კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის მსხვერპლის დედა შიმშილობას იწყებს და პარლამენტის წინ თავის დაწვით იმუქრება

7 მარტი, 2006

ტრეფიკინგის მსხვერპლის დედა შიმშილობას იწყებს და პარლამენტის წინ თავის დაწვით იმუქრება


ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა ამასწინათ გააშუქა ტრეფიკინგის მსხვერპლის - ია ქიტიაშვილის ამბავი. სტატიაში დართული იყო მშობლების მიმართვა, თხოვნა საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ დაებრუნებინათ მათი შვილი, თუნდაც მკვდარი. იმედგაცრუებული დედა პროტესტის უკიდურეს ზომას შიმშილობას მიმართავს და საქართველოს პარლამენტის წინ თავის დაწვით იმუქრება.

15 წლის ია ქიტიაშვილი სახლიდან 1996 წლის 29 აპრილს, ღამის ოთხ საათზე გაუჩინარდა და გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ აღარავის უნახავს. მანამდე იას კვალმა დედა - თინა ქიტიაშვილი იმ დროისათვის თბილისში ზემელზე არსებულ კვინტრაძეების „ბორდელში“ მიიყვანა, თუმცა ია უკვე იქ აღარ დახვდა.

ქიტიაშვილებმა მანამდეც და მას შემდეგაც დახმარებისათვის ბევრს მიმართეს, კონკრეტული გვარ-სახელებიც დაასახელეს, მაგრამ როგორც ქალბატონი თინა ირწმუნება, ობიექტური გამოძიება მხოლოდ იმიტომ არ დაიწყო, რომ ტრეფიკერებს მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. შვილდაკარგულმა დედამ და იას გაუჩინარებით საწოლს მიჯაჭვულმა მამამ გასულ წელს პრესის მეშვეობით დასახმარებლად პრეზიდენტსაც მიმართეს, თუმცა ჟურნალისტთა გარდა მათ არავინ გამოხმაურებია.

„ბავშვი რომ დაიკარგა გამთენიისას შევიტყვეთ. ვეძებეთ, მაგრამ რომ არ გამოჩნდა, პოლიციას შევატყობინეთ. შს გურჯაანის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე მაშინვე აღიძრა, მაგრამ გამოძიება თავიდანვე არაობიექტურად და არაოპერატიულად წარიმართა, რის გამოც იას ძებნა თავად გავაგრძელე. დავადგინე, რომ ჩემი შვილი თბილისში, ზემელზე, თემურ კვინტრაძის „ბორდელში“ იმყოფებოდა, რასაც მივაგენი, მაგრამ ია იქ აღარ დამხვდა. კვინტრაძეს გაეუპატიურებინა და გადაემალა. „ბორდელის“ მეპატრონის ვაჟმა აღიარა კიდეც, რომ მამამისი გოგონებით ნამდვილად ვაჭრობდა და რომ ია ქიტიაშვილი მათთან კახეთიდან ჩვენმა მეზობელმა მთვარისა ილაშვილმა და მისმა დამ, ცნობილმა “მამაშამ”  ლელა ლეკბორაშვილმა ჩაიყვანეს. ეს ყველაფერი სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იცოდნენ, მაგრამ საქმეს საჭირო მსვლელობას მაშინვე არ აძლევდნენ. ამასობაში კი იას კვალი საერთოდ დამეკარგა“,- აღნიშნავს თინა ქიტიაშვილი და ამატებს, რომ გამოძიება 15 წლის გოგონას გაუჩინარებით იმიტომ არ დაინტერესდა, რომ ტრეფიკერებს პოლიციის იმდროინდელი მაღალჩინოსნები მფარველობდნენ. მისი თქმით, იას უგზო-უკვლოდ დაკარგვის საქმეს დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რომელიც აღნიშნულ საქმეში უკვე ოთხი თვეა ჩაერთო, აცხადებენ, რომ მათ მიერ შესაბამის უწყებებში საქმის მოსაძებნად მიმართვები დაიგზავნა. „აღმოჩნდა, რომ სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში ტრეფიკინგის ამ საქმის ირგვლივ ინფორმირებულები არ არიან. ბოლოს შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში საქმის ნომერი მოვიპოვეთ. ამჟამად გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია რა სტადიაზეა ძიება და ა.შ. ალბათ, კვირის ბოლოს უფრო დეტალური ცნობები გვექნება“,- განაცხადა ირაკლი ართილაყვამ. 

როგორც თინა ქიტიაშვილმა ადამიანის უფლებათა ცენტრს განუცხადა, უახლოეს დღეებში აპირებს პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს. „სამართალი ვერსად ვიპოვე. რატომღაც ჩემი უბედურებით და ტრეფიკინგის ამ საქმით ამ ხელისუფლების დროსაც არავინ ინტერესდება. არ მინდა დავიჯერო, რომ ნაძირალ ტრეფიკერებს მფარველები დღესაც ჰყავთ, მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპიროა. აღარაფერი დამრჩენია გარდა იმისა, პროტესტის უკიდურეს ფორმებს მივმართო. უახლოეს დღეებში შიმშილობას ვიწყებ. დამნაშავეებზეც აუცილებლად ვიძიებ შურს და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ თავს დავიწვავ, რადგან ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, იას მაინც ვერაფერს ვშველი“,- ამბობს სასოწარკვეთილი დედა. 

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები