კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორგანიზაციები „სამშობლოს“ დასაცავად საპროტესტო აქციებს გეგმავენ

13 იანვარი, 2006

ორგანიზაციები „სამშობლოს“ დასაცავად საპროტესტო აქციებს გეგმავენ

ახალი წლის წინა დღეებში გამომცემლობა „სამშობლოში“ განთავსებულმა ორგანიზაციებმა სახელმწიფოსაგან საახალწლო საჩუქარი მიიღეს. მათ შეიტყვეს, რომ  ეკონომიკის სამინისტრო შენობას სასწრაფო წესით ყიდის და მისი საწყისი ფასი 20 მილიონი დოლარია.

გამომცემლობის შენობაში ძირითადად მასმედიის წარმომადგენლები არიან განთავსებული. 100-მდე ორგანიზაციისათვის ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. რამდენიმე კვირით ადრე მათ ქონების მართვის სააგენტოსგან საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე თანხმობა მიიღეს, შემდეგ კი იგივე დაწესებულებისგან განკარგულება შენობის დატოვების შესახებ. „მეხის გავარდნასავით იყო ჩვენთვის სახელმწიფოს გადაწყვეტილება შენობის გაყიდვის შესახებ. საახალწლოდ ყველანი შოკირებულნი ვიყავით“, - ამბობს გამომცემლობა სამშობლოს დირექტორი ზაზა კახაძე. მათ ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით შეიტყვეს. შენობის შესაძლო გაყიდვის შესახებ გამომცემლობის ხელმძღვანელობას პირადად არავინ დალაპარაკებია.

სახელმწიფო მინისტრს კახა ბენდუქიძესა და ეკონომიკის მინისტრ ირაკლი ჩოგოვაძესთან გაგზავნილ  წერილზე გამომცემლობამ პასუხად მიიღო, რომ შეხვედრას აზრი არ ქონდა და რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
შენობა გამომცემლობა „სამშობლოს“  ბალანსზე ირიცხება, იგი მთლიანად სახელმწიფოს კუთვნილებაშია. აუქციონზე მისი გატანა 3 მარტს იგეგმება.

გამომცემლობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ლეილა დუნდუას განცხადებით, არავითარი საუბარი სახელმწიფოს მხრიდან იმის შესახებ, რომ ისინი შენობით უზრუნველეყო არ ყოფილა. სახელმწიფო პასუხისმგებლობას იხსნის ორგანიზაციისათვის ალტერნატიული შენობის შეთავაზების შესახებ.

შენობაში ათეული წლობით არსებული ორგანიზაციები სამინისტროს პოზიციას აპროტესტებენ. ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, მომავალი კვირიდან საპროტესტო აქციები იგეგმება. „გაურკვეველია საიდან მოიტანეს ეს თანხა. 20 მილიონი დოლარი არარეალური თანხაა ამ შენობისათვის. ჩვენ ვიძიებთ ყველა შესაძლო ვარიანტს ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული ამ შენობით. მოვაწყობთ მსვლელობას, არ გავა აქედან ხალხი. მე პირადად, როგორც ერთი მოქალაქე არ შევეგუები უსამართლობას“, - ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.

გამომცემლობა „სამშობლოს“ დირექტორის ზაზა კახაძის თქმით, შენობიდან ორგანიზაციების გასვლას სულ მცირე 3 თვე დასჭირდება, იგივე აზრზეა ტელეკომპანია „Мир“- ის საქართველოს წარმომადგენელი ბადრი ნაჭყებია „ქალაქის ხელისუფლებამ უნდა შემოგვთავაზოს შენობა იდენტური ფართით, თუმცა ჩვენი გადასვლა ძალიან მტკივნეული პროცესი იქნება. გამომცემლობაში არის ფოტოლაბორატორიები, კომუნიკაციური დანადგარები, რომელთა გადატანა სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული“, - ამბობს იგი.

ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. სამინისტრო დათმობაზე წასვლას არ აპირებს. შენობაში მყოფნი კი აქციებით იმუქრებიან და შენობის დატოვების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები