კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტრაბანდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

17 იანვარი, 2006

კონტრაბანდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე

გასული წლის ნოემბერში ლაგოდეხის რაიონში, პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის ძმის, ბესარიონ ვერულაშვილის მიერ აზერბაიჯანიდან საბაჟო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით შემოტანილი 6 ტონამდე დიზელის საწვავი დააკავეს. კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსის დავით გელაძის ინფორმაციით, დაკავებული ზილის მარკის ავტომანქანა “LLK-786” ლაგოდეხის რაიონის პოლიციის ეზოშია გაჩერებული, თუმცა სამართალდამცავთა მტკიცებით, ორ ტონამდე საწვავი მანქანიდან ისე დაიღვარა, რომ ვერაფერი გაიგეს.
 
აზერბაიჯანიდან უპრობლემოდ ან საბაჟო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით დიდი ოდენობით საწვავი რომ კახელ მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს შემოაქვთ, ამას ლაგოდეხში აღარავინ მალავს. უფრო მეტიც, მოსახლეობის თქმით, მათ ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გააჩნიათ. “ბაისუბნის (ლაგოდეხის რაიონი)  უღელტეხილზე საწვავით დატვირთული დიდი ცისტერნა გადაბრუნდა, რომელიც კახეთის გუბერნატორს პეტრე ცისკარიშვილს ეკუთვნოდა. დაღვრილ დიზელის საწვავს სასწრაფოდ ქვიშა გადააყარეს, ხალხს რომ არ დაენახა. ამის შესახებ პოლიციელებმაც გაიგეს, მაგრამ რა?.. აზერბაიჯანიდან საწვავის შემოტანა მხოლოდ გლეხი ხალხისთვის აიკრძალა, თორემ თანამდებობის პირებს მშვენიერი ბიზნესი აქვთ“,- ამბობს ბაისუბნის მაცხოვრებელი გ. ხუციშვილი.

ბესარიონ ვერულაშვილის კონტრაბანდული საწვავის დაკავებასთან დაკავშირებით, კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსს დავით გელაძეს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და გვითხრა, დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის უფროსისთვის, რუსუდან დონაძისთვის მიგვემართა. „ეს ფაქტი ჩემთვის უცნობია, გელაძემ როგორ დაგიდასტურათ, როცა არ მომხდარა?! ინფორმაციას არ ვფლობ“,- განაცხადა დონაძემ და ტელეფონი გათიშა.
 
საწვავით დატვირთული მანქანა, რომელიც ვინმე გურამ საროვს ეკუთვნის, ფინანსურმა პოლიციამ დალუქა და ლაგოდეხის პოლიციის ეზოში გააჩერა. მომხდარზე შესაბამისი ოქმიც შედგა, რაც რეაგირებისათვის ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა. როგორც ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში განგვიცხადეს, სამართალდარღვევა მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა განიხილა და საქმე აღსრულებისთვის აღმასრულებელს გადაუგზავნა. არსებული ინფორმაციით, სასამართლომ ბესარიონ ვერულაშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა დააკისრა და ზილის მარკის მანქანის მეპატრონისათვის–დაბრუნება მოითხოვა. ლაგოდეხის სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება ფინანსურმა პოლიციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
 
„სააღსრულებლო ფურცელი, რომლითაც ბესარიონ ვერულაშვილისთვის ჩამორთმეული საწვავის დაყადაღება დამევალა, ლაგოდეხის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ გადმომცა. ჩემს მიერ დაყადაღებულ იქნა 4010 ლიტრი საწვავი, ნაცვლად 5727 ლიტრისა. როგორც მითხრეს, მანქანის ავზი მწყობრიდან გამოსული ყოფილა და 1717 ლიტრი საწვავი ლაგოდეხის პოლიციის ეზოში დაღვრილა. ამაზე ოქმი ფინანსურ პოლიციასაც შეუდგენია. სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსურმა პოლიციამ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ჯერ-ჯერობით გასარკვევია, მაგრამ თუ სააპელაციომაც ძალაში დატოვა ლაგოდეხის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ ბესარიონ ვერულაშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა მოუწევს, რის შემდეგაც შეძლებს გურამ საროვი კუთვნილი მანქანის დაბრუნებას“,- განაცხადა კახეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებელმა ლაგოდეხის რაიონში მამუკა ბეგიაშვილმა.
 
გადაიხდის თუ არა ბესარიონ ვერულაშვილი 30 000 ლარიან ჯარიმას, ჯერ-ჯერობით უცნობია. მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ საკითხზე კომენტარისათვის მარიკა ვერულაშვილსაც დავუკავშირდით, თუმცა მის ნაცვლად ტელეფონზე სხვამ გვიპასუხა და გვითხრა, რომ მარიკა ვერულაშვილი საქართველოში არ იმყოფება.
 


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

 

ახალი ამბები