კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქოხებში გატარებული რვა წელი და უიმედო მომავალი

15 მარტი, 2006

ქოხებში გატარებული რვა წელი და უიმედო მომავალი

ხელვაჩაურის რაიონში ყოფილი ცემენტის ქარხნის საერთო საცხოვრებელ სახლში მცხოვრები 11 ოჯახი დღესაც იმ ქოხებში ცხოვრობს, რაც 8 წლის წინათ საერთო საცხოვრებელი სახლის დაწვის შემდეგ აიშენეს. მაშინ ფიქრობდნენ, რომ აქ რამდენიმე თვის გატარება მოუწევდათ. მას შემდეგ კი უკვე 8 წელი გავიდა. ხელისუფლების დანაპირები _ საცხოვრებლით მათი უზრუნველყოფა, დღემდე არ შეუსრულებია. მოსახლეობას მხოლოდ დახმარების სახით ხანძრის შემდეგ 150 ლარი მისცეს პირველადი ნივთების შესაძენად.

2004 წლის 16 აპრილს, ხელვაჩაურის რაიონის ბიუჯეტში დამწვარი ოჯახებისთვის 25 ათასი ლარი გადაირიცხა, (ბიუჯეტიდან მთლიანად დამწვარ ოჯახებზე 87 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ თანხა ეტაპობრივად უნდა გადმორიცხულიყო), მაგრამ აჭარაში ვარდების რევოლუციის შემდეგ თანხა ავტონომიის ბიუჯეტში უკან ბრუნდება.

დაზარალებულ მოსახლეობას კი ასე პასუხობენ: „ლევან ვარშალომიძემ გვითხრა წადით და ვინც თანხა გამოგიყოთ, (ასლან აბაშიძე იგულისხმება) იმას მოსთხოვეთო“, _ აცხადებს დაზარალებული ავთო ბედინაძე.

დაზარალებულმა მოსახლეობამ გასული წლის აგვისტოში, აჭარის მთავრობის შენობის წინ, 9 დღის მანძილზე ბავშვებთან ერთად იშიმშილა. მაშინ ხელვაჩაურის რაიონის ხელმძღვანელობამ მათ დაშლისაკენ მოუწოდა და სამაგიეროდ დანაპირების ასრულებას დაჰპირდა. „რაიონის გამგებლის მოადგილე, სულიკო ანთაძე დაგვპირდა - თანხები ერთ თვეში იქნებაო. ჩვენც დავუჯერეთ და კიდევ ერთხელ დავრჩით მოტყუებულები“.

მოსახლებამ დახმარებისათვის პრეზიდენტ სააკაშვილსაც მიმართა, რასაც არანაირი დახმარება არ მოჰყოლია. „ჩვენი წერილი სააკაშვილს პირადად ხელში მე გადავეცი. შედეგად კი ის მივიღე, რომ ვარშალომიძემ კიდევ ერთხელ დაავალა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას  სიტუაციის შესწავლა“, აცხადებს ნესტან ვარშანიძე.

„ხელვაჩაურის მთავარი გზის პირას ვცხოვრობთ. პრეზიდენტის ვიზიტისას გვიხაროდა, იქნებ შენიშნოს ჩვენი ქოხები, მაგრამ უშედეგოდ. ხელი დაგვიქნია მოსახლეობას და გაღიმებული სახით ჩაგვიარა“, _-იხსენებს ნარგიზა კახიძე.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ბეჟანიძე დაზარალებულ მოსახლეობას ფინური ტიპის სახლებს დაჰპირდა. სამინისტროს დანაპირები დღემდე დანაპირების სახით დარჩა. დაზარალებული მოსახლეობა კი დღესაც ქოხებში ცხოვრობს.

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა რაოდენობა ხელვაჩაურის რაიონში შეადგენს 114 ოჯახს.


მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები