კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პანკისის მოსახლეობა სახალხო დამცველის წინააღმდეგ

18 იანვარი, 2006

პანკისის მოსახლეობა სახალხო დამცველის წინააღმდეგ

პანკისის ხეობაში მცხოვრები ქართველები და ჩეჩნები, საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარსა და მის აპარატს ადამიანის უფლებების დაცვისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ბრალდებებით განსაკუთრებით ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები გამოირჩევიან, რომელნიც, გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს ხანში საპროტესტო აქციას გამართავენ.
 
ომბუდსმენის მიმართ უკმაყოფილებას პანკისის მოსახლეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გამოთქვამს, რაც სახალხო დამცველს კახეთში წარმომადგენელი აღარ ჰყავს. ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები ჯემალ ხანგოშვილი ამბობს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ხეობაში არსებულ მდგომარეობას მონიტორინგს არავინ უწევს. „სახალხო დამცველი პირველ რიგში მთავრობის ინტერესებს იცავს და მერე ხალხის უფლებებს, მაგრამ ჩვენ მაინც არავის ვახსოვართ. ადრე, ომბუდსმენის რეგიონული რწმუნებული კვირაში რამდენჯერმე მაინც გვაკითხავდა, ლტოლვილებს ეხმარებოდა სადაო საკითხების გარკვევაში, მათ უფლებებს კარგად თუ ცუდად მაინც იცავდა, დღეს კი ხეობაში ან რუსეთის წარმომადგენლები უნდა ჩამოვიდნენ, ან „სპეცნაზი“ ვინმეს დასაწიოკებლად, ან კიდევ ჟურნალისტები“,- გვითხრეს პანკისის ხეობაში.
 
ომბუდსმენის მისამართით ყველაზე კრიტიკულები ჩეჩენი ლტოლვილები არიან. „სახალხო დამცველის ოფისს დავუკავშირდით და ვთხოვეთ კიდეც, რომ ჩვენთვის ყურადღება მოექციათ, მით უმეტეს ახლა, როდესაც ჰუმანიტარული ორგანიზაცია „იმედის“ დირექტორი მაგომედ მახაევი დააკავეს, მაგრამ აინუნშიც არ ჩააგდეს ჩვენი თხოვნა. სხვა შემთხვევაში აქ ვინმე მაინც ჩამოვიდოდა. ცოცხლები ვართ, თუ მკვდრები არავის აინტერესებს. თუ ასე გაგრძელდა, აქციების მოწყობის გარდა სხვა გზა არ გვაქვს“,- აღნიშნეს ლტოლვილებმა და ჩვენთან საუბარში ისიც დასძინეს, რომ „სუბარის გამოსაფხიზლებლად თბილისში ჩასვლასაც გეგმავენ“.

როგორც ლტოლვილები აღნიშნავენ, კვლავ აქტუალურია ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემები და აქედან გამომდინარე ჰუმანიტარული დახმარების მიღება, რომელიც მათი თქმით, პანკისში ისედაც ნაკლები  ჩამოდის და ადგილზეც ხშირ შემთხვევაში დარღვევებით ნაწილდება. გარდა ამისა, ლტოლვილები ამბობენ, რომ არცერთ ოფიციალურ უწყებაში მათ ნორმალურ პასუხს არ სცემენ და არავინ ინტერესდება მათი უფლებების დაცვით.  

ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას სამართლიანს უწოდებენ სოფელ დუისის საკრებულოში. „აქ მცხოვრები ხალხის უფლებები არავის ადარდებს, რის გამოც ქართველებიც და ჩეჩნებიც პროტესტს გამოთქვამენ და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, უკმაყოფილების ღიად გამოხატვასაც გეგმავენ“,- ამბობს საკრებულოს წევრი ჯარაფ ხანგოშვილი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის კახეთის ოფისის დახურვის მიზეზი, შესაბამისი პროექტის დასრულება გახდა. „კახეთის რეგიონული ოფისი დაიხურა იმ პროექტის დასრულების შემდეგ, რომლის ფარგლებშიც რეგიონული რწმუნებული მუშაობდა და რომლითაც ფინანსდებოდა. აპარატს ოფისის შენახვის ფინანსური ხარჯები არ გააჩნია. რაც შეეხება უშუალოდ ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის პროტესტს, გეტყვით, რომ მათ ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება ჩვენთან დაკონტაქტებისა და საკუთარი პრობლემების გაცნობისა, რის შემდეგაც ჩვენი წარმომადგენელი სათანადო რეაგირებას მოახდენს“,- აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თეონა გოგოლაშვილმა. მისივე თქმით, სოზარ სუბარი პანკისელი მოსახლეობის ამ მოთხოვნების თაობაზე ინფორმირებული საერთოდ არ არის.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები