კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ვალდებულებებზე უარს ამბობს

21 დეკემბერი, 2005

სახელმწიფო მოსახლეობის შრომისა და დასაქმების ვალდებულებებზე უარს ამბობს

ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციას  შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 15 თანამშრომელის თანამდებობა შეეწირა. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები კანონპროექტის მოსალოდნელ ცვლილებებს აკრიტიკებდნენ, რომელიც სოციალური დაცვის დასაქმების სახელმწიფო სამსახურის გაუქმებას, უმუშევართა შემწეობებისა და უმუშევართა ხელშეწყობის ყველა ღონისძიების შეწყვეტას, დასაქმების პროგრამებისა  და შრომის ინსპექციის გაუქმებას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ მინისტრს წერილით მიმართეს, სადაც ახლადშექმნილი შრომის კოდექსის და კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტისადმი საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ.

აღნიშნული ცვლილებების მიღება  გამოიწვევს “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის” გაუქმებას, რომლის საქმიანობაც ფაქტობრივად სიღატაკის დაძლევის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების რეალიზაციით არის შემოფარგლული; უმუშევართა შემწეობებისა და უმუშევართა ხელშეწყობის ყველა ღონისძიების შეწყვეტას; უმუშევართა სოციალური დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების გაუქმებას; შრომის ინსპექციის გაუქმებას, რომლის დანიშნულებაა ქვეყანაში შრომის კანონმდებლობის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი.

დეპარტამენტის თანამშრომლების განცხადებით, საქართველოში სიღარიბის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი უმუშევრობაა და აუცილებელია დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის შემუშავება.

სამინისტროში დაბრუნების შემდეგ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დისციპლინარული გადაცდომის მოტივით თანამდებობა ოთხივე თანამშრომელს დაატოვებინეს. ისინი სამინისტროს პოლიტიკის კრიტიკისათვის დაისაჯნენ.

"ეს არის ყოვლად გაუმართლებელი ფაქტი, მათ  კანონმდებლობის ყოველგვარი მოთხოვნის უგულვებელყოფით დასაჯეს ის თანამშრომლები რომლებმაც თავიანთი მოსაზრება გაავრცელეს კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ფაქტით ილახება საჯარო მოსამსახურის უფლება, ეს არის ერთ დღეში დაწერილი ბრძანება პრესკონფერენციზე რეაგირების სახით რაც გაუქმებას ექვემდებარება და სასამართლო აღადგენს ამ ხალხს",- აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი გიგა გიორგაძე.

შრომისა და დასაქმების დეპარტამენტში სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსგამოვლილი თანამშრომლები მუშაობენ. კანონმდებლობის თანახმად, ისინი 3-4 წლის განმავლობაში არ ექვემდებარებიან ატესტაციას, მიუხედავად ამისა, 29 ნოემბრიდან ისინი ისევ გააფრთხილეს მოსალოდნელი შემცირების შესახებ. 

"ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამ სტრესული მდგომარეობის ფონზე ვმუშაობდით, 2 წლის განმავლობაში ყოველთვის გვაფრთხილებდნენ, რომ იქნება შემცირება ჩვენ მრავალჯერ დავწერეთ განცხადება, შემდეგ ჩატარდა კონკურსი და კონკურსის შემდეგაც იგივე პრობლემის წინაშე ვდგებით",- განაცხადა პრესკონფერენციაზე სოციალური ეკონომიკური ნორმატივების სამმართველოს უფროსმა თემურ ჩავლეიშვილმა. მოსალოდნელ ცვლილებებს ადამიანის უფლებათა ცენტრიც აკრიტიკებს. იურისტი გიგა გიორგაძის განცხადებით, "სახელმწიფოს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება მასობრივი უმუშევრობის ფონზე ხდება. ნაცვლად იმისა რომ გაძლიერდეს შრომისა და დასაქმების სამსახური, ხდება მისი როლის დაკნინება, რაც გვაფიქრებინებს რომ სახელმწიფო უარს აცხადებს დასაქმების ვალდებულების შესრულებაზე, ასევე იმ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 32-ე მუხლებით, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებით და სხვა მრავალი საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი აქვს."

კანონპროექტში ცვლილებების პროექტის ავტორი მინისტრის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილია. იგი დეპარტამენტის გაუქმებას არაეფექტური მუშაობით ხსნის, მისი განცხადებით "ეს იყო ბიუროკრატიული გადმონაშთი და ხდებოდა კადრების ხელოვნურად გაბერვა."

დასაქმების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ციური ანთიძე აცხადებს, რომ "სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იქეთკენ რომ გაუქმდეს მუშა სტრუქტურა რომელიც პოლიტიკას იმუშავებს დასაქმების სფეროში. ის რომ ეს სფერო აქამდეც არაეფექტურად მუშაობდა არა სპეციალისტების, არამედ სამინისტროს მიერ ამ სფეროს იგნორირებით არის გამოწვეული."

სწორედ ეს კრიტიკული კომენტარები გახდა მიზეზი იმისა, რომ დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურიდან დაეთხოვათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის პირდაპირი გამოხატულებაა. წინასწარი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან დათხოვა კი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის უხეში დარღვევაა. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და შესაბამისი სტრუქტურებისგან რეაგირებას მოითხოვს.

ანი ჩხაიძე

ახალი ამბები