კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რელიგიური ექსტრემიზმი გრძელდება

25 ივლისი, 2005

რელიგიური ექსტრემიზმი გრძელდება


ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ერთი შეხედვით, თითქოს აღარ ხდება მოსახლეობის რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაცია. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან დაფარულ პრობლემებზე ფაქტები სხვაგვარად  მეტყველებენ. ნიშანდობლივია, რომ თუკი გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში რელიგიურ უმცირესობათა  დისკრიმინაციის  შემთხვევების გამო შესული იყო სამიოდე საჩივარი, 2005 წელს მათმა რიცხვმა საგრძნობლად იმატა და ბოლო სამი თვის მანძილზე თორმეტს მიაღწია. მიუხედავად სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების მრავალმხრივი მცდელობისა, პოლიციამ და პროკურატურამ მათი უმრავლესობა რეაგირების გარეშე დატოვა, რაც სამართლდამცავ ორგანოთა ზოგიერთი ხელმძღვანელის გულგრილობასა და მიკერძოებულ მოქმედებაზე მეტყველებს. 


2005 წლის 29 ივნისს ქ. ქუთაისში მცხოვრებ გოდერძი კვარაცხელიას, ხვიჩა ნორაკიძის და თეიმურაზ ჩოგოვაძის წინააღმდეგ მოეწყო აქცია. აქციის მონაწილეები მათგან ფიზიკური ლიკვიდაციისა და სახლის გადაწვის მუქარით მოითხოვდნენ მათ მიერ კანონიერად შესყიდულ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შეჩერებას. საქმე იმაშია, რომ სახლის ახალი მეპატრონეები „იეჰოვას მოწმეები“ არიან, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ფიზიკური ანგარიშსწორების რეალური საფრთხე. თავდაცვის მიზნით სახლის მეპატრონეებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც, ფაქტობრივად, არანაირი რეაგირება არ მოახდინა. მათ დამნაშავეთა დაკავების ნაცვლად,  ქ. ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის განყოფილებაში თავად „იეჰოვას მოწმეები“ წაიყვანეს, სადაც პირადობისა და მართვის მოწმობები ჩამოართვეს და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ მოერიდნენ. ამ დროის განმავლობაში კი სახლში დარჩენილ სექტანტებს  ფიზიკურად  უსწორდებოდნენ. რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელთა დარბევა გრძელდებოდა თითქმის ყოველდღე. მოსახლეობა სისტემატურად იკრიბებოდა მათ ეზოში, რომელთაც აქეზებდა ადგილობრივი მართლმადიდებელი მღვდელი ზოსიმე.

ვითარების გასარკვევად ქუთაისში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ჩასვლა მოწმეების ანგარიშსწორების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. იმავე ღამით მოსახლეობამ სახლში მყოფ პირებს აგურები დაუშინა.

ამჯერად, სარემონტო სამუშაოები შეჩერებულია და არც ერთი თავდასხმელი არ არის დაკავებული.

რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტები გამოვლინდა ახმეტის რაიონშიც. 2003 წელს სოფელ ხოდაშენის მცხოვრებმა ნანული ჯავახიშვილმა კანონიერად შეისყიდა შენობა, სადაც ბაპტისტური ეკლესიის ამოქმედებას აპირებდა. ამჟამად, ამ შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ შენობის ყოფილმა მფლობელმა ომარ ახმეტელმა ივნისის თვის დასაწყისში ძალის გამოყენებით წაართვა გასაღები ნანული ჯავახიშვილს და გადასცა ხოდაშენის გამგებელ ბ-ნ აკაკი ბაბილაშვილს,  რომლის დაბრუნებასაც ის არ აპირებს და განზრახული აქვს ეს შენობა ნაციონალური მოძრაობის ოფისს გადასცეს.

ქეთი კურატაშვილი

 

ახალი ამბები