კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს-მ მკვლელობის საქმე გაუხსნელად დახურა

22 მარტი, 2006

შსს-მ მკვლელობის საქმე გაუხსნელად დახურა

2003 წლის 23 ნოემბრის რევოლუციის ღამეს მომხდარ უბედურ შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულების ოჯახი დღემდე  გამოძიების დასრულებას და დამნაშავის დასჯას ელოდა, თუმცა, უშედეგოდ. შსს-მ სს საქმე ისე დახურა, არც გაუხსნია. მკვლელობაში ეჭვმიტანილს კი მინისტრი მერაბიშვილი ორთა ჭიდილში გამარჯვებისათვის აჯილდოვებს.

ტრაგედიის ისტორია კი ასეთია:  2003 წლის 23 ნოემბერს რუსთავის მხრიდან თბილისის მიმართულებით უშიშროების სამინისტროს სპეციალური ჯავშანტრანსპორტიორი „GTR“  მოძრაობდა, რომელსაც ავთანდილ მამალაძე მართავდა.  დაახლოებით 18.25 საათზე გორგასლის ქუჩაზე „GTR“ საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ „ბმვ“-ს ტიპის ავტომანქანას შეეჯახა. ავტომანქანაში მჯდომი ეთერ წულიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მძღოლი დავით საყვარელიძე კი მეორე დღეს. ბავშვებმა - სოფო და ბადრი წულიაშვილებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

მომხდართან დაკავშირებით, 2003 წლის 23 ნოემბერს შსს-ში სს კოდექსის 276-ე მუხლით (ავტოსაგზაო შემთხვევა) სამართლის საქმე აღიძრა. 26 ნოემბერს საქმე სამხედრო პროკურატურაში გადაიგზავნა. 2004 წლის 19 აპრილს კი ის უშიშროების სამინისტროს  საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა და ახალი სარეგისტრაციო ნომერი - 04990 მიენიჭა.

დაიკითხნენ მოწმები.  „GTR“  მძღოლის ჩვენებაში წერია, რომ მას მოძრაობის წესები არ დაურღვევია და 40 კმ.სთ სიჩქარით მოძრაობდა. დაზარალებული მარიამ საყვარელიძე  კი ამბობს, რომ მათი მანქანა დაახლოებით 50-60 კმ. სთ სიჩქარით მოძრაობდა და მათ დიდი სიჩქარით რაღაც დიდმა სამხედრო მანქანამ ჩაუქროლა.

იგივე ჩვენება მისცეს  „ბმვ“- ში მჯდომმა სოფო და ბადრი წულიაშვილებმა. 

საგამომძიებლო მოქმედებებიდან გამომდინარე, შეჯახების ზუსტი ადგილის დასადგენად სულ 8 ექსპერტიზა ჩატარდა.  აქედან 3 ექსპერტი ამტკიცებდა, რომ შეჯახება „ბმვ“-ს სავალ ნაწილზე მოხდა, ორი ექსპერტი კი ეჭვობდა, რომ ზუსტი ადგილის დადგენა შეუძლებელი იყო.  დანარჩენ ექსპერტებს კონკრეტული პასუხები არა ჰქონდათ.

2005 წლის 28 აპრილს დაზარალებული ოჯახის ადვოკატმა (ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის ადვოკატი) დავით მანაგაძემ პროკურატურიდან შეტყობინება მიიღო, რომ საქმის გამოძიება შეწყდა.  მიზეზად კი მითითებული იყო, რომ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო. „საქმეზე ჩატარდა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შეჯახების ზუსტი ადგილი ვერ დადგინდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები არ იძლევა საშუალებას, დასაბუთებული ვარაუდისთვის. ამიტომ, სს საქმე უნდა შეწყდეს“, - ვკითხულობთ თბილისის პროკურორის - ღოღობერიძის დასკვნაში.   

გარდაცვლილის დადამ, მარიამ საყვარელიძემ საქმის შეწყვეტის შესახებ ადვოკატისგან შეიტყო. მას პროკურატურის გადაწყვეტილება არ მიუღია.

როგორც დაზარალებული ამბობს, ასე არ გაჩერდება და მანამ არ მოისვენებს, სანამ დამნაშავე არ დაისჯება: „ვიცი, რომ საქმე შეწყვიტეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ როგორც გამოძიებაზე, ისე სასამართლოზე ზეწოლა ხდება. სხვა სათქმელი არაფერი მაქვს. საქმე ისე დახურეს, რომ არც წაუკითხავთ. მოსამართლე ციცვიძემ მკითხა რომელ ტრანსპორტში იჯექითო. საქმე წაკითხული რომ ჰქონოდა, ის არ უნდა სცოდნოდა, რომ „GTR“-ში არ ვიჯექი?  ნამდვილად არ მეგონა, რომ საქმეს ასე ჩაფარცხავდნენ. არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები. საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებ. ჩემი შვილის სისხლს არავის შევარჩენ. საქმეს იმიტომ არ ხსნიან, რომ არ უნდათ გახმაურდეს, რომ „ვარდების რევოლუცია“ სისხლიანი რევოლუცია იყო. თუ ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, შურს მაინც ვიძიებ“.

დაზარალებულის ადვოკატმა გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ შუამდგომლობა  უკვე მოაზადა. ის სასამართლოში ამ დღეებში შევა.

ადვოკატის თქმით,  „გამოძიების მიერ ექსპერტების წინაშე შეგნებულად იყო დასმული ისეთი სახის შეკითხვები, რომელზეც ექსპერტი ვერანაირაად ვერ გასცემდა ერთმნიშვნელოვან პასუხს. ერთადერთი რეალური სურათი, რომლითაც შესაძლებელია საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მასზე დართული სქემა, მოწმე გია პარკაძეს დაკითხვის ოქმი, გოჩა წულიაშვილის დაკითხვის ოქმი. თავის დროზე გამოძიებამ  აღნიშნული უტყუარი მტკიცებულებებზე უარი თქვა, რაც მამალაძის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებდა.“

აქედან გამომდინარე, ადვოკატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რეალურ მასალებზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვს.  რაც შეეხება სასამართლოს და პროკურატურას, ისინი მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ. 

ეკა გულუა

ახალი ამბები