კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაცვის უფლებაჩამორთმეული პატიმრები

25 იანვარი, 2006

დაცვის უფლებაჩამორთმეული პატიმრები

თბილისის მეშვიდე საპყრობილესთან ადვოკატთა ცოცხალი რიგი დგას. ციხის ადმინისტრაცია მათი დაწესებულებაში შესვლის შეფერხების ოფიციალურ მიზეზად სარემონტო სამუშაოებს ასახელებს. ადვოკატები კი პატიმართა უფლებების სასტიკ დარღვევებზე საუბრობენ და სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.

რამდენიმე დღეა, რაც ადვოკატებმა მეშვიდე საპყრობილეში შესვლის უფლება ოფიციალურად მოიპოვეს. მანამდე მათ გაურკვეველი მიზეზებით ეს უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ. აკრძალვის მოხსნის მიუხედავად, საპყრობილეში შესვლა მაინც გაძნელებულია. ციხეში შესვლამდე ადვოკატების დეტალური შემოწმება მიმდინარეობს, საპყრობილესთან სრული ქაოსია შექმნილი. ცოცხალ რიგთან ერთად არსებობს სიები, რომელშიც ადვოკატები 3-4 დღით ადრე ეწერებიან. ციხის ადმინისტრაცია დღეში 3 ადვოკატზე მეტის შეშვებას  ვერ ახერხებს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს 2 კვირის წინ წერილით მიმართა. ორგანიზაცია საპყრობილეში ადვოკატთა შესვლის აკრძალვის ოფიციალურ მიზეზს ითხოვდა. ორგანიზაციას პასუხი წერილზე დღემდე არ მიუღია.

„ადვოკატების შესვლა ციხეებში არის კანონით გარანტირებული. მისი შეჩერების და შეფერხების უფლება არავის აქვს. ჩვენ მოვთხოვეთ ოფიციალურად ბაჩო ახალაიას პასუხი გაეცა იმაზე, თუ რა იურიდიული საფუძველი ჰქონდა პატიმრებთან ადვოკატის არ შეშვების. ჩვენს წერილზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ახლა ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

ერთი თვის წინ, ქუთაისის ციხეში ვიზიტისას, ჟურნალისტებთან საუბარში ბაჩო ახალაიამ განაცხადა, რომ როცა საჭიროდ ჩათვლიდა, მაშინ შეუშვებდა ადვოკატებს პატიმრებთან. ამ ფაქტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ კი სასჯელაღსრულების სისტემაში დღესდღეობით საერთოდ უარყოფენ ასეთ შეზღუდვებს. პრესცენტრის განცხადებით, არავითარი აკრძალვა ადვოკატთა შესვლასთან დაკავშირებით არ ყოფილა. დღევანდელი შეფერხებები კი საპყრობილეში არსებული სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული. პრესცენტრის განმარტებით, ამჟამად პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის მხოლოდ 2 ოთახი არის წესრიგში.

მეშვიდე საპყრობილეში 70 მდე პატიმარი იმყოფება. იქ ძირითადად ე.წ. „კანონიერი ქურდები“ გადაიყვანეს. ადვოკატების განცხადებით, შეზღუდვებიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
 
„პატიმრებთან მიმართებაში ბევრი დარღვევა ხდება. არ აძლევენ საპარსს, საპონს, კბილის პასტას, კბილის ჯაგრისს. არ გაჰყავთ ე.წ. „პრაგულკაზე“, მთელი 24 საათი შიგნით არიან -  არავითარი წიგნი, გაზეთი, ტელეფონი, რადიო, ტელევიზორი, ვერ ხვდებიან ადვოკატებს ანუ აბსოლუტურ იზოლაციაში ამყოფებენ. აქ ლაპარაკია იმაზე, რაც მათ კანონით ეკუთვნით. ეს არის კანონის სრული იგნორირება, კონსტიტუციის და ყველანაირი საერთაშორისო ნორმის დარღვევა,“ - აცხადებს გელა ნიკოლეიშვილი („ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“). 

იმ ფაქტს, რომ შენობაში სარემონტო სამუშაოები მართლაც მიმდინარეობს არც საპყრობილიდან გამოსული ადვოკატები უარყოფენ. თუმცა, გაურკვეველი რჩება ერთი ფაქტი, რატომ ხდება შენობის რემონტი შენობაში პატიმრების გადაყვანის შემდეგ და როდის მიეცემათ ადვოკატებს ციხეში თავისუფლად შესვლის საშუალება.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები