კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ოსებს საქართველოს პასპორტებს არ აძლევენ

12 იანვარი, 2006

გორში ოსებს საქართველოს პასპორტებს არ აძლევენ

გორის სასამართლოში ოსი ეროვნების იმ მოქალაქეების განცხადებები მომრავლდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტების გაცემის კატეგორიულ მოთხოვნას ითვალისწინებს. ერთ-ერთი ასეთი თხოვნა მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილმა დააკმაყოფილა, რის გამოც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლის მიმართ აღძრა დისციპლინარული დევნა. გორის მოსამართლეები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან. თანამდებობიდან გათავისუფლების შიშით, ცხინვალის სამშობიაროში დაბადებულ როგორც ქართველ, ასევე ოსი ეროვნების წარმომადგენლებს არ აძლევენ საქართველოს სიმბოლოებიან როგორც დაბადების მოწმობას, ასევე პასპორტებს. როგორც ირკვევა, არ არსებობს ისეთი სამართლებრივი აქტი, რომელიც დაარეგულირებს ასეთ შემთხვევებს.

პატარა ლიახვის ხეობის სოფელ არგვიცში 2002 წელს დაბადებული მინდიაშვილი 4  წლის ისე ხდება, რომ  საქართველოს მთავრობა მას არც დაბადების მოწმობას აძლევს და, რა საკვირველია, არც მოქალაქეობას. მინდიაშვილი ცხინვალის სამშობიარო საავადმყოფოშია დაბადებული და მხოლოდ ოსების მიერ გაცემული დაბადების მოწმობა უჭირავს ხელში. ქართულ ე.წ. „მმაჩის ბიუროში“ (ახლა უკვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო) ცხინვალის მიერ გაცემულ დოკუმენტებს არ ღებულობენ.

ცხინვალში დაბადებულ ზაურ ჯოჯიშვილს ცხინვალის ადმინისტრაციულმა ორგანომ 2005 წლის 31 მაისს მისცა წერილობითი დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, რომ იგი ეროვნებით ქართველია და ცხინვალშია დაბადებული. მან ეს დოკუმენტი გორში ჩამოიტანა, თუმცა მის ასეთ დოკუმენტს არავინ მიაქცია ყურადღება და მას არც დაბადების მოწმობას აძლევენ და არც პასპორტს.

მანანა იველაშვილი: (ადვოკატი) – „უნდა გითხრათ, რომ ცხინვალში 1979 წელს დაბადებულ ზაურ ჯოჯიშვილს დიდი პრობლემები შეექმნა ქართული პასპორტის აღებაში. საპასპორტო განყოფილებაში ეუბნებიან, რომ უნდა ჰქონდეს დაბადების მოწმობა. დაბადების მოწმობას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში არ აძლევენ. იქ აცხადებენ, რომ მათ არავითარი უფლება აქვთ სხვა ადგილას დაბადებულ პიროვნებებზე დაბადების მოწმობა გასცეს. მით უმეტეს, რომ ზაურ ჯოჯიშვილს ხელში აქვს ცხინვალში აღებული დაბადების მოწმობა. ფაქტი ერთია, რომ ცხინვალში გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქ არავითარი ძალა არა აქვს. გორში არ ენდობიან იმ მონაცემებს, რომლებიც დაფიქსირებულია ცხინვალის მიერ გაცემულ დოკუმენტებზე. ზაურ ჯოჯიშვილს დიდი სურივილი აქვს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. მოსამართლე გიორგი მიროტაძე აცხადებს, რომ მას უფლება არა აქვს იდავოს იმ იურიდიულ დოკუმენტზე, რომლებსაც ჩვენ წარვადგენთ (ამ შემთხვევაში ცხინვალში დაბადებულ მოქალაქეებისთვის მიცემულ დაბადების და პირადობის მოწმობებზე). მოსამართლე ითხოვს სასამართლოსთვის სასარჩელო მოთხოვნით წარდგენას, რა დროსაც მოპასუხედ იუსტიციის სამინისტრო უნდა გამოვიდეს. ასეთი საქმეების განხილვა კი საკმაოდ დიდ დროს წაიღებს“.
როგორც გორის საპასპორტო სამსახურის უფროსი ზაზა მინდიაშვილი აცხადებს, ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრია. „ჩვენ იუსტიციის მინისტრისგან გვაქვს წერილობითი მომართვა, რომ ცხინვალის დეფაქტო მთავრობის მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი უგულვებელვყოთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ხელთ გვექნება მოსამართლის მიერ იურიდიულ აქტად აღიარებული ნებისმიერი საბუთი, მაშინ ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო სამსახურს აქვს უფლება გასცეს დაბადების მოწმობა, რის საფუძველზეც უფლებამოსილება გაგვაჩნია ჩვენც პირადობის მოწმობები გავცეთ.“

უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილის მიმართ სწორედ იმის გამო აღიძრა დისციპლინარული დევნა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს დაბადების მოწმობა მისცა, ხოლო დადგენილება დაუყოვნებლივ აღსრულებაში მისცა. იუსტიციის ყოფილი მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება კი იმის თაობაზე, რომ ოსი ეროვნების და საერთოდ კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი ნებისმიერი ადამიანი უპრობლემოდ აიღებდა დაბადების მოწმობას და პასპორტს, როგორც ჩანს, მხოლოდ პიარი იყო. სინამდვილეში, თუ ვინმე კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელ მოქალაქეს პასპორტს „უპრობლემოდ“ მისცემს, პირიქით მას შეუქმნიან პრობლემებს და ასეთ ქმედებას კანონის დარღვევად ჩაუთვლიან.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

 

ახალი ამბები