კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ იღებენ ორმაგ მოქალაქეობას ყვარელში

22 თებერვალი, 2006

როგორ იღებენ ორმაგ მოქალაქეობას ყვარელში

ყვარლის რაიონის სოფლებში მცხოვრები ლეკები დაბადებისა და პირადობის ქართულ მოწმობებთან ერთად, დაღესტნიდან სოფელ ჩანთლისყურეში მოვლენილი ექიმი-გინეკოლოგის ომარ დავუდოვის დახმარებით, დაღესტნურ დოკუმენტებსაც ფლობენ. ჩანთლისყურელი ავარიელები საქართველო-დაღესტნის საზღვარსაც უპრობლემოდ კვეთენ. გავრცელებული ინფორმაციით, ყვარლელ ლეკებს დაღესტნიდან კონტრაბანდულ ნივთებთან ერთად  ნარკოტიკული ნივთიერებებიც გადმოაქვთ და ქართველ ახალგაზრდებს იაფად ასყიდებენ. 
 
ექიმი გინეკოლოგი ომარ დავუდოვი ყვარლის რაიონის სოფელ ჩანთლისყურეში მცხოვრებ ავარიელებს შეღავათიან ფასად ბინაზე ამშობიარებს და შესაბამის გასამრჯელოს დაღესტნიდანაც იღებს. სოფელ ჭიკაანის თემის საკრებულოს ინფორმაციით, ექიმი დავუდოვი მახაჩკალიდან რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით ჩამოვიდა. „მისი აქ ჩამოსვლა და ყოფნა ყველამ იცის, მათ შორის რაიონის ხელმძღვანელობამაც. იგი აქ მახაჩკალის რაიონის ხელმძღვანელობამ გამოგვიგზავნა. ხელფასსაც ისინი უხდიან. შეიძლება ომარ დავუდოვს სამედიცინო საქმიანობის ოფიციალური უფლება არ აქვს, მაგრამ ხალხს შეღავათიან ფასებში ემსახურება და მას რომ ეს აუკრძალონ, ლეკები სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიან“,- აღნიშნავს ჩანთლისყურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ჩაჩანიძე.

ბავშვები რომ ჩანთლისყურის საბაზო სკოლაში დაღესტანში გაცემული მოწმობებით არიან ჩარიცხულნი, ამას სკოლის დირექტორი მაგამედ ალიევიც არ უარყოფს და ახალშობილთათვის დაღესტნის მოქალაქეობის მინიჭებას ამართლებს. „ბევრს ექიმისთვის მისაცემი ფული არ აქვს, ბინაზე მშობიარობას ამიტომ ირჩევს. მერე დაბადების მოწმობისთვისაც ომარ დავუდოვს მიმართავს. რა არის ამაში ცუდი? ჩანთლისყურის სკოლაში 30-40 მოსწავლე სწავლობს, რომლებსაც დაბადების მოწმობები დაღესტანში აქვთ აღებული და სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლასაც იქ აგრძელებენ“, - განაცხადა მაგამედ ალიევმა და თავისი მოსწავლის, 1998 წელს დაბადებული ასლან ახიტაევის დაბადების მოწმობაც გვაჩვენა, სადაც დაბადების და მოწმობის გაცემის რეგისტრაციის ადგილად დაღესტნის რესპუბლიკის ბეშტას რაიონია მითითებული.
 
არაოფიციალური ინფორმაციით, ომარ დავუდოვს დაბადების მოწმობები დაღესტნის მთიდან უპრობლემოდ გადმოაქვს და მიუხედავად ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო ბარიერისა, (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად,  ბავშვის დაბადების ადგილად მიიჩნევა ის ადმინისტრაციული ტერიტორია, სადაც ბავშვი დაიბადა) მას ჩანთლისყურელ ბავშვებზე გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გასცემს. ამავდროულად ჩანთლისყურეში დაბადებული ახალშობილები ქართულ დაბადების მოწმობებსაც იღებენ და ორმაგი მოქალაქეები ხდებიან. „აქ დაბადებულ ბავშვებს ჩვენ ჩვეულებრივ ვაძლევთ დაბადების მოწმობებს“,- დასძენს ჩანთლისყურის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ჩაჩანიძე. მისივე თქმით, ჩანთლისყურეში მოხუცები რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობენ. „ხუთ სულიანი ოჯახიდან 3-4 კაცი დაღესტანშია ჩაწერილი. პენსიასაც იქ იღებენ, რადგან იქაური პენსია 60 ლარს შეადგენს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ორივე ადგილზე არიან ჩაწერილნი. ახალგაზრდობაც სწავლის გასაგრძელებლად დაღესტანში მიდის. ვისაც დაღესტნის დაბადების მოწმობა აქვს, მათთვის გზა ყველაფრისთვის ხსნილია“,- განმარტავს საკრებულოს წარმომადგენელი ზურაბ ბიქოშვილი.
 
როგორც ადგილობრივმა ქართველმა მოსახლეობამ გვითხრა, ლეკების თარეშს საზღვარი არ აქვს. „საქონელს გვპარავენ და დაღესტანში ყიდიან. ნაშოვნი ფულით იქიდან სხვადასხვა სახის ნივთები და საქონელი მოაქვთ და ვაჭრობენ. არაფერს ვდაობთ, გარდა იმისა, რომ დაღესტნიდან ნარკოტიკის გადმოტანა მოისპოს, რათა ახალგაზრდობა არ დაიღუპოს“,- შეშფოთებულია ადგილობრივი მაცხოვრებელი 57 წლის ქალბატონი ქეთევანი.

„რაიონის გამგეობაშიც და ყვარლის პოლიციაშიც ყველაფერი ძალიან კარგად იციან. ექიმი დავუდოვი აიღებს პასუხისმგებლობას, რომელიმე ავადმყოფის მდგომარეობა რომ გართულდეს?“- კითხულობს თინა ფროდიაშვილი.
 
ომარ დავუდოვი და სხვა ავარიელები ჩვენთან შეხვედრას გაურბიან და სატელეფონო კომენტარზეც კატეგორიულ უარს აცხადებენ. მათ საქმიანობასთან დაკავშირებით კი, როგორც ყვარლის რაიონის პოლიციასა და გამგეობაში გვითხრეს, არაფერი იციან.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს იუსტიციის მინიტრს გია ქავთარაძეს, რომელიც აღნიშნულის შესახებ ასევე არ აღმოჩნდა ინფორმირებული. „ასეთი ინფორმაცია სამინისტროს ნამდვილად არ აქვს. გარწმუნებთ, დღესვე დავინტერესდები ამ საკითხით და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“,- განაცხადა გია ქავთარაძემ.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები