კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებები საქართველოში -

27 იანვარი, 2006

ადამიანის უფლებები საქართველოში
2005 წლის ანგარიში
შემდეგი გაჩერება - ბელორუსი?

მეორე წელი მიიწურა  2003 წლის ნოემბრის, ვარდების რევოლუციის შემდეგ. კიდევ ერთი წელი  იმისათვის, რომ საქართველოს  ახალმა მთავრობამ  მოსახლეობისა და მსოფლიო საზოგადოების  მოლოდინი გაამართლოს. წელი, როდესაც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, რომ საბოლოოდ გამოემშვიდობა კორუფციულ და უყურადღებო წარსულს, ბოლო მოუღო ძველ  სცენარს და ახალი მოქმედი პირებით ცდილობს  ღია და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა პირველი წლიური ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ  „ვარდების რევოლუციიდან“ ერთი წლის გასვლის შემდეგ გამოაქვეყნა. „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“ იმედის მომცემი რევოლუციის შემდეგ ადამიანის უფლებების სფეროში გამოკვეთილ ტენდენციებს აკვირდებოდა. დადებით შედეგებთან ერთად, (საპატრულო პოლიციის შექმნა, აჭარის მშვიდობიანი გზით დაბრუნება, ანტი-კორუფციული რეფორმები და ნაბიჯები) ანგარიშში უარყოფითი მხარეც იყო განხილული. ქვეყანაში არსებულ ანტი-დემოკრატიულ ტენდენციებს, კანონის უზენაესობის უპატივცემულობასა და ადამიანის უფლებათა იგნორირებას საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ პოლიციური სახელმწიფოს მოდელისაკენ მიჰყავს.

რაც შეეხება 2005 წელს - ყველაზე დიდი დარღვევები გამოხატვის თავისუფლების სფეროში გამოვლინდა. უკანონო დაკავებები, ცემა, თავდასხმები და ზეწოლა ჟურნალისტებზე თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.  2005 წელს ათობით ჟურნალისტი საქართველოში მკაცრი ზეწოლის, ძალადობისა და უკანონო დაკავების მსხვერპლი გახდა. როგორც „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ აღნიშნავენ, სიტყვის  თავისუფლების მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო კატასტროფული სიჩქარით დაბლა ეშვება. უკანასკნელ წლებთან შედარებით, ჩვენმა ქვეყანამ სიტყვის თავისუფლების მიხედვით 26 საფეხურით უკან დაიხია. ცენტრალური მთავრობა უძლურია დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები, მეტიც, ხშირ შემთხვევაში ზეწოლისა და დაშინების ინიციატორებად სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან. 

პრობლემებია დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა სხვა სფეროებშიც. სასამართლომ დამოუკიდებლობა საბოლოოდ დაკარგა და მთავრობის ერთგვარ „გამონაზარდად“ იქცა. ზეწოლა იმ მოსამართლეების მიმართ, რომლებიც უსამართლობის წინააღმდეგ ილაშქრებენ, საოცარი სისწრაფით იზრდება. დაუსჯელობის სინდრომი სამართალდამცავებში კვლავ სინდრომატულია და რეალურად ამ ფენომენის დამარცხებას არც არავინ ცდილობს. გაერთიანებისა და მანიფესტაციის უფლება, რომელიც კონსტიტუციითაა დაცული, ხშირად ირღვევა. დაფიქსირდა მშვიდობიანი აქციებისა და დემონსტრაციების დარბევისა და ორგანიზატორების დაკავების ფაქტები. ეს ყველაფერი კი მოსახლეობაში საკუთარი აზრის გამოთქმისა და გამოხატვის სურვილის დეგრადირებას იწვევს. პოლიტიკურად მოტივირებული გატაცებები და სისხლიანი სპეცოპერაციები საზოგადოებაში ტერორის ატმოსფეროს ქმნის. გართულებულია ჩეჩენ ლტოლვილთა მდგომარეობაც, ისინი რუსული პოლიტიკისა და ნეგატიური სტერეოტიპების მსხვერპლნი ხდებიან. დარღვევებია დაფიქსირებული სიციალურ-ეკონომიკურ სფეროშიც: სახელმწიფო მოხელეთა მასობრივმა დათხოვნებმა უკვე ყოველდღიური სახე შეიძინა. საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი პრაქტიკულად იგნორირებულია, მეტიც, ხშირ შემთხვევაში ეს ორგანიზაციები მაღალჩინოსანთა ზეწოლასაც კი განიცდიან.

ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიც არიან ევროპის საბჭო (Council of Europe), საერთაშორისო ამნესტია (Amnesty International), ჰიუმან რაიტს ვოჩი (Human Rights Watch), წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT), ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH), ადამიანის უფლებათა ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაცია და სხვებმა ყურადღება მიაქციეს საქართველოში მიმდინარე განვითარების პროცესებს და ხელისუფლებას რეკომენდაციების პაკეტი მოუმზადეს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს დღემდე იგნორირებას უკეთებს.

ანგარიშში 2005 წელს საქართველოში დაფიქსირებულ რეალურ ფაქტებზე იქნება საუბარი, სადაც ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებებია დარღვეული. მართალია, ანგარიშს მცირე ანალიტიკური ნაწილებიცა აქვს დართული, თუმცა ჩვენ არ გვაქვს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოვლისმომცველი და ღრმა ანალიზის ჩატარების პრეტენზია. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი 2005 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიმოხილვას გთავაზობთ. ინფორმაცია, რომელიც ანგარიშშია მოცემული ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლების და ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო და სხვა ორგანიზაციების იურიდიული კონსულტანტებისა და იურისტების მიერაა მოძიებული.

წარმოდგენილი ანგარიშის სახელწოდება “შემდეგი გაჩერება – ბელორუსი?” წარმოადგენს ჩვენს მიერ საერთაშორისო საზოგადოებრიობისა და საქართველოს ხელისუფლების ერთგვარ გაფრთხილებას, რათა ამ უკანასკნელმა სერიოზულად შეხედოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფონზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრაქტიკას და მიიღოს კონკრეტული ზომები უფლებათა მკვეთრი გაუარესების შესაჩერებლად.

უფლებათა დარღვევების მასობრივი ხასიათი და ხელისუფლების არაშესაბამისი რეაგირება მსგვას ფაქტებზე გვაძლევს უფლებას მოვუწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევების საგანგაშო მდგომარეობაზე გაამახვილონ ყურადღება და მოუწოდონ საქართველოს მთავრობას მის მიერ დეკლარირებული პრინციპების დაცვა.

„შემდეგი გაჩერება - ბელორუსი?“ მიზნად ისახავს გაზარდოს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი ადამიანის უფლებების მიმართ და გამოავლინოს ის ძირითადი ტენდენციები ადამიანის უფლებების სფეროში, რაც გასულ 2005 წელს იქნა დაფიქსირებული. ის ზოგადი მდგომარეობა, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების სფეროშია დაფიქსირებული, ხელისუფლების გულგრილობა და არაადეკვატური რეაქცია პრობლემებზე სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა იმისა, რომ საქართველოში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე ხმამაღლა ვისაუბროთ, ისე რომ ჩვენმა ხმამ  საერთაშორისო საზოგადოების ყურამდე მიაღწიოს. ჩვენი სურვილია, რომ ამ ფაქტებმა ანალიზისა და დისკუსიის საფუძველი შექმნან, რომელიც ღია და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. 

ასეთი სახის ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, მაღალჩინოსნები თვალნათლივ დაინახავენ, რომ ის რეფორმები, რაც მათ გაატარეს, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ქაღალდზევე რჩება. არ განხორციელებულა ცვლილებები ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში და  არ შეცვლილა სამუშაო მეთოდები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  კონკრეტული პირების წყალობით, გარკვეულ წარმატებებს ხელისუფლებამ მიაღწია, მაგრამ მათი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ სიტუაცია კვლავ ისევ დეგრადირებასა და დაღმა სვლას  იწყებს. 

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში მოკლედაა აღწერილი ის მიმოხილვები და რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის UN Special Rapporteur on Torture, Amnesty International, Human Rights Watch და  Redress - მა გამოაქვეყნა.

ახალი ამბები