშვილი

ახალი ამბები