კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ -ის სამხედრო გეგმები შირაქის აეროდრომის აღსადგენად

25 იანვარი, 2006

 აშშ -ის სამხედრო გეგმები შირაქის აეროდრომის აღსადგენად

დედოფლისწყაროს რაიონში დაძაბულობა დღითი-დღე მატულობს. მოსახლეობა თვლის, რომ გავრცელებული ინფორმაცია, პენტაგონის ფულით შირაქის სამხედრო აეროდრომის განახლების შესახებ, მართალია, რადგან მათ გარკვეული პირები საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების გასხვისებას სთავაზობენ. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ამერიკამ შირაქის აეროდრომი, განახლების შემდეგ, შესაძლოა ირანზე თავდასასხმელად გამოიყენოს. ეს კი საშიშროებას არა მარტო რაიონის მოსახლეობას, არამედ მთელ ქვეყანას უქმნის.
 
ქიზიყში, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, ამერიკის მიერ, უპატრონოდ მიტოვებული შირაქის სამხედრო აეროდრომის შესაძლო აღდგენის შესახებ, ტერიტორიის სიახლოვეს არსებული სოფლების, ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, რითაც მოსახლეობის ნაწილობრივ დამშვიდება მოახერხა.
 
დაძაბულობა, გასულ კვირას სოფლებში მოსიარულე რამდენიმე ადამიანის გამოკითხვამ განაახლა. როგორც ჩვენთან საუბარში ქედების ზონის მოსახლეობამ აღნიშნა, მათთვის უცნობი ქართველი ეროვნების ადამიანები კითხულობდნენ, რა თანხის სანაცვლოდ დატოვებდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები სახლ-კარს, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებს.

„უამრავი საბრძოლო, ვადაგასული ფეთქებადი მასალებით და ავიაბომბებით სავსე, საიდუმლოებით მოცული, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შირაქის აეროდრომი „საჩუქრად“ რუსებმა დაგვიტოვეს. მას შემდეგ, სამხედრო ბაზისა და აეროდრომის ტერიტორია, რომელიც, როგორც ვიცით, კავკასიაში საკმაოდ ძლიერია, უპატრონოდაა მიტოვებული. აეროდრომზე ამერიკული სამხედრო ბაზის შესაძლო განთავსების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, თუმცა მაშინ გვითხრეს - სიცრუეა, პენტაგონი სამხედრო აეროდრომს სვანეთში აშენებს და არა შირაქშიო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ გარკვეული პირები გვეკითხებოდნენ, ბინას ვინ ყიდის, რამდენად ბევრია ასეთი შემთხვევა და ა.შ. მერე შემოგვთავაზეს, რამდენიმე ბინა გვინდა ერთობლივად და რა თანხა უნდა გადაგიხადოთ, რომ სახლები გაასხვისოთო. რამდენიმე დასთანხმდა, რომ ბინებს მყიდველის გამოჩენის შემთხვევაში გაყიდიან და საცხოვრებლად რაიონულ ცენტრში გადავლენ. ვიყავით ისეთებიც, რომლებმაც ვუთხარით, რომ ბოლოს და ბოლოს აქ მკვდრები გვყვავს და ვერსად წავიდოდით. ბევრი არაფერი უთქვამთ. როგორც გუშინ შევიტყვეთ, არა მარტო ზემო ქედში, არამედ ქვემო ქედსა და არხილოსკალოშიც ყოფილან“,- ამბობს ზემო ქედის მაცხოვრებელი თამარ ჩოხელი.
 
ის, რომ შირაქში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება იგეგმება ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც შირაქის ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია ქონების მართვისა და პრივატიზების სააგენტოს გადასცეს.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკული ფულით, საქართველოში სხვა აეროდრომებიც შენდება და მით უფრო, რომ მოსახლეობაში უცნაურ წინასწარ გამოკითხვებს ატარებენ, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ შირაქის აეროდრომის განახლების შედეგად, შესაძლოა აქედან ამერიკამ ირანს დარტყმა მიაყენოს. ასეთ შემთხვევაში, მოსახლეობას სოფლებიდან აყრა მოგვიწევს, რადგან კარგად გვახსოვს, ერთი წლის უკან ავიაბომბებს რომ აფეთქებდნენ, მთელი რაიონი კვამლში იყო გახვეული, სახლები ზანზარებდა, რამდენიმე ჩამოინგრა კიდეც, თუმცა რაც ყველაზე საეჭვოა, აფეთქებების შედეგად სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში მიწებიც ჩაინგრა და მრავალმეტრიანი ღრმულები გაჩნდა“,- აღნიშნავს ადგილობრივი მკვიდრი გიორგი კობაიძე.
 
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთანაც ვცადეთ დაკავშირება, თუმცა პრესსამსახურის უფროსმა უცხო ზარს არ უპასუხა.
 
დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლის თანაშემწე ძალოვან სტრუქტურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის დარგში ვაჟა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ შირაქის ყოფილი სამხედრო აეროდრომი ნამდვილად იყიდება, ოღონდ არა იმისთვის, რომ იქ ამერიკული ბაზა განთავსდეს. „შირაქის სამხედრო აეროდრომი ნამდვილადაა გადაცემული ქონების მართვისა და პრივატიზების სამმართველოს, მაგრამ აქ საუბარი არ არის ასაფრენ ზოლზე. „ჩემი ინფორმაციით, საუბარია საცხოვრებელ ბლოკსა და სხვა შენობა-ნაგებობებზე. რაც შეეხება, იქ ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებას, ამერიკელებმა მცირე ხნის წინ ნახეს შირაქის ყოფილი აეროდრომის ტერიტორია და მარტივად რომ ვთქვათ, არ მოეწონათ. ჩვენ არავინ გვეტყვის, რას ფიქრობს სამომავლოდ ამერიკის თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ ქედების მოსახლეობაზე უარყოფითად არც რუსული ბაზების არსებობას და იმ დროს აეროდრომის ფუნქციონირებას უმოქმედია. არავის არ სჭირდება ამ ხალხის იქიდან გასახლება. მე ვფიქრობ, რომ ამერიკული ბაზის შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის უნდა იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი და სოციალური თვალსაზრისით მომგებიანი“,- განმარტავს ვაჟა პაპუაშვილი.
 
დედოფლისწყაროელები ეჭვობენ, რომ უცნობი ადამიანების მიერ ჩატარებული გამოკითხვა, გარკვეული ძალების მიერ წინასწარი მოსინჯვა იყო, რომელიც მათი თქმით, მიზნად მოსახლეობის რეაქციის გაგებას ისახავდა.
 
ამერიკის მიერ შირაქის სამხედრო აეროდრომის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით, მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ საქართველოში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები