კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლო მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარს ამბობს?

17 თებერვალი, 2006

სასამართლო მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარს ამბობს?

„დევნილი მოსამართლეები“ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლას აგრძელებენ და სადისციპლინო საბჭოს უკანონო ქმედებები სააშკარაოზე გამოაქვთ. ისინი ყველა იმ საქმეს იკვლევენ, რომელიც მათ სამოსამართლეო საქმიანობიდან ჩამოშორებას უკავშირდება. მოსამართლეთა განცხადებით, სადისციპლინო საბჭოს თავმჯდომარე კახაბერ ყიფიანი კანონის იგნორირებით იქნა დანიშნული. იგი საბჭოში 2, თანაც გადამწყვეტი ხმით სარგებლობს.

ინფორმაცია კახაბერ ყიფიანის განათლებასა და სამუშაო გამოცდილების შესახებ გასაიდუმლოებული იყო. საჯარო დოკუმენტის მიღება მოსამართლეებმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც იუსტიციის საბჭოს  შიმშილობის აქციით დაემუქრნენ. 10 დღიანი დავის შედეგად მიღებული დოკომენტიდან კი ცხადი გახდა, რომ კახა ყიფიანს ისევე როგორც ნინო კალანდაძეს იურისტად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება არ აქვს. სადისციპლინო საბჭომ კახაბერ ყიფიანისა და ნინო კალანდაძის მონაწილეობით 26 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს 4 წევრს ნინო გვენეტაძეს, მერაბ ტურავას, თამარ ლალიაშვილს და მურმან ისაევს მოსამართლის უფლებამოსილება შეუჩერა. ყოფილი მოსამართლეების განცხადებით, იურიდიული ძალის არმქონეა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ კახაბერ ყიფიანის მონაწილეობით მიიღო.

„როგორც გაირკვა კახაბერ ყიფიანმა 1998 წელს ჩააბარა და მოკლე კურსით დაამთავრა ქალაქ თბილისის ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი -  ეკონომისტ-იურისტის სპეციალობით. მას დიპლომი 2001 წელს აქვს აღებული. 2001 წლიდან 2004-მდე ვერანაირად ვერ ექნება 5 წლით იურისტად მუშაობის სტაჟი.  ნუთუ შეიძლება სახელმწიფოში იმ ორგანოს, რომელმაც მოსამართლეების ბედი უნდა გადაწყვიტოს, სათავეში ჩაუყენო, ნორმალური იურიდიული სტაჟისა და განათლების არმქონე ადამიანი ?“- აღნიშნავს მოსამართლე მერაბ ტურავა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოსამართლეებმა 13 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში სარჩელი შეიტანეს.
ანალოგიური სარჩელი ნინო კალანდაძესთან დაკავშირებით სასამართლომ არ განიხილა. იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლე პროცესს დანიშნავდა, 2 მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს წინაშე მტკიცებულებებით უნდა წარმდგარიყო. მოსამართლეთა აზრით, ნინო კალანდაძეს მტკიცებულებებს ვერ წარადგენდა, რადგან ერთი კვირის წინ მათ დოკუმენტი მიიღეს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ცენტრალური ოფისიდან საიდანაც ირკვევა, რომ ქალბატონ ნინო კალანდაძეს ამ ორგანიზაციაში ხელშეკრულებით მუშაობის რამდენიმე თვიანი სტაჟი აქვს მდივან-რეფერანტის თანამდებობაზე. შრომითი საქმიანობის გრაფაში კი მას ამ ორგანიზაციაში 2 წლით იურისტ-ექსპერტად მუშაობის გამოცდილება აქვს მითითებული.

„შეიძლება, რომ მოსამართლემ უკანონო გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ მოსამართლემ უარი თქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე წარმოუდგენელია. მოსამართლეს რომ დაენიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, ნინო კალანდაძე უნდა დაებარებინა პროცესზე, სადაც მას სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა მოეტანა, ამას ის ვერ მოახერხებდა და სიმართლე გამოაშკარავდებოდა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი სხდომის ჩაუტარებლობა იყო. როგორც აღმოჩნდა, მოსამართლემ ვერ გაუძლო მასზე განხორციელებულ ზეწოლას“, - ამბობს ნინო გვენეტაძე.

მოსამართლეები სარჩელის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებას გეგმავენ. მათი განცხადებით, ნინო კალანდაძეს დიპლომიც უკანონო გზებით აქვს მიღებული, რის დამტკიცებასაც ისინი სასამართლო პროცესზე შეეცდებიან.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები