კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის №1 კოლონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ორი სხვადასხვა ვერსია

3 თებერვალი, 2006

რუსთავის №1 კოლონიაში ჩატარებული სპეცოპერაციის ორი სხვადასხვა ვერსია

რუსთავის № 1 კოლონიაში 30 იანვარს ჩატარებული სპეცოპერაციისას, ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარი თემურ ქოქაშვილი და სპეცნაზის ერთი-ერთი წევრი დაიჭრნენ. „პატიმრებმა სერიოზული ბუნტის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ“,- აცხადებენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრში.

მათივე ინფორმაციით, კოლონიაში პატიმრების ჩხრეკა მიმდინარეობდა, მათ აკრძალული ნივთები აღმოაჩნდათ, რომლის დამალვაც სცადეს და სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს. დაპირისპირების აღსაკვეთად კოლონიაში დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. პრესცენტრის ინფორმაციით, კოლონიაში 6 ე.წ. „მაყურებელი“ (ქურდული ტრადიციების მატარებელი ავტორიტეტული ფიგურა)იხდიდა სასჯელს, 4 მათგანი ამჟამად კოლონიიდან გადაყვანილია.

პატიმართა ოჯახის წევრები სპეცოპერაციის დეტალებზე განსხვავებულად ყვებიან და სპეცნაზის მიერ პატიმართა დარბევასა და ფიზიკურ შეურაცყოფაზე საუბრობენ. ამასვე აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები -ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე. “ბაჩო ახალაია არაფხიზელ მდგომარეობაში, შამპანურით ხელში შევიდა დაწესებულებაში და პატიმრების შეურაცყოფა დაიწყო, რასაც პატიმრების მხრიდან რეაქცია მოჰყვა.  ამბობენ, რეზინის ტყვიებს ვიყენებდითო, იქ  დაჭრილი პატიმრებია და როგორც ვიცი რეზინის ტყვია ადამიანს არ ჭრის. სასჯელაღსრულების სისტემაში მიდის სრული განუკითხაობა და ეს ყველაფერი კეთდება რეფორმის სახელით.  კრიმინალური მეთოდებით კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არის უბრალოდ დაშინება, დამონება საზოგადოების და იმ ადამიანების ვინც იქ იმყოფება“,- ამბობს ნანა კაკაბაძე.

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მის ყოფილ თანამშრომელს მხარს უჭერს და მომხდარ ინციდენტში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლების ბრალს ვერ ხედავს. სუბარი აცხადებს, რომ თუკი კანონდარღვევაზეა საუბარი ამას ადგილი მხოლოდ პატიმრების მხრიდან ჰქონდა. სახალხო დამცველის განცხადებით, დაზიანებები ძირითადად სპეცნაზის თანამშრომლებმა მიიღეს. „სპეცნაზის თანამშრომელი გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაშია ვიდრე დაჭრილი პატიმარი. ამბოხის დროს ორი კორპუსი დაიძრა სპეცნაზისკენ, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა შენობა. ამ დროს მოხდა სროლა და სავარაუდოდ იმ სროლის დროს დაიჭრა ის პატიმარი. შემდეგ მოიყვანეს დამატებითი ძალები, რომლებმაც ხელკეტებით შეძლეს პატიმრების ერთი ნაწილის განეიტრალება“,-აცხადებს სოზარ სუბარი.

მოგვიანებით, ჩვენთან საუბრის შემდეგ, სახალხო დამცველმა ინფორმაცია გადაამოწმა და როგორც აღმოჩნდა, კოლონიაში კიდევ ერთი პატიმარია სასტიკად ნაცემი - პატიმარი გრიგორიანი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, იგი ამბოხს ხელმძღვანელობდა და ამ ხნის მანძილზე იგი კარცერში იმყოფებოდა. მოგვიანებით, მისი მდგომარეობის სანახავად სახალხო დამცველის ოფისიდან წარმომადგენელი გაუშვეს.

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სპეცოპერაციის შემდეგ რუსთავის კოლონიაში მისულ სოზარ სუბარს მხოლოდ მსუბუქად დაჭრილი პატიმრის ნახვის საშუალება მიეცა, სასტიკად ნაცემი გრიგორიანის შესახებ კი მან მესამე დღეს შეიტყო. 

სპეცოპერაციის დეტალებზე საუბარი უჭირს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს ანა დოლიძეს. სოზარ სუბარისაგან განსხვავებით, სპეცოპერაციის შემდეგ იგი კოლონიაში არ შეუშვეს. „არ უშვებენ გარეშე პირებს, რომლებსაც თავად ვერ აკონტროლებენ. როგორ გგონიათ სოზარ სუბარი ობიექტურად რამეს იტყოდა? მე ვფიქრობ, რომ ეს თვითონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის არის ცუდი. სისტემის დახურვა ხელს უწყობს საზოგადოებაში დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას. პრეზიდენტის 309-ე ბრძანებულების თანახმად, მე უფლებამოსილი ვარ მოვინახულო ნებისმიერი დაწესებულება ნებართვის გარეშე. ის, რომ ბატონმა ტყემალაძემ მე საპყრობილეში არ შემიშვა, წარმოადგენს დეპარტამენტის პრობლემას, რომელმაც პრეზიდენტის ბრძანებულება დაარღვია“,- ამბობს ანა დოლიძე.

საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, სავარაუდოდ, გამოძიების შემდეგ გახდება შესაძლებელი. ამ დროისათვის დაახლოებით 40 პატიმარი კარცერშია გადაყვანილი. რუსთავის №1 კოლონიაში სიტუაცია განეიტრალებულია.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები