კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დატერორებულმა ჟურნალისტებმა კახეთში აქცია გამართეს

23 მარტი, 2006

დატერორებულმა ჟურნალისტებმა კახეთში აქცია გამართეს

გურჯაანში, რაიონული გამგეობის შენობის წინ, კახეთის რეგიონული გაზეთ "იმედის" კორესპონდენტების მიერ, თავისუფალი სიტყვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შეწყვეტის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციას, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და გაზეთის მკითხველები შეუერთდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება ცილისმწამებლური პლაკატებით შეიარაღებული აქციითა და მორიგი ბრალდებებით გამოეპასუხა.

საპროტესტო აქციის დაწყებამდე გურჯაანის რაიონის გამგეობის შენობის წინ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კაკო სიხარულიძის ახლობლები და კლასელები იყვნენ მობილიზებულნი, რომელთა გაღიზიანებაც აქციის მონაწილეთა ლოზუნგმა, "კაკო სიხარულიძე, შეწყვიტე დამოუკიდებელი ჟურნალისტების ტერორი" გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორებს, გურჯაანის რაიონის გამგეობის თხოვნით, აქციის გადადება ან ჩაშლა სთხოვეს, აქცია მაინც ჩატარდა, თუმცა აღმოჩნდა რომ გაზეთ "იმედის" და ტელეკომპანია "თანამგზავრისა" ჟურნალისტთა გარდა სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებს ხელისუფლების მხრიდან პრობლემები არ ჰქონიათ.

"გასული და მიმდინარე წლის მანძილზე კახეთში არაერთი ჟურნალისტი გახდა ხელისუფალთა თავდასხმის ობიექტი. რომ აღარაფერი ვთქვათ, გაზეთ "იმედის" რედაქტორ გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ სერიულ თავდასხმებზე, ამა წლის თებერვალში, გელა მთივლიშვილისა და თელავის ტელევიზია "თანამგზავრის" კორესპონდენტ რომან ქევხიშვილის მიმართ თელავის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, არადა ეს ჟურნალისტები, სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს თელავის რაიონის გამგეობის მაღალჩინოსნებმა. გაძარცვეს დამოუკიდებელი გაზეთის "პროგრესის" რედაქციის ოფისი. ყველა ეს ფაქტი დღემდე გაუხსნელია. გარდა ამისა, გასულ კვირას რეგიონში მოქმედმა სამმა ჟურნალისტმა,  გამოაქვეყნა ე.წ. დასკვნა, რომელშიც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, სისხლის სამართლის დამნაშავედ არის წარმოდგენილი, უფრო სწორედ რეციდივისტად. ეს ყველაფერი მოდის ადგილობრივი ხელისუფლების, უშუალოდ კი კახეთის გუბერნატორის პეტრე ცისკარიშვილის, თელავისა და გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლების გოჩა მამაცაშვილისა და კაკო სიხარულიძის მხრიდან. მოვითხოვთ, შეწყდეს ეს ტერორი. საბჭოთა კავშირის დროშები, კი რომელიც ხელთ გვიკავია, ნიშანია იმისა, რომ გურჯაანში საბჭოთა დროა"- აღნიშნეს გაზეთ "იმედის" ჟურნალისტებმა.

აქციას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კახეთის ფილიალის სტუდენტები, ტელეკომპანია "თანამგზავრის" ჟურნალისტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. "ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც არაერთი პრობლემის მიუხედავად რეალურად აშუქებენ მოვლენებს, არ ერიდებიან მწვავე საკითხებს და ვუერთდებით მათ მოთხოვნებს"- განაცხადა "იურისტთა განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა თინათინ ფხოველიშვილმა.

"აქციას "მომზადებულნი" შეხვდნენ გურჯაანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, რადგან ისინი ჟურნალისტებს წინასწარ გამზადებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ტრანსფარანტებით დაუპირისპირდნენ, რომელიც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის პიროვნული ღირსებების შეურაცხყოფას უფრო ისახავდა მიზნად, ვიდრე მისი საქმიანობის არგუმენტირებულ კრიტიკას. უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ ამ ეტაპზე ჟურნალისტებთან ბრძოლა მოიგო, რადგან შეძლო მათი ერთმანეთთან დაპირისპირება. კახეთში მედია გახლეჩილია, რაც აქციაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა"- ამბობს დამოუკიდებელი ჟურნალისტი ლეილა მურაკაშვილი.

აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი არხის რეგიონულმა კორესპონდენტმა თეა ალავერდაშვილმა, რომლის მეუღლეც, პაატა ჯაჭვლიანი, ამავე არხის ოპერატორი და გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პრესმდივანია, ტელეკომპანიების ჟურნალისტებს გამგეობაში პრესონფერენციის გამართვის შესახებ ამცნო, სადაც გამგებლის მ/შ-ს პრესმდივანმა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კორუფციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და გამგეობის სახელით, პროკურატურისგან მთივლიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.
 
ტელეკომპანია "იმედის" რეგიონული კორესპონდენტის აღშფოთება აქციის მონაწილეთა ერთ-ერთ პლაკატზე პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პეტრე ცისკარიშვილის გამოჩენამ გამოიწვია. "დავუშვათ, კაკო სიხარულიძე და გოჩა მამაცაშვილი მედიაზე ზეწოლას ახდენენ, პეტრე რა შუაშია, ვისი ინიციატივაა?"-  კითხულობდა ჟანა დიდებაშვილი და ოპერატორს ანიშნებდა, აქცია ისე გადაეღო, რომ ბევრი ხალხი არ გამოჩენილიყო. კოლეგას ასეთი საქციელი გაზეთ "იმედის" რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა შემდეგნაირად ახსნა: `მიუხედავად ჩემი და საზოგადოების დიდი ნაწილის ღრმა პატივისცემისა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვების მიმართ, ვწუხვარ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჟანა დიდებაშვილი, საკითხებს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება, ტენდენციურად და არაობიექტურად აშუქებს, რადგან მისი ქალიშვილი - მარი შაშვიაშვილი, პეტრე ცისკარიშვილის პრესმდივანია. "რუსთავი 2"-ის რეგიონული კორესპონდენტი მაია მამულაშვილი კი ადგილობრივი გაზეთის რედაქტორიცაა, რომელმაც "მამხილა", რომ ჩემზე განხორციელებული თავდასხმები ჩემს მიერ არის ორგანიზებული. ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია და ხელისუფლებისგან არის მართული"- განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

ხუთშაბათს, 23 მარტს, 15 საათზე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში, ქართველი ჟურნალისტების უფლებების დაცვის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული საქართველოსათვის" პრესკონფერენციას გამართავს.

მარიამ ვარაზაშვილი

 

ახალი ამბები