კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა შიმშილობას იწყებს

25 იანვარი, 2006

უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა შიმშილობას იწყებს

ქ. გურჯაანში თავისუფლების ქ. № 26-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 12 ოჯახი, მიუხედავად რაიონის გამგებლისა და კახეთის გუბერნატორის დაპირებებისა, დღემდე უსახლ-კაროდ არის დარჩენილი და კურორტ „ახტალის“ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. ერთი წლის მანძილზე საშინელი პირობებით შეწუხებული ადამიანები, ადგილობრივ ხელისუფლებას, სახლის სარეაბილიტაციოდ საქველმოქმედო შემოწირულობების გაფლანგვაში, გამოძიებას კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ და შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.
 
ნონა ბაზერაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც 2004 წლის 9 აგვისტოს შემდეგ „ახტალის“ საერთო საცხოვრებლის ერთ პატარა ოთახში, მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. „აქ ყოვლად აუტანელი პირობებია. იმდენად მძიმე მდგომარეობა, ნესტი და უჰაერობაა საცხოვრებელ ოთახში, რომელიც სულ 9 კვ.მ-ია, რომ ბავშვებს სუნთქვა უჭირთ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს და რა ვქნათ,“-ამბობს ნონა ბაზერაშვილი.
 
ვერა ტერტეშნიკოვა, რომელსაც ხანძრის შედეგად არაფერი დარჩა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სახლის მთლიანად დაწვა ენერგოდისტრიბუციის ხელმძღვანელობის უყურადღებობამ და მეხანძრეთა არაკვალიფიციურობამ გამოიწვია. „ცეცხლი მაღალმა ძაბვამ გამოიწვია. ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე ენერგოდისტრიბუციის ხელმძღვანელობას მივმართეთ და ვუთხარით, რომ ძალიან სუსტი შუქი გვქონდა და ეზრუნათ, რადგან ტელევიზორსაც ვერ ვრთავდით. ძაბვა გააძლიერეს, მაგრამ ზომაზე მეტად, რაზედაც ხანძრამდე სამი დღით ადრე, პარასკევს კვლავ მივმართეთ კომპეტენტურ პირებს, თუმცა ჩვენი თხოვნა არ შეისმინეს. ყურადღება არავინ მოგვაქცია, ორშაბათს კი სახლს პირველ სართულზე მცხოვრები ჯადუგიშვილების ოთახიდან ხანძარი გაუჩნდა და მეხანძრეთა უსუსურობის გამო მთლიანად დაიწვა“.

სახანძრო ორი საათის დაგვიანებით, მცირე ოდენობის წყლით მოვიდა. გაუმართავი მოწყობილობებით ხანძრის ჩაქობა ვერ მოხერხდა. ადგილობრივი ხელისუფლება (გამგებლის მ/შ აკაკი სიხარულიძე, რომელიც რაიონში ერთი დღის მოსული იყო) გუბერნატორ პეტრე ცისკარიშვილთან ერთად დაპირებებს უხვად აფრქვევდა.

„ტანსაცმელი სულ დაგვეწვა. გამგეობას მივმართეთ დასახმარებლად და გვითხრეს ფული არ გვაქვს. წადით, ნისიად აიღეთ ბაზარზე და მერე მოგცემთო. წავედით და ტანსაცმელი ნისიად ავიღეთ. მხოლოდ ერთხელ 100 ლარი „გადმოგვიგდეს“. ერთი სიტყვით, მათხოვრებად გვაქციეს. 80 ათას ლარამდე კი, რომელიც სახლის აღსადგენად შეგროვდა საქველმოქმედო შენატანებით, უკვალოდ გაქრა. ამბობენ, სულ გაიხარჯაო, მაგრამ ტყუილია. ჩვენ გვყავდა აქ პროფესიონალი მშენებელი, რომელმაც გვითხრა, ბეტონის ჩასხმას და ნაჩუქარი კიბეების დაყენებას 25 ათას ლარზე მეტი არ დასჭირდებოდაო. ჭერი ყოფილმა გუბერნატორმა ბიძინა სონღულაშვილმა გადახურა და ამათ არაფერი გაუკეთებიათ. წინა მხრიდან კარ-ფანჯარაც სხვა მეწარმემ ჩასვა. ხელისუფალნი მარტო დაპირებებს იძლევიან. სახლის გარე ფასადი შეღებეს, მხოლოდ გზის მხრიდან და პრეზენტაცია გამართეს. რა გვეპრეზენტაციებოდა, სადაც ვცხოვრობთ, ნესტისგან დამპალი კედლების გამო ზოგს ფილტვების ანთება გაუჩნდა, ზოგს წნევამ დაარტყა. ასე თუ გაგრძელდა შიმშილობას დავიწყებთ“,- აცხადებს დაზარალებული ვერა ტერტეშნიკოვა, რომლის აზრს სხვა დაზარალებულებიც ერთხმად ეთანხმებიან.

მოსახლეობის ბრალდებებს გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე მუქარით ხვდება. „ეს არის ჭორები და პროვოკაციები. მე ვუჩივლებ ყველას სასამართლოში, ნებისმიერ პირს, ვისგანაც გამოითქმება ცილისმწამებლური, დაუსაბუთებელი ბრალდებები იმიტომ, რომ ყველას ეყო „გულაობა“ და ყველას ეყო, ვისაც რა მოადგება პირზე და ტვინზე, იმის ლაპარაკი. ეს არის მტკნარი სიცრუე“,- აღნიშნა სიხარულიძემ ჩვენთან საუბარში.
 
მშენებელი ორგანიზაცია შპს „ნიკა 96“-ის ინფორმაციით, მათ დამწვარ სახლში ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად ბიზნესმენთაგან ხელზე აქტით მხოლოდ 6 ათასი ლარი გადაეცათ. 21 ათასი ლარი კი ანგარიშზე ქ. გურჯაანის გამგეობამ ჩაურიცხათ. „27 ათასი ლარი სამუშაოებს ბუნებრივია არ ეყოფოდა. გამგეობას ჩვენი ვალი აქვს 40 ათას ლარამდე“,- გვითხრა „ნიკა 96“-ის დირექტორმა ნოდარ შავკაციშვილმა.
 
საერთო საცხოვრებლის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო დეპარტამენტის შს გურჯაანის განყოფილებაში უკვე ერთი წელია სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა დამნაშავე დღემდე არ გამოვლენილა. მობინადრეთა თქმით, გამოძიებამ საქმიდან ზარალის და სხვა დოკუმენტებიც შეგნებულად გააქრო. გურჯაანის საგამოძიებო განყოფილებაში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები