კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თაბუკაშვილის ქუჩა 42-ის ჩანახატები

30 ნოემბერი, 2005

თაბუკაშვილის ქუჩა 42-ის ჩანახატები

„ჩემი სახლიდან ქართლის დედა მოჩანს... მაგრამ არა ფანჯრიდან, არამედ კედელზე გაჩენილი ბზარიდან,“ - ირონიულად აღნიშნავს თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებელი. XIX საუკუნის არქიტექტურული ნიშით დაგეგმარებული იმპერიალისტური სტილის საცხოვრებელი სახლი 1890 წელს, სპეციალურად მაღალჩინოსანი სამხედროებისათვის აშენდა. მიუხედავად ამისა, ქალაქის ისტორიული საგანძურით არავინ ამაყობს - საღებავ გადაცლილი ფასადით, ჩამონგრეული ორნამენტებითა და კედელზე გაჩენილი ღრმა ბზარებით თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობა გარეუბნის საცხოვრებელ სახლს ჰგავს, რომელიც დღე-დღეზე ბულდოზერებმა უნდა დაანგრიონ. 

თაბუკაშვილის № 42-ის დანგრევაზე საუბარი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყო. თუმცა ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცესების გავლის შემდეგ მაცხოვრებლებმა, რომელთაც ოპერისა და ბალეტის თეატრის უკან მდებარე  უზარმაზარი ბინების დათმობა არც თუ ისე უადვილდებოდათ, შედეგს მიაღწიეს - 1988 წელს შენობას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ისტორიულ მემკვიდრეობას, ისევე როგორც სხვა მრავალ სფეროს ჩვენს ქვეყანაში, სათანადო ყურადღება არავინ მიაქცია. 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ XIX საუკუნის სახლი ავარიულად გამოცხადდა. 

კულტურის სამინისტროს ისტორიული მონუმენტების  შესაკეთებლად საკმარისი სახსრები არ გააჩნია. 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან კულტურული მემკვიდრეობის აღდგენისათვის 1 მილიონი ლარი გამოიყო. ამ თანხიდან 104 ათასი ლარი თბილისში, ექვსი ისტორიული ძეგლის აღდგენას მოხმარდა. თბილისის მერია კი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების ჩივილს უყურადღებოდ ტოვებს. საუკეთესო შემთხვევაში მომჩივნები მუნიციპალიტეტიდან ბუნდოვან პასუხს იღებენ.

გაზაფხულის ერთ თბილ დღეს თაბუკაშვილის №42-ის მაცხოვრებლებს იმედი  სახლთან მომუშავე ინჟინერებმა გაუჩინეს. მშენებლების განცხადებით, ისინი შენობისათვის საძირკვლის გამაგრებას აპირებდნენ. თუმცა ერთი ფრაგმენტის დასრულების შემდეგ, საინჟინრო ფირმას დაფინანსება, ხოლო თაბუკაშვილის № 42-ის მაცხოვრებლებს ნორმალური ცხოვრების იმედი გაუქრათ. რამდენიმე თვის მანძილზე სამშენებლო ფირმა საძირკველის გამაგრებას საკუთარი სახსრებით აგრძელებდა, თუმცა ახლა ინჟინერები მაცხოვრებლებთან ერთად 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას ელოდებიან. 

თაბუკაშვილის მაცხოვრებლების შეშფოთებამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც მერიის გადაწყვეტილებით ქუჩა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობისათვის ორმხრივად გაიხსნა. რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შედეგად, ავარიული სახლების გასწვრივ სამარშრუტო ტაქსების 84-მა ნომერმა დაიწყო მოძრაობა. მაცხოვრებლები აღშფოთებით აღნიშნავდნენ, რომ გადატვირთული მოძრაობა მათ ავარიულ სახლებს საცხოვრებლად კიდევ უფრო სახიფათოს ხდიდა. სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თაბუკაშვილის მაცხოვრებლებმა ქუჩა  გადაკეტეს. ამჯერად, ამ მიმართულებით სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ 6-8 ნომერი მოძრაობს.

მიუხედავად ამისა, მაცხოვრებლებს თითქმის არაფრის იმედი აღარ დარჩათ. სანამ ერთი ნაწილი ამ პრობლემას ფლეგმატურად აღიქვამს, მეორე ჯგუფს სწამს, რომ თბილისის კეთილმოწყობის სამსახური შენობის ბუნებრივი ნგრევის პროცესის დაწყებას ელოდება, რათა მაცხოვრებელთათვის კომპენსაციების გაცემას თავი აარიდოს. თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიაა და საბოლოო პასუხი არავის აქვს.  მაშინ, როდესაც ზოგიერთი მაცხოვრებელი უძველესი შენობის გადარჩენისათვის ფანატიკურად იბრძვის, ბევრს ეს საკითხი უკვე უიმედოდ ეჩვენება. ზოგიერთი მოქალაქის ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ მხოლოდ ერთი მიზეზით შეიძლება აიხსნას - ხალხს მორიგი იმედგაცრუების ეშინია.

ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ისტორიული თაბუკაშვილის № 42-ის, მისი მაცხოვრებელის და სხვა მსგავს სიტუაციაში მყოფი მოქალაქეების ბედი მთლიანად მუნიციპალურ ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

„იმის მაგივრად, რომ მოსახლეობას ცხოვრების ელემენტარული პირობები შეუქმნან, რუსთაველზე ახალ ასფალტს აგებენ! რუსთაველის ასფალტს საგანგაშო არაფერი სჭირდა! ჩვენ კი ყოველ წუთას სახლის დანგრევის საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - ცრემლებს ვეღარ იკავებს ავარიული შენობის ერთ ერთი მაცხოვრებელი.

თბილისის მერია ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს.

ნიკოლაი პუშკარიოვი

ახალი ამბები