კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მკვლელობის კვალი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნებისკენ მიდის

13 მარტი, 2006

მკვლელობის კვალი შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი  მაღალჩინოსნებისკენ მიდის

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ყოფილ ხელმძღვანელს ალეკო სუხიტაშვილს და ასევე მის მოადგილეს, რეგიონის კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს რეზო კლდიაშვილს დასაკითხად იბარებენ. როგორც „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ სამხარეო პოლიციის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი რამაზ ნასყიდაშვილი უცხადებს, 2004 წლის ნოემბერში, გორში, ღამით, ახალგაზრდა რეზო ბაშარულის მკვლელობასთან დაკავშირებით აუცილებელია სუხიტაშვილის და კლდიაშვილის დაკითხვა. გარდაცვლილის მამას თამაზ ბაშარულს ეჭვი აქვს, რომ მკვლელობა პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსნების მიერ მოხდა. ამჟამად, ალეკო სუხიტაშვილი და რეზო კლდიაშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები არიან.

2004 წლის 4 ნოემბრის ღამეს გორში მცხოვრებ თამაზ ბაშარულს დაურეკეს და ენერგოკომპანიის შენობასთან დაიბარეს. ადგილზე მისულ თამაზ ბაშარულს „ნივაში“ ჩაცხრილული შვილი აჩვენეს. სამართალდამცავებმა მამა დააჯერეს რომ მისი შვილი ავტომანქანას იტაცებდა და წინააღმდეგობის გაწევის დროს გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

გარდაცვლილის ახლობლებმა დღემდე იცოდნენ, რომ მის შვილს წინააღმდეგობა ავტომანქანის მფლობელმა გია ნაოჭაშვილმა გაუწია. თავდაპირველი ვერსიით, ბაშარულს სწორედ გია ნაოჭაშვილმა ესროლა იარაღი, რომელმაც საკუთარი „მანქანა დაიცვა“. აღნიშნულ ვერსიას ერთი წლის შემდეგ მიღებული სასამართლო ექსპერტიზის შედეგები თავდაყირა აყენებს.

მაშინდელმა გორის რაიონის პროკურორმა თამუნა ტლაშაძემ მკვლელობის საქმე იმ ვერსიით დახურა, რა ვერსიასაც სუხიტაშვილი ავითარებდა - ავტომანქანის გატაცების მცდელობისას გამტაცებლის ლიკვიდაცია. ცოტა ხანში, საქმე თაროზეც შემოიდო. რეალურად არ იყო გამოძიებული მკვლელობის დეტალები და არც ექსპერტიზის დასკვნას დაელოდნენ.

ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვლილის მამამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ერთი წლის შემდეგ მიიღო. ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩნდა, რომ რეზო ბაშარული მანქანაში არ იყო ჩაცხრილული. გაჩნდა ეჭვი, რომ გარდაცვლილი ავტომანქანაში მკვლელობის შემდეგ ჩასვეს და დაყაჩაღების ინსცენირება გაათამაშეს.

თამაზ ბაშარული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნავს, რომ მანქანის მიმართულებით ნასროლი ტყვიის და გარდაცვლილის სხეულში მოხვედრილი ტყვიების ტრაექტორიები ერთმანეთს არ ემთხვევა. იმ ავტომანქანას, რომელშიც გარდაცვლილი ესვენა, რამდენიმე ადგილას ემჩნევა ნატყვიარები. პოლიციის უფროსმა სუხიტაშვილმა და გორის პროკურორმა თამუნა ტლაშაძემ პირველადი მოკვლეული მასალებით ექსპერტიზის დასკვნის გარეშე „დაადგინეს“, რომ „ნივის“ მიმართულებით ნასროლი და რეზო ბაშარულის სხეულზე ნასროლი ტყვიების ტრაექტორიები ერთმანეთს ემთხვეოდა.

თამაზ ბაშარული კი ამტკიცებს: „ჯერ ერთი, ექსპერტიზის დასკვნით, ჩემი შვილის სისხლის კვალი არც ავტომანქანაში და არც ავტომანქანაზე არ აღმოჩნდა. მეორეც, „ნივა“ ისეთ მდგომარეობაში იყო შეჯახებული კედელთან, რომ არავითარი კვალი არ ჩანდა გატაცებისა. მანქანა სპეციალურად იქნა დამტვრეული. დღემდე ვითხოვდი ჩემი შვილის მკვლელობის დეტალურ გამოძიებას, მაგრამ ისე დახურეს ეს საქმე, რომ გამომძიებელს არც ექსპერტიზის დასკვნა ჰქონდა, არც უშუალოდ ის პოლიციის მაღალჩინოსნები ჰყავდა დაკითხული, რომლებიც შემთხვევის ადგილზე რატომღაც „ოპერატიულად აღმოჩნდნენ“. მე დღემდე მჯერა, რომ  ჩემი შვილი პოლიციელებმა მოკლეს. ეს განზრახ მკვლელობაა. ეს არ იყო ავტომანქანის გატაცების დროს აუცილებელი მოგერიების დროს გასროლილი ტყვიის შედეგად მომხდარი მკვლელობა. ჩემს შვილს როგორც ექსპერტიზაც ადასტურებს, ტანზე ავტომატის ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა ჯემპრზე, რომელიც მას ტანზე ეცვა, ემჩნევა მხოლოდ ერთი ნატყვიარი. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მეორე ტყვია „ვიღაცამ“ დაჭრილს მკერდზე მიბჯენით მოარტყა. უფრო ზუსტად, დაჭრილს სვიტერი აუწიეს და მეორე საკონტროლი ტყვია შიგ გულში ახალეს.“

დაზარალებულთა ეჭვის საფუძველს ისიც ამყარებს, რომ რეგიონის კრიმინალური პოლიციის უფროსი რეზო კლდიაშვილი ბაშარულს დაჭერით ემუქრებოდა და ფულს ძალავდა. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელთან საუბრისას, ბაშარულის ახლობლები, მართალია, აღიარებენ მის კონფლიქტს რეზო კლდიაშვილთან, მაგრამ ამ მკვლელობის ირგვლივ იმდენი გაურკვეველი დეტალია, საბოლოო დასკვნის გამოტანა მაინც  უჭირთ. თუმცა, ყველა დარწმუნებულია, რომ პოლიციელებმა ბაშარული მას შემდეგ აითვალწუნეს, რაც ეს უკანასკნელი პოლიციელებს ფულს აღარ აძლევდა.

გამომძიებელი რამაზ ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ ბევრჯერ დაიბარა ალეკო სუხიტაშვილი და რეზო კლდიაშვილი, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თავს იკავებენ. უფრო მეტიც, კლდიაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას ვერ ახერხებს, რადგან ამის უფლებას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური არ აძლევს.

წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში, რომელიც ჩვენ შემთხვევით ჩაგვივარდა ხელთ, მანქანის პატრონი გია ნაოჭაშვილი აღნიშნავს, რომ სროლის ხმა გორის ენერგოკომპანიის კაბინეტიდან მოესმა და როდესაც გარეთ გამოვიდა, მანქანა უკვე შეჯახებული ნახა, ხოლო შიგ - ჩაცხრილული პიროვნება. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, ნაოჭაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

შიდა ქართლის ოლქის პროკურორი მიხეილ აბულაძე აცხადებს, რომ  გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს სუხიტაშვილის და კლდიაშვილის ბრალეულობის დასამტკიცებლად.

ბაშარულის ადვოკატი ზაზა გიგაური აცხადებს, რომ იგი გამომძიებლის წინააღმდეგ საჩივრის შედგენას აპირებს, რადგან საჭიროა გამომძიებელი გამოძიების გაჭიანურებისთვის დაისაჯოს.


საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები