კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების“ ილუზიას 26 წლის ნათიას ჯანმრთელობა ეწირება

2 მარტი, 2006

„მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების“ ილუზიას 26 წლის ნათიას ჯანმრთელობა ეწირება

2001 წლის ზამთარში თურქეთიდან საბერძნეთში გადასასვლელად უღრან ტყეებში სიარულისა და 21 დღიანი შიმშილობისაგან ტუბმენინგიტითა და ფილტვების ტუბერკულიოზით დაავადებული, სმენადაკარგული 26 წლის ნათია ბრეგვაძე მზად არის  გამოძიებასთან ითანამშრომლოს და იმ პირთა ჯგუფი ამხილოს, რომელსაც „მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების“ დაპირებით, საქართველოდან საზღვრის უკანონო გადაკვეთით, თურქეთსა და საბერძნეთში ახალგაზრდები გადაჰყავდა და იმავდროულად ადამიანების ვაჭრობით იყო დაკავებული. ამ კონკრეტულ ფაქტზე შს სამინისტროს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ მებრძოლმა სამმართველომ 2002 წელს სისხლის სამართლის საქმეც აღძრა, მაგრამ სანდო წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ ჯგუფს შს ოპერატიული დაზვერვის სამმართველოს მაღალჩინოსანის ძმა მფარველობდა, ძიება შეწყდა.       
 
 „21 წლის ასაკში საბერძნეთში სამუშაოდ წასვლა გადავწყვიტე. ზაზა ჭულაძე იმ მეგობრის სახლში გავიცანი, რომლის დედაც საბერძნეთში სამუშაოდ სწორედ ამ უკანასკნელმა გააგზავნა. ჭულაძემ მითხრა, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში საბერძნეთში სამუშაოდ მეც გამაგზავნიდა. იგი დამპირდა, რომ თურქეთამდე თავად ჩამიყვანდა, სტამბულიდან კი მისი მეგობრები გამაგზავნიდნენ საბერძნეთში”,- იხსენებს ნათია და დასძენს, რომ ოჯახმა გურჯაანში ბინა 1500 აშშ დოლარად გაყიდა და თურქეთში ზაზასთან ერთად ავტობუსით 2001 წლის 2 დეკემბერს გაემგზავრა.

როგორც ნათიას დედა, ქალბატონი ნინო ახოიშვილი ამბობს, გამგზავრებიდან მეორე დღეს მას თავად ზაზამ დაურეკა და შეატყობინა, რომ სტამბულში უკვე ჩავიდნენ. „3 დეკემბერს თურქეთის დედაქალაქში მართლაც ჩავედით. დაპირებისამებრ დაგვხვდნენ ვინმე ქართველი ქალი მანანა სოსებაშვილი და ორი თურქი მამაკაცი. პირველი დღე სასტუმრო „ჰაზში“ გავატარე. მეორე დღეს სადღაც სახლში გადამიყვანეს, სადაც კიდევ სხვა ცხრა ქართველი დამხვდა. ამათგან, ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც ზაზა ედავებოდა, შენმა მშობლებმა თანხა სულ არ გადამიხადეს და საბერძნეთში არ გადაგიყვანთო. არც წაიყვანეს. ის ახალგაზრდა ვიღაც თურქს გაატანეს. საბერძნეთში სამუშაოდ გადაყვანისათვის სულ 1500 აშშ დოლარი უნდა გადამეხადა. ზაზამ მითხრა, დარჩენილი ათასიც მანანასთვის მიმეცა. მეც გადავუხადე. მანანამ ამ ფულით იქ მყოფებს, რომელთაც როგორც მოგვიანებით მითხრეს, რამდენიმე დღე არაფერი ეჭამათ და სუსხიან ზამთარში იატაკზე ეძინათ, მცირეოდენი საჭმელი უყიდა. მერე ვისაც პასპორტები გვქონდა, ყველას ჩამოგვართვეს. როცა ვიკითხე, რატომ მართმევთ პასპორტს მეთქი, ასეა საჭიროო, მითხრეს. მათი საუბრიდან და კამათიდან შევნიშნე, რომ რაღაცას გვატყუებდნენ, მაგრამ არაფრის გაკეთება შემეძლო. გადაადგილებისა და კომუნიკაციის  შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. ზაზასა და მანანას ვუთხარი, თუ საბერძნეთში ხვალვე არ წაგვიყვანთ, თურქეთის პოლიციაში განვაცხადებ, რომ რაღაცას გვატყუებთ-მეთქი.“ იმავე საღამოს ჯგუფი ავტობუსში ჩასვეს და რომელიღაც სოფელში მიიყვანეს, სადაც მანქანებში გადასხდნენ და უკაცრიელ ადგილას, მინდორში ჩამოსხეს. „ღამე იყო. სანთელი აანთეს და წინ გაგვიძღვნენ. ქოხში შეგვიყვანეს. ჩაი დაგვალევინეს. მცირე დასვენების შემდეგ, გვიბრძანეს, თბილად ჩაგვეცვა, რადგან გზა უნდა გაგვეგრძელებინა. გარეთ რომ გამოვედით, ძალიან ბნელოდა. ერთ-ერთმა თურქმა ხელის მოძრაობით უკან გაყოლვა გვანიშნა. თურქი კი არ მიდიოდა, მირბოდა. სულ ცხრანი ვიყავით. ძალიან ცუდი ამინდი იყო. ღამით ძლიერი ქარი ქროდა. თურქს ვეღარ მივდევდით, სიარული ისე ძალიან გვიჭირდა, რომ ჩანთები გადავყარეთ. მაყვლის ბარდებისგან ფეხები სულ დაგვეკაწრა და სისხლი გვდიოდა. დრო და დრო უკვე ვიქცეოდით. მეტი აღარ შეგვეძლო, მაგრამ თურქი მაინც მირბოდა და ხელით გვანიშნებდა, მომყევით, თან არ იხმაუროთ, თორემ ნადირი შეგჭამთო. მივადექით ვიწრო და ღრმა მდინარეს, რომელზედაც ხიდის ნაცვლად რკინის საცალფეხო ნაჭერი იყო გადებული. წინ ჭაობები იყო. მიარღვევდა თურქი ამ ჭაობებს და ჩვენც მივდევდით შეძლებისდაგვარად. რამდენიმე ქალი ცუდადაც კი გახდა. მთელი ამ ხნის მანძილზე მშივრები ვიყავით. მარტო ერთ ქალს შემორჩენოდა ერთი პატარა ყუთი პეჩენია და ყველამ გავინაწილეთ. წყალიც არსად იყო. თოვლს ვჭამდით. სიცივისგან ვკანკალებდით, ფეხებიდან და ხელებიდან სისხლის გვდიოდა. არც თუ ისე დიდ ტბას რომ მივუახლოვდით, თურქმა ზურგიდან მეშოკიდან გასაბერი შავი ნავი ამოიღო და გაბერვა დაიწყო. თურქმა ხელით გვანიშნა, ნავში სამნი ჩასხედითო. თურქმა გაგვაფრთხილა, არ გავტოკებულიყავით, რადგან ნავი შეიძლება გადახრილიყო, ტბა კი ღრმა იყო და ჩვენს შველას ვერ შეძლებდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრიც არ ჰქონდა, ამის ღონეც აღარ შეგვწევდა. გვეგონა, რომ ეს თურქი საბერძნეთამდე მიგვაცილებდა, მაგრამ სავსებით მოულოდნელად, მან ყველა გამოიყვანა თუ არა ტბის აქეთა მხარეს, უკან გაბრუნდა.“

ჯგუფმა გზა თავად განაგრძო და კიდევ მრავალი საფრთხის, შიშის, უამინდობისა და შიმშილის შემდეგ მიაღწიეს საბერძნეთის საზღვრამდე. საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ ჯგუფი პირველად ქალაქ ალექსანდროპოლში შევიდა, საიდანაც სალონიკის გავლით ათენში ჩავიდნენ.

„ათენში ერთმანეთს დავშორდით. მე სასტუმროში დავბინავდი. ვცდილობდი, რომ სამსახური მეშოვა, მაგრამ არაფერი ჩანდა. არც ფული მქონდა, რომ საჭმელი მეყიდა და უფასოდაც არავინ არაფერს მაძლევდა. რომ დაღამდებოდა, პურსა და ყველს სხვისი მაცივრიდან ვიპარავდი და საპირფარეშოში ჩუმად ვჭამდი. მეორე დღეს ატყდებოდა ხოლმე ერთი ამბავი, მაგრამ ჩემზე ეჭვი არავის მოჰქონდა. გარეთ ვერ გავდიოდი, რადგან პასპორტი არ მქონდა. ვიწექი ლოგინში და ვტიროდი. დედაჩემს დავურეკე და ვუთხარი, რომ ზაზამ მოგვატყუა და მეტი ფული აღარ მისცე მეთქი, მაგრამ მანამდე 200 აშშ დოლარი კიდევ გამოეძალა. დამუქრებია, ფულს თუ არ გამომიგზავნი, საახალწლოდ შენი შვილის თავს გამოგიგზავნიო. 17 დღე მშიერი ვიყავი. მერე სასტუმროში მყოფთაგან ერთ-ერთი გურჯაანელი ქალი გამოდგა. სამსახური მომიძებნა. 95 წლის ქალს ვუვლიდი, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული. 3 თვე ვიმუშავე. თვეში 350 აშშ დოლარს მიხდიდნენ. ბოლოს ძალიან ცუდად გავხდი. სიცხეებს ვერ მიწევდნენ. ოჯახის პატრონის ვაჟმა, ვის ბებიასაც ვუვლიდი, ბილეთი ამიღო და საქართველოში გამომგზავნა. ფული საბერძნეთის საზღვარზეც მთხოვეს და თურქეთისაც, მაგრამ როცა დარწმუნდნენ, რომ არაფერი გამაჩნდა, გამომიშვეს. საქართველოს საზღვარზე კი ბოლო 20 დოლარიდან 10 აშშ დოლარი მაინც წამართვეს“,- გულისტკივილით იხსენებს ნათია და იმასაც ამბობს, რომ მას და მის თანამგზავრებსაც თურქეთშიც და საბერძნეთშიც საკუთარი სხეულით ვაჭრობა შესთავაზეს, მაგრამ რამდენიმე მათგანმა ამაზე უარი განაცხადა.
 
სმენადაკარგული ნათია, რომელსაც მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ტუბ და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ტუბმენინგიტისა და ფილტვების ტუბერკულიოზის დიაგნოზი დაუსვეს, მიუხედავად ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა მზად არის, სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს და იმ პირთა ჯგუფი ამხილოს, რომელსაც „მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების“ დაპირებით, საქართველოდან საზღვრის უკანონო გადაკვეთით, თურქეთსა და საბერძნეთში ახალგაზრდები გადაჰყავდა და იმავდროულად ადამიანების ვაჭრობით იყო დაკავებული.
 
ნათიას დედა, ნინო იმასაც ამბობს, რომ ამ კონკრეტულ ფაქტზე შს სამინისტროს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ მებრძოლმა სამმართველომ 2002 წელს სისხლის სამართლის საქმეც აღძრა, მაგრამ სანდო წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულ ჯგუფს შს ოპერატიული დაზვერვის სამმართველოს მაღალჩინოსანის ძმა მფარველობდა, ძიება შეწყდა.           
 
„შს სამინისტროშიც ვიჩივლე, გამოძიებაც დაიწყო. ჟინვალშიც ვიყავით იმ ქალების ოჯახში, ნათიასთან ერთად რომ გადაიყვანეს საბერძნეთში, მაგრამ მათი ოჯახის წევრებმა, ჩვენზე არაფერი თქვათ, პროცენტიანი ვალები გვაქვს და დეპორტაცია რომ გაუკეთონ, დავიღუპებითო. მას შემდეგ, შს სამინისტროს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ მებრძოლ სამმართველოს, ე.წ. შს მე-5 სამმართველოს I განყოფილებას, რომელიც ამ საქმეს იძიებდა, რამდენჯერმე კიდევ მივაკითხეთ, მაგრამ უშედეგოდ. როგორც მოგვიანებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ ბიზნესს შს მაღალჩინოსნები და მათი ახლობლები მფარველობდნენ“,- ამბობს ნათიას დედა.
 
ექიმის ინფორმაციით, ნათია მედიკამენტოზურ მკურნალობას და მუდმივ გარეშე მომვლელს საჭიროებს, რისი საშუალებაც ოჯახს, რომელიც ნაქირავებში ცხოვრობს და არავინ მუშაობს, არ გააჩნია. „რაიონში კი გვაქვს სახლი, მაგრამ შესაძლოა ნათიას სიცოცხლეს, არასრულყოფილი მკურნალობისა და მძიმე საცხოვრებელი მდგომარეობის გამო საფრთხე უკვე მეორედ დაემუქროს, რაიონში კი მას გადაუდებელ სასწრაფო დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, რადგან სპეციალისტი არ ჰყავთ. ვის აღარ ვთხოვე დახმარება, მაგრამ ამაოდ“,- განმარტავს ქალბატონი ნინო.

ჩვენ მოვიპოვეთ ზაზა ჭულაძისა და მისი ამხანაგის, ვინმე თენგოს საცხოვრებელი სახლის ტელეფონის ნომრები, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
 
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვერაფერს ამბობენ, კიდევ არსებობს თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო. ჩვენი არაერთი სატელეფონო ზარი უპასუხოდ დატოვა პრესსამსახურის უფროსმა გურამ დონაძემ.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები