კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი მომღერლის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან

10 მარტი, 2006

გორელი მომღერლის ოჯახს ლიკვიდაციით ემუქრებიან

შიდა ქართლის გუბერნატორის მიხეილ ქარელის „საპატივსაცემოდ“ გორში ლექსები და სიმღერები იწერება. ლექსის ავტორს, გორის ერთ-ერთ საბავშო ბაღის გამგეს აღსაზრდელის მშობლები გაუწყრნენ. რაც შეეხება სიმღერის ავტორს - მიშიკო კოშკაძეს, მასზე რისხვას თავად მხარის გუბერნატორი ავლენს. ქარელის გარემოცვის წევრები კი კოშკაძეს ლიკვიდაციით ემუქრებიან.

მიშიკო კოშკაძე მიმდინარე წლის თებერვალს გორში ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალი თაობის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად „კოლორიტ გორელად“ აღიარეს. კოშკაძესთან ერთად დასახელდა წლის გორელი, წლის ექიმი, ბიზნესმენი და ა.შ. უნდა ითქვას, რომ „წლის გორელ“ გენო პეტრიაშვილის სანახავად, რომელმაც ოსების ტყვეობაში 3 თვე გაატარა, მიხეილ ქარელი არც კი მისულა. წლის ბიზნესმენად დასახელებული გივი ჯამელაშვილი კი აცხადებს, რომ მიხეილ ქარელის წნეხის ქვეშ იმყოფება. აი, ასე სწყალობს შიდა ქართლის გუბერნატორი გორის ცნობილ ადამიანებს. ბოლო დროს მომხდარმა ინციდენტმა კი გორის საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

გორში დაბადებული და გაზრდილი მიშიკო კოშკაძე პეტერბურგიდან რამდენიმე ხნის წინ ჩამოვიდა და საკუთარ სიმღერებთან ერთად გორის მაყურებელს მიშა ქარელზე მიძღვნილი სიმღერაც აჩუქა.

სიმღერის გავრცელების შემდეგ, მიშიკო კოშკაძის სახლში არ წყდება სატელეფონო ზარები. კოშკაძეს ლიკვიდაციით  ემუქრებიან. ზეწოლას კოშკაძის მეგობრებიც განიცდიან. რამდენიმე დღის წინ კოშკაძის მეგობარი სამხედრო ფორმიანმა ადამიანებმა ჩაისვეს მანქანაში, წაიყვანეს სასაფლაოს ტერიტორიაზე და აიძულებდნენ ეთქვათ, თუ სად იმყოფებოდა მიშიკო კოშკაძე.

მიშიკო კოშკაძე ასევე აცხადებს, რომ მას მანამდე ნარკოტიკების ჩადებითაც ემუქრებოდნენ. აქცენტი კეთდება სამხედრო პოლიციაზე, რომელსაც რეგიონში სათავეში უდგას ყოფილი კრიმინალური პოლიციის უფროსი რეზო კლდიაშვილი. 

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ თუკი სიმღერის ტექსტი მიშა ქარელმა შეურაცხყოფად მიიღო, ამისათვის არსებობს სასამართლო და შეუძლია შეურაცხყოფისთვის იჩივლოს სასამართლოში. „თუ თანამდებობის პირს მოთმენის უნარი არ გააჩნია, მაშინ ასეთი თანამდებობის პირი უნდა გადადგეს თანამდებობიდან“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

საზოგადოების წევრები აცხადებენ, რომ თუკი კოშკაძის ოჯახზე კვლავ გაგრძელდება მუქარის ზარები, მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართება.

გორის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი კოტე გუდაძე აცხადებს, რომ მართალია სიმღერა პიროვნულად შეურაცხმყოფელია, მაგრამ თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება აქვს. კოტე გუდაძე სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც გორში ლალი ბაიაძის საბავშვო ბაღიდან ბავშვი გამოიყვანა იმის გამო, რომ ბაღის დირექტორმა ბავშვებს მიშა ქარელის სადიდებელი ლექსი ასწავლა.

რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანზაციის ხელმძღვანელი შალვა ტლაშაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მიხეილ ქარელი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, თანამდებობიდან უნდა გადადგეს და მოეშვას ჟურნალისტების, მომღერლების, ხელოვანების, ბიზნესმენებისა და საერთოდ, საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანების დაშინებასა და ფიზიკური ანგარიშსწორებით მუქარას.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები