კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იძულებითი ჩვენების გამო ფანჩულიძე დღესაც ციხეში ზის

26 დეკემბერი, 2005

იძულებითი ჩვენების გამო ფანჩულიძე დღესაც ციხეში ზის

17 წლის გოგა ფანჩულიძის მკვლელობისათვის ბრალდებული დათო ფანჩულიძე წელიწადზე მეტია დაკავებულია. მკვლელობა 2004 წლის 21 აპრილს  თერჯოლის რაიონში მოხდა. მას ბრალი ერთადერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს, რომელმაც პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის მეორე დღესვე თავი სახალხო დამცველს შეაფარა და განაცხადა, რომ ჩვენება ფიზიკური და მორალური ზეწოლის პირობებში მისცა და მკვლელობის ფაქტს არ შესწრებია: “მაიძულეს, მირტყეს პოლიციაში, იტყვი იმას, რომ დათომ მოკლა გოგა - დანა დაარტყა გულში და გაიქცაო, სინამდვილეში მე ქორწილიდან ადრე წამოვედი, საერთოდ არაფერი მინახავს”,- ამბობს მოწმე შოთა მეფარიძე.

იმ ფაქტს, რომ მოწმეზე ფიზიკური ზეწოლა მოხდა, ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, მას სხეულზე სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. 

შოთა მეფარიძის  ჩვენების შემდეგ ფანჩულიძე, რომელიც მანამდე მოწმის სტატუსით ფიგურირებდა საქმეში, ეჭვმიტანილი გახდა. იგი იმავე საღამოს დააკავეს.

ბრალდებულის დედა იხსენებს, რომ დათომ მესამე დღეს, როცა უკვე მისთვის ბრალი უნდა წაეყენებიათ ღამის 4 საათზე დარეკა. “ერთ ერთ პოლიციელს მიუცია ტელეფონი, გკლავენ მგონი და იქნებ ოჯახში დარეკოო. დამირეკა და მითხრა დედა ცუდად ვარ, იქნებ ადვოკატი მომაშველოო”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ქბ-ნი იზო ფანჩულიძე.

ადვოკატმა მეორე დღესვე ბრალდებულის სამედიცინო შემოწმება მოითხოვა, რაზეც გამოძიებამ უარი უთხრა. სახალხო დამცველის ოფისის ჩართვის შემდეგ, ექსპერტიზა ჩატარდა, რის მიხედვითაც, დაკავებულს მძიმე ფიზიკური ზეწოლის კვალი აღმოაჩნდა. ყველაფერთან ერთად, თავის ტვინის დაზიანების გამო მას ეპილეფსია განუვითარდა. დაკავებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მიუხედავად დიდი ფიზიკური ზეწოლისა, აღიარებითი ჩვენება პოლიციამ მისგან მაინც ვერ მიიღო.

ადვოკატი დალი სულაქველიძე გამოძიების სხვა ხარვეზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სამართალდამცავები მიზანმიმართულად ერთ ვერსიაზე მუშაობდნენ, რომლის თანახმადაც, დავით ფანჩულიძემ გოგა ფანჩულიძე პირადი უთანხმოების გამო გულში დაჭრა. ადვოკატის თქმით, გამოძიებამ მნიშვნელოვან გარემოებებზე თვალი გამიზნულად დახუჭა და ნამდვილი მკვლელის გამოვლენა არც უცდია. “ქორწილში 5-ჯერ მოხდა ჩხუბი, არც ერთი მოჩხუბარი პოლიციას არ დაუკითხია, გამოძიება არ დაინტერესებულა იმ მომენტით, თუ რა მოხდა ჩხუბის დროს. გიგა ფანჩულიძემ, როგორც მისი ნათესავი აცხადებს, გარდაცვალებამდე აღნიშნა, რომ გაზავების მომენტში დაიჭრა”.

სამართალდამცავების მხრიდან ამ საკითხზე კომენტარის მიღება შეუძლებელი გახდა. თერჯოლის რაიონის პოლიციის უფროსი თემურ ისაკაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მას რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტის დაფარვას ედავებიან. თანამდებობიდანაა გათავისუფლებული გამომძიებელი მამუკა ხითარიშვილიც. სამხარეო პროკურატურა კი რომლის ფუნქციებშიც ამ საქმის ზედამხედველობა შედის კომენტარზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ის პირნი ვინც დავით ფანცულიის საქმის გამოძიებაში მონაწილეობას ღებულობდა თანამდებობებზე აღარ არიან, დავით ფანცულიძე კი საბყრობილეში ჯანმრთელობაშერყეული ძლიერმოქმედი წამლებით მკურნალობს და სიმართლის დადგენას ახლა სასამართლოსგან ელის.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები