კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველ სამართალდამცავთა “წარმატებული” სპეცოპერაცია - ორი მოკლული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი

24 იანვარი, 2006

 ქართველ სამართალდამცავთა “წარმატებული” სპეცოპერაცია -  ორი მოკლული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი

პანკისის ხეობის სოფელ დუისში გუმაშვილების ნასახლარის დანახვისას ემოციას თითქმის ვერავინ მალავს. იქ, იმ ჩამონგრეულ და გადამწვარ შენობაში რამდენიმე თვის წინ, ქართველ სამართალდამცავთა მიერ განხორციელებულ „წარმატებულ“ სპეცოპერაციამდე, ოჯახი ცხოვრობდა...

დანგრეული სახლის გვერდით პატარა სარაიაა. სარაიაში ნესტის სუნი დგას და წვიმიან ამინდში იქ შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთ. დღეს მოხუცი ნინა გუმაშვილი შვილთან და შვილიშვილებთან ერთად სწორედ ამ სარაიაში ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ კი ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო...
 
3 ივლისს, დილით ორასამდე შეიარაღებული და ნიღბიანი სპეცრაზმელის დანახვამ ნინა გუმაშვილი ძალიან დააბნია. მათი ვიზიტის მიზეზის გარკვევაც ვერ მოახერხა, რომ სროლის ხმა გაისმა და მალე მთელი სოფელი დენთის სუნში გაეხვია. იყო პანიკა, ყვირილი, ბავშვების და ქალების ტირილი, კაცების გინება... ნინა გუმაშვილმა მოგვიანებით გაიგო, რომ შეიარაღებული სპეცრაზმელების “სტუმრობა” მის შვილს, ავთო გუმაშვილს უკავშირდებოდა...
 
2005 წლის 3 ივლისს დუისში ჩატარებულმა გახმაურებულმა სისხლიანმა სპეცოპერაციამ მთელი საქართველო აალაპარაკა.

საქმე იმაშია, რომ 10 წლის წინ ოთარ მარგოშვილმა ნინა გუმაშვილის რძალი, ავთო გუმაშვილის მეუღლე გააუპატიურა. ოჯახი დაინგრა. ავთოს მეუღლე შვილებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში წავიდა. პანკისის ხეობა ოთარ მარგოშვილმაც დატოვა. ხეობაში არსებული წესით ავთო გუმაშვილს სისხლი უნდა აეღო. იმ დღიდან გუმაშვილმა მარგოშვილის ძებნა დაიწყო. წლების შემდეგ იპოვა, თუმცა მისი შვილების დანახვისას სიმტკიცემ უღალატა და ოჯახის შემარცხვენელი მხოლოდ ფეხში დაჭრა. მარგოშვილმა პოლიციას მიაკითხა და იმ დღიდან ავთო გუმაშვილზე ძებნა გამოცხადდა.

დანაშაულში ეჭვმიტანილმა ავთო გუმაშვილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. კბილებამდე შეიარაღებულმა ორასმა სპეცრაზმელმა საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელი ლამის “ჩიკაგოდ” აქცია და ავთო გუმაშვილი საკუთარ სახლში ჯერ ჩაცხრილა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და ავთო მისსავე ბიძაშვილ, უდანაშაულო ვახო გუმაშვილთან ერთად სახლში ამოწვა. სპეცოპერაციის “წარმატებით“ დასრულების შემდეგ ავთოს დედას სახლის ნანგრევებიდან ამოკრეფილი ავთოს ძვლები ვედროთი მიუტანეს და წავიდნენ... მოხუც დედას ახლა უკვე აღარც შვილი ჰყავდა და აღარც სახლი ჰქონდა, სადაც შვილს დაიტირებდა...
  
რაში დასჭირდათ ძალოვანებს მთელი საქართველოს არსენალის გამოყენება ერთი ან თუნდაც ორი ადამიანის ასაყვანად, ეს ცალკე თემაა. მთავარი კი ის არის, რომ ასეთმა სისასტიკემ გულგრილი თითქმის არავინ დატოვა, ის დუისელები კი, რომელთაც ძალოვანების მიმართ პროტესტი ქვების სროლით და გინებით გამოხატეს, პოლიციამ დააპატიმრა... საპყრობილეში ექვსი ადამიანი ჩასვეს, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

მაშინ ხეობაში სიტუაციის დაძაბვას პროგნოზირებდნენ, თუმცა პროგნოზები არ გამართლდა. პანკისის ხეობაში დღეისათვის სიტუაცია სტაბილურია და 3 ივლისის სპეცოპერაციაც აღარავის ახსოვს. არ ავიწყდებათ მხოლოდ გუმაშვილებს და კიდევ დუისელებს, რომლებიც გუმაშვილების დანგრეულ და გადამწვარ სახლს თითქმის ყოველდღე ხედავენ.
 
დუისში ერთი ადამიანიც ვერ აღმოვაჩინეთ, რომელიც მოკლულ ავთო გუმაშვილს კრიმინალად და ბოტროტმომქმედად მოიხსენიებს. მეზობლებიც და თანასოფლელებიც მას სინანულისა და ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ, თუმცა ყველაზე მეტად გუმაშვილების ოჯახის დარჩენილ წევრებზე ამახვილებენ ყურადღებას და მაქსიმალურად ცდილობენ უსახლკაროდ დარჩენილებს დახმარება გაუწიონ.

“ადამიანი დაცხრილეს, ისეთი სროლები ატეხეს, რომ დიდი და პატარა შიშისგან ვკანკალებდით. ავთო ჯერ მოკლეს და ამასაც არ დასჯერდნენ, სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ისე მოექცნენ, თითქოს კრიმინალი და ხალხის მტერი იყო. უბედურ დედამისს შვილის დატირების საშუალებაც არ მისცეს. ეს რა ქვეყანაა, ან ეს რა ხელისუფლებაა, თავის მოქალაქეებს სახლს უნგრევს და უწვავს...” - აცხადებს დუისის მცხოვრები თ. ქავთარაშვილი.
 
გუმაშვილების მეზობელი ქალბატონის განცხადებით კი: “დაგვანახეს, რომ ძალიან მაგრები ვართ, ყველას გეშინოდეთ ჩვენიო. ორი კილო ტყვიები ავკრიფეთ მეზობლებმა ეზოდან მაგ სპეცოპერაციის შემდეგ. როგორ შეიძლებოდა ასე მჭიდროდ დასახლებულ სოფელში ასეთი სროლების ატეხვა? სახლს ცეცხლი რომ წაუკიდეს, ხომ შეიძლებოდა სხვა სახლებზეც გადასულიყო ცეცხლი და სხვა სახლებიც დამწვარიყო. ძალიან ამაყობს ჩვენი ხელისუფლება ამ სპეცოპერაციით, იმაზე კი არავინ ფიქრობს, რომ ეს ხალხი ცის ქვეშ დარჩა...”
 
მოკლული ავთო გუმაშვილის დედის, ნინა გუმაშვილის განცხადებით, შს კახეთის სამმართველოს უფროსი, 2005 წლის “წლის პოლიციელი” - თემურ ანჯაფარიძე მათ ოჯახს დახმარებას დაჰპირდა. გუმაშვილების ოჯახის დახმარებაზე ანჯაფარიძე სოფ. დუისის გამგებელს, ჯარაფ ხანგოშვილსაც ესაუბრა.  ჯ. ხანგოშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: “ანჯაფარიძემ მითხრა, რომ გუმაშვილებს სახლისათვის საჭირო ხე-მასალით დავეხმარებიო...” მიუხედავად ამისა, თემურ ანჯაფარიძემ მოგვიანებით ჩვენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა: “მე არავის არაფერს დავპირებივარ, ტყუილია ყველაფერი. სახელმწიფო დამნაშავეებს და კრიმინალებს არ ეხმარება, სახელმწიფო მათ ებრძვის და სჯის.”
 
სამართალდამცავების მიერ “დამნაშავედ და კრიმინალად” „მონათლული“ ნინა გუმაშვილი კი მოკლულ შვილზე და დამწვარ-დანგრეულ სახლზე საუბარს ტირილის გამო ვეღარ აგრძელებს. ქალბატონი ნინას მეორე ვაჟი მალხაზ გუმაშვილი კი აცხადებს:
 
“ბევრჯერ ვითხოვეთ დახმარება, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ძმას მიკლავენ და თან სახლსაც მიწვავენ. რა უნდა ვქნათ? მიწაზე გვძინავს. მე შეიძლება გავუძლო ასეთ ცხოვრებას, მაგრამ ბავშვებს რა ვუყო არ ვიცი. მინდა პრეზიდენტამდე მივიდე, იქნებ იმან მაინც მოგვხედოს...”
 
გუმაშვილების და სხვა დუისელების წუხილის და ხელისუფლებისადმი საყვედურების მიუხედავად, ჩვენს “დემოკრატიულ ქვეყანაში” დღემდე ვერავინ მოიცალა ამ უფლებაშელახული ადამიანებისათვის, თუმცა პანკისელებს ამის ილუზია არც ადრე ჰქონიათ და დღეს – მითუმეტეს...

ვერიკო კობიაშვილი პანკისიდან

ახალი ამბები