კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დარღვევები პრეზიდენტის რწმუნებულთა ფონდებში

20 თებერვალი, 2006

დარღვევები პრეზიდენტის რწმუნებულთა ფონდებში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზიდენტის რწმუნებულების ფონდებიდან თანხების კანონდარღვევით ხარჯვაზე საუბრობს და მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. 2004-2005 წლების მონიტორინგის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ფონდები თითქმის ყველა რეგიონში უკანონოდ შექმნილ სუბიექტს წარმოადგენდა. რწმუნებულთა ფონდში ბიუჯეტიდან თუ კერძო შემოწირულობებიდან შესული თანხების განკარგვა ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, ერთ პირთან შეთანხმების წესით ხდებოდა.

„იმ ექვს რეგიონში, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით არც ერთ შემთხვევაში ტენდერი არ გამოცხადებულა. ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია ერთ პირთან მოლაპარაკების წესით. პეტრე ცისკარიშვილმა იმისათვის, რომ თავი აერიდებინა ტენდერის ჩატარებისთვის ყველა ხელშეკრულება კახეთის მხარეში შრომითი ხელშეკრულების სახით გააფორმა“,- აცხადებს პროექტის დირექტორი ნიკა გეგეშიძე.

მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის მაშინდელ რწმუნებულს გიგი უგულავას საკმაოდ სოლიდური თანხა, დაახლოებით 300 ათასი ლარი, შენობების სარემონტოდ ყოველგვარი ტენდერის გამოცხადების გარეშე აქვს გაცემული. პრეზიდენტის რწმუნებულმა გოგა ხაჩიძემ პეტრე ცისკარიშვილის მსგავსად ხელშეკრულების ახალი ტიპი დაამკვიდრა, რომელშიც გაწეული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხა არ მიუთითებია. იმერეთის რეგიონში გია გეწაძის  დროს 250 ათასამდე ლარი ერთ პირთან შეთანხმების წესით გაიცა, 22 ათას ლარად გარემონტებული ხიდი, რომელიც ასევე ტენდერის გამოცხადების გარეშე შერემონტდა, უკვე შესაკეთებელია.

რაც შეეხება შიდა ქართლს, ამ რეგიონის შესახებ ორგანიზაციამ ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო, რადგან საჯარო ინფორმაცია მათთვის დახურული აღმოჩნდა. „საჯარო ინფორმაციის დაფარვის გამო ჩვენ გორის რაიონულ სასამართლოს მივმართეთ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რწმუნებულის ადმინისტრაციას დაევალა  ჩვენთვის საჯარო ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ადმინისტრაცია ჩვენი განცხადებების მიღებაზეც კი უარს აცხადებს“,- ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანი დოლიძე.

იურისტთა განცხადებით, რწმუნებულის ფონდიდან თანხები ხშირად არამიზნობრივად იხარჯებოდა. მაგალითად, კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდში სხვადასხვა გზით თავმოყრილი თანხები რეგიონული და თვითმმართველობის განვითარების მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გარდა, ისეთ ღონისძიებებსაც ხმარდებოდა, როგორიცაა სამხარეო სამსახურების შენახვა, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ხარჯების დაფინანსება; (მაგალითად რწმუნებულთა საცხოვრებელი სახლის დასაქირავებლად, მონო ბარათების შესაძენად და ა.შ.) თანამშრომელთა პრემია-დაჯილდოების, ოფისის, კომუნალური, ტრანსპორტის, ტექნიკის შენახვის, სტუმრების მიღების და სხვა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სოციალური დახმარებები რწმუნებულის ფონდიდან საკუთარი შეხედულებების მიხედვით გაიცემა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს მრავალი შემთხვევა აქვთ ისეთი, როცა 5 და 10 ათასიანი დახმარებები უპრობლემოდ გაიცა, ხოლო მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებს მინიმალური 500 ლარით დახმარებაზე უარი უთხრეს.

„2005 წლის 22 სექტემბერს რწმუნებულის ფონდს დახმარებისათვის მიმართა ქ. თელავში მცხოვრებმა, უსახსროდ დარჩენილმა ხუთი შვილის მამამ – გელა ტატურაშვილმა, რომელმაც ბინის შესაძენად რწმუნებულის ფონდიდან ითხოვა 1000 ლარი, თუმცა მას ერთი თეთრიც არ მიუღია დახმარების სახით. ასევე ფონდში თანხების არ არსებობის გამო დახმარებაზე უარი ეთქვათ ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანებს, თუმცა ამავე დროს სხვა პიროვნებებთან ერთად, რწმუნებულის ფონდის საბჭო 300 ლარით საკუთარ წევრს, ვალერი ვარდოსანიძესაც დაეხმარა ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესებასთან დაკავშირებით“, - განმარტავენ იურისტები.
 
იმ გარემოებამ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდები გაურკვეველი სტატუსის მქონე დაწესებულებებს წარმოადგენდნენ, ფაქტობრივად განაპირობა ის, რომ 2005 წლის 30 ივნისის კანონის თანახმად, მათ 2006 წლის 1 იანვრიდან ფუნქციონირება შეწყვიტეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადასცემს კანონდამრღვევთა გამოვლენის მიზნით.


ანა ჩხაიძე,
გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები