კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკომანები მკურნალობას ითხოვენ, სახელმწიფოს კი მათთვის ფული არა აქვს

17 მარტი, 2006

ნარკომანები მკურნალობას ითხოვენ, სახელმწიფოს კი მათთვის ფული არა აქვს


ნარკომანიის პრობლემა საქართველოსთვის ისევ აქტუალურია. ოფიციალური სტიტისტიკით, საქართველოში დაახლოებით 170 000-240 000 ნარკომანია. სახელმწიფოს კი მათი მკურნალობისთვის თანხები არა აქვს. ბიუჯეტში ამ ხალხისთვის არცერთი ლარი არ არის გათვალისწინებული. არადა, მათ მკურნალობას სწორედ კანონმდებლობა უზრუნველყოფს.

კანონით „ნარკოტიკური დახმარების შესახებ“, ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი ავადმყოფია (მუხლი 2). სისხლის სამართლის კოდექსით კი  თუ ადამიანი შეიძენს, შეინახავს, გადაიტანს ან მოიხმარს ნარკოტიკს, ის დამნაშავეა და ისჯება (სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი).

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი გზა“-ს ხელმძღვანელი დალი უშარიძე ამბობს, რომ ნარკომანიის პრობლემის გადასაჭრელად ადამიანთა დასჯა საკმარისი არ არის: „თუ ვაღიარებთ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ავადმყოფია, მაშინ მას არ უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა საკუთარი სარგებლობისთვის არსებული ნარკოტიკის აღმოჩენისას, მას დახმარება უნდა გავუწიოთ. ნარკოტიკების მომხმარებელზე ადმინისტრაციული სასჯელი - ჯარიმა უნდა ვრცელდებოდეს და არა სს პასუხისმგებლობა. ეს აშკარა ადამიანის უფლებების დარღვევაა”.

გარდა სს კანონმდებლობისა, საქართველო შეერთებულია საერთაშორისო აქტებთან, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობას, ნარკომანების დახმარებასა და მათ სავალდებულო მკურნალობას გულისხმობს. ეს არის გაეროს 1961 წლის „ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ“, რომელსაც საქართველო 2000 წლის 23 თებერვალს მიუერთდა. 

ნარკომანების პრობლემის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას უარყოფითად აფასებს ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ხათუნა თოდაძე. მისი თქმით: „სახელმწიფოს მხრიდან თითოეულ ნარკომანზე გამოყოფილია ნული ლარი. სურვილის შემთხვევაში, ნარკომანს თავად უნდა ჰქონდეს სახსრები იმკურნალოს.  თუ მკურნალობისთვის საჭირო ფული არა აქვს, ბუნებრივია, განწირულია.  საშუალოდ, ერთი ნარკომანის მკურნალობა 1300 ლარი ჯდება.“

იგივეს ამბობს იურისტ-ექსპერტი ლადო სანიკიძე: „თუ ნარკომანს დაავადებული ჰქვია, ავადმყოფი საავადმყოფოში უნდა იყოს და არა ციხეში. არ მესმის, ავადმყოფობა დანაშაულად რატომ ითვლება. თუ სახელმწიფოს ნარკომანის უფასო მკურნალობა არ შეუძლია, მის ოჯახს უნდა მისცეს საშუალება, მას ღიად უმკურნალოს. დღეს ის ღიად იმიტომ ვერ მკურნალობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას, როგორც დამნაშავეს დევნის.”

რესპონდენტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელიც ეთანხმება და აცხადებს: „სამწუხაროდ,  კანონის  ერთ-ერთი ხარვეზი სწორედ ის არის, რომ მისი აღსრულება არ ხდება. სახელმწიფო ნარკომანებს არ მკურნალობს. მიზეზი კი ის არის, რომ სპეციალური პროგრამები და საჭირო დაფინანსება არ არსებობს. არსებული სახელმწიფო პროგრამა გათვლილია მხოლოდ 60 ავადმყოფზე, მაშინ, როცა ქვეყანაში 250 000 ნარკომანია.“

წერეთლის თქმით, სახელმწიფოს ხარჯზე მკურნალობასთან დაკავშირებით, მას უამრავი ადამიანი აწუხებს (ძირითადად ნაროკმანების დედები, ცოლები და ახლობლები) მაგრამ სახელმწიფოს მკურნალობის საშუალება არა აქვს: „კანონში არარეალიზებადი ჩანაწერები არ უნდა იყოს. თუ ვერ ვაკეთებთ, ჯობია ამოვიღოთ და რასაც ვაკეთებთ ის ჩავწეროთ.“

იგივე აზრი აქვს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილს. ის ამბობს, რომ  არსებული კანონმდებლობით, ადამიანის უფლებები ირღვევა და ის უნდა შეიცვალოს: „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა ნარკომანების მკურნალობასთან დაკავშირებით, არასაკმარისია და პრაქტიკულად 1 პროცენტი ექცევა ამ პროგრამის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, რეალურად ის ფინანსური მექანიზმები უნდა ჩაიდოს, რომელიც გარკვეულ შედეგს უზრუნველყოფს. მომხმარებლებთან დაკავშირებით კანონი ლიბერალური უნდა იყოს.“

ნარკომანიასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტი, კავშირმა „ალტერნატივა ჯორჯია“ მოამზადა. კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლის მიხედვით, ნარკოტიკების მომხმარებელი სს პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა.
რაც შეეხება თავად ნარკომანებს, რომელთაც მკურნალობის სურვილი აქვთ, მაგრამ საშუალება არა, ითხოვენ, კანონმდებელები მათ მიმართ უფრო ჰუმანურები იყვნენ და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინონ. 

ეკა გულუა

ახალი ამბები