კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის ხელისუფლება სტუდენტური კავშირის ხელმძღვანელზე ზეწოლას ახდენს?

16 იანვარი, 2006

თელავის ხელისუფლება სტუდენტური კავშირის ხელმძღვანელზე ზეწოლას ახდენს?


“თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს”,- ასეთ განცხადებას ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები აკეთებენ. მათი თქმით, თელავის ხელისუფლებისა და ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობისგან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდკავშირის ხელმძღვანელზე ზეწოლა ხორციელდება და თუ ეს არ შეწყდება, ახალგაზრდობა პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვა.

თელავის უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. ისინი კი, რომელთაც კომენტარის გაკეთების გამბედაობა გააჩნიათ, საკუთარი ვინაობის დასახელებას გაურბიან და მიზეზად შემდეგს ასახელებენ: “გვარი და სახელი რომ გითხრათ, ზუსტად ვიცი, რომ პრობლემები უნივერსიტეტშიც შემექმნება და მის გარეთაც. არ მინდა მუდმივად თავდასხმის მოლოდინში ვიყო...”

ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს და არც გვარ-სახელს მალავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირინა ჯანდიერი. მისი თქმით, იგი მოქმედებს არსებული კანონის და სტუდენტური კავშირის წესდების სრული დაცვით: „სტუდენტური კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციაა და ხელისუფლებას და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს უფლება არა აქვთ მის მუშაობაში ჩაერიონ. მას შემდეგ, რაც სტუდკავშირი ჩავიბარე, ჩემზე მუდმივად ხორციელდება ზეწოლები ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნაციონალების მხრიდან. ნაციონალებს და ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, რომ სტუდკავშირი ნაციონალებით დაკომპლექტდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტური კავშირი პოლიტიზირებული გახდება. მე ვთვლი და სტუდენტების დიდი ნაწილიც მეთანხმება, რომ ჩვენ უნივერსიტეტში სასწავლებლად ვართ და არა პარტიული და პოლიტიკური საქმიანობისთვის“,- აღნიშნავს ირინა ჯანდიერი

„ჩვენ არ გვინდა პოლიტიზირებული სტუდენტური კავშირი. ადგილობრივი ხელისუფლება და ნაციონალები კი სტუდენტების გადაბირებას ხან დაპირებებით ცდილობენ, ხან-შანტაჟით“,- აცხადებს თელავის უნივერსიტეტის სტუდენტი ანა სოლომნიშვილი.

„სტუდენტური კავშირის თავმჯდომარეობა ჩემთვის პრივილეგია არ არის, ეს პასუხისმგებლობაა. განცხადებას კი იმიტომ არ დავწერ, რომ არ მინდა სტუდკავშირი კომკავშირი გახდეს ან ნაცმოძრაობის ახალგაზრდული კავშირი იყოს. ხელისუფლებას და ნაციონალებს ჰყავთ თავის „ფავორიტები“, ვისაც უნდათ, რომ სტუდკავშირი ჩააბარონ. ყველამ კარგად იცის ახალგაზრდობის ძალა და ფიქრობენ, რომ „ნაციონალურ იდეოლოგიას“ თუ დანერგავენ, ახალგაზრდობას თუ გააკონტროლებენ, სტუდენტებს თუ გადაიბირებენ, უფრო მყარად ისხდებიან სკამებზე“,- ამბობს ირინა ჯანდიერი.

უნივერსიტეტის სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის პოლიტიზირებული სტუდენტური კავშირი კატეგორიულად მიუღებელია. მათი განცხადებით, „საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლებაც და ნაციონალებიც დარწმუნდებიან რა ძალა აქვს ახალგაზრდობას!...” 


ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები