კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი თუ

30 აგვისტო, 2005

საზოგადოებრივი თუ „თავისუფლების
 ინსტიტუტის“ ტელევიზია?

დიდი ხმაურისა და აჟიოტაჟის შემდეგ სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალურ დირექტორად თამარ კინწურაშვილი - „თავისუფლების ინსტიტუტის“ კომუნიკაციებისა და მედიაპროგრამების ყოფილი ხელძღვანელი აირჩია. ასეთმა გადაწყვეტილებამ ეჭვქვეშ დააყენა სამეურვეო  საბჭოს ობიექტურობა და საზოგადოების გარკვეულ ფენებში პროტესტი გამოიწვია.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი ამა წლის 24 ივნისს გამოცხადდა. ვაკანტურ ადგილზე 16-მა პიროვნებამ გამოთქვა პრეტენზია. სამეურვეო საბჭომ 23 ივლისის სხდომაზე არჩევანი ვერც ერთ მათგანზე ვერ შეაჩერა. ისინი არასაკმარისი მმართველობითი გამოცდილების გამო დაიწუნეს და ხელახალი კონკურსი დანიშნეს. მეორე კონკურსში მონაწილეობა 24-მა ადამიანმა მიიღო. მისი მეორე ტური - კონკურსანტებთან გასაუბრება, 19 აგვისტოს გაიმართა. მეორე ტურში გასულ 3 კანდიდატს: თამარ კინწურაშვილს, ლია მუხაშავრიასა და სერგო ბიწაძეს შორის სამეურვეო საბჭომ არჩევანი მის ყოფილ წევრზე, თამარ კინწურაშვილზე შეაჩერა, რომელიც 6 წლის ვადით გენერალური დირექტორი გახდა. მას სამეურვეო საბჭოს 6-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთმა - მაცაცო სებისკვერაძემ ლია მუხაშავრიას მისცა ხმა, ნინო ანანიაშვილმა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრები პრეზიდენტის განკარგულებით ინიშნებიან და მხოლოდ მისი თანხმობის საფუძველზე შეიძლება წევრის საბჭოდან გასვლა. თუ ქალბატონ თამარ კინწურაშვილს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა განაცხადის შეტანის მომენტში, მაშინ გამორიცხული იყო მისი კონკურსში მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილი კი იმ დღეებში საქართველოში არ იმყოფებოდა. მას უფლება აქვს მხოლოდ კანცელარიაში დაამტკიცოს ასეთი დოკუმენტი. ასეთ დროს არც სატელეფონო და არც სიტყვიერი თანხმობა არ დაიშვება. იგი დოკუმენტურად დადასტურებული უნდა იყოს. სხვაგვარად მას იურიდიული ძალა ეკარგება. აქედან გამომდინარე, თამარ კინწურაშვილს, რომელიც ხელისუფლების კადრად მოიაზრება, ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. თუმცა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის - ლევან თარხნიშვილის თქმით, კინწურაშვილს წესრიგში ჰქონდა ყველა დოკუმენტი, რომელიც ამჟამად კანცელარიაში ინახება.

იურისტ ლია მუხაშავრიას აზრით, კონკურსი აბსოლუტურად არაობიექტურად ჩატარდა, რადგან სამეურვეო საბჭომ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა და დანიშნა ის ადამიანი, რომელიც თავად აწყობდა. საპირისპიროს აცხადებს ლევან თარხნიშვილი: „საბჭოს აზრით, იმ კანდიდატებს შორის, რომლებმაც წარმოადგინეს კონცეფცია, ქალბატონი თამარის ხედვა და სამუშაო გამოცდილება ყველაზე მისაღები იყო. თუ ვინმე თვლის, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით კანონი დაარღვია, არასერიოზული ბრალდებებისა და განცხადებებისგან თავი შეიკავოს და სასამართლოში სარჩელი შეიტანოს“.

ბატონი ლაშა ბაქრაძე, კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, გასაუბრებამდე ეჭვს გამოთქვამდა, რომ თამარ კინწურაშვილს ჰქონდა საბჭოს უმრავლესობის იმედი და საბჭოს გარეთ კი ძლიერი მხარდაჭერა:  „მისი არჩევა გარანტირებული იყო, ასე რომ ასარჩევიც აღარაფერი იყო. პატივისცემას იმსახურებენ საბჭოს ქალბატონი წევრები, რომლებმაც ხმა არ მისცეს წინასწარ გამარჯვებულს. თუ ასეთ სამეურვეო საბჭოს დატოვებენ პატიოსანი ადამიანები, ეს სამოქალაქო ვაჟკაცობის ის მაგალითი იქნება, რომელიც ასე სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.”

ქალბატონი ლია მუხაშავრია ითხოვდა 19 აგვისტოსთვის  დანიშნული გასაუბრების პირდაპირი ეთერით ჩვენებას. მისი აზრით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ საბჭოს გადაწყვეტილება მიიღებოდა საჯაროობის დაცვით, რადგან ყველა ნახავდა, ვისი კონცეფცია იყო უკეთესი. ლევან თარხნიშვილი კი უხერხულად მიიჩნევს 3 საათიანი გასაუბრების პირდაპირი ეთერით ჩვენებას. „არა მგონია, ეს ვინმეს ასე აინტერესებდეს. ეს პოპულისტურ გამოსვლად მეჩვენება მუხაშავრიას მხრიდან. საჯაროობა აბსოლუტურად დაცულია, რადგან გასაუბრების ჩაწერა მიმდინარეობდა. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მისი მისმენა. იგი გაიშიფრება და ტელევიზიის ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდება.“

იურისტი მუხაშავრია სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში, პირველად ისტორიაში, შექმნილიყო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი მაუწყებლობა. ამ ორგანიზაციის ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს მთლიანად მედიის განვითარებაში. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება საუკეთესო დემოკრატიული ხელისუფლების მაგალითს ვერ აძლევს ქვეყანას. მოსახლეობის აღშფოთება და რეაქცია მოჰყვა ამ პროცესს. ამ შემთხვევაში მე გამოვხატავ საზოგადოების იმ ნაწილის ნებას, რომელიც მოითხოვს, რომ ეს გასაჩივრდეს”. მუხაშავრიას ჩვენს ქვეყანაში სამართლის პოვნის იმედი არ აქვს, რადგან თვლის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ გამოირჩევა დამოუკიდებლობითა და სამართლიანობით. იგი ფიქრობს, რომ ეს საკითხი დადგება ევროსასამართლოში და იქ აუცილებლად გაიმარჯვებს.

რუსუდან ჯამასპიშვილი

ახალი ამბები