კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატი თბილისის მერსა და კოლეგას სასამართლოში უჩივის

24 მარტი, 2006

დეპუტატი თბილისის მერსა და კოლეგას სასამართლოში უჩივის

საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირისპირება გამწვავდა. უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატის - ვალერი გელაშვილის პარლამენტიდან გაძევებას ითხოვს, ოპოზიცია კი „უღირსებო“ შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას, თბილისის მერის - გიგი უგულავასა და დეპუტატ ბიძინა ბრეგაძის დასჯას.

ახალი დაპირისპირების მიზეზი 84-ე სკოლის დაწვა გახდა. კერძოდ, 18 მარტს, სკოლას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მერმა გიგი უგულავამ იქვე განცხადება გააკეთა,  რომ სკოლა ოლიგარქმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა დაწვა. მას დეპუტატებმაც მხარი აუბეს და განაცხადეს, რომ ამ დანაშაულისთვის გელაშვილი უნდა დაისაჯოს. გიგი უგულავამ გელაშვილი იმიტომ დაადანაშაულა, რომ  მას ადრე ამ ტერიტორიის შეძენა სურდა. მისი თქმით, დეპუტატმა სკოლის დირექტორსა და განათლების მინისტრს მიმართა, რომ სკოლის ტერიტორია მისთვის დაეთმოთ, სანაცვლოდ კი ახალ სკოლას ააშენებდა. რადგან ამ წინადადებაზე უარი მიიღო, მისი დაწვა სცადა, რომ შემდგომ ეს ტერიტორია შეესყიდა.    

გიგი უგულავა: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვალერი გელაშვილი ჩართულია ბიზნეს საქმიანობაში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთმა ოლიგარქიულმა ჯგუფებმა ვერ აშანტაჟონ  ქართული პოლიტიკა. ამ დანაშაულის ჩადენისთვის ის მკაცრად უნდა დაისაჯოს.“

გელაშვილს ბანდიტი უწოდა დეპუტატმა ბიძინა ბრეგაძემ და პარლამენტიდან მისი გაძევება მოითხოვა: „ვალერი გელაშვილისნაირი ბანდიტების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამ ბანდიტმა პარლამენტი დატოვოს“.

მსგავსი განცხადებები ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს, სპეციალური საგამოძიები ჯგუფი შეიქმნას,   
რომელიც გელაშვილის ბიზნეს-საქმიანობას შეისწავლის. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამ საქმის შესწავლა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დაევალა. 

თავად გელაშვილი დღეს საქართველოში არ იმყოფება. ის მომავალ კვირას დაბრუნდება და უგულავასა და ბრეგაძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.  მისმა ადვოკატმა სამოქალაქო სარჩელი უკვე მოამზადა. ის პატივისა და ღირსების შელახვას ეხება. როგორც გელაშვილის თანაპარტიელები ამბობენ, უგულავასა და ბრეგაძეს უფლება არ ჰქონდათ, გამოძიების გარეშე უდანაშაულო ადამიანისთვის ბრალი დაედოთ, რითაც მათ  უდანაშაულობის პრეზუმცია და საქართველოს კონსტიტუცია (კონსტიტუცია მუხლი 40, სამოქალაქო კოდექსი -მუხლი 18) დაარღვიეს.       

ოპოზიცია გელაშვილის წინააღმდეგ შეგნებულ პროვოკაციაზე საუბრობს და  შს მინისტრს  დეპუტატის ცემის ფაქტის გამოუძიებლობისთვის პასუხს სთხოვს. შეგახსენებთ, რომ  2005 წლის ივნისში უცნობი ადამიანები გელაშვილს ქუჩაში თავს დაესხნენ და სასიკვდილოდ სცემეს. გამოძიებას კი დღემდე არც ეჭვმიტანილები ჰყავს და არც დამნაშავეები. „ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ მინისტრმა მერაბიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ამ საქმის გახსნა მისი ღირსების საქმეა. გამოძიებას კი საქმის გასახსნელად დღემდე არაფერი გაუკეთებია. ამის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ ღირსებაზე არ უნდა ილაპარაკოს“ - ამბობს  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი.  

დეპუტატი დავით გამყრელიძე კი ხელისუფლების მკვლელებისგან გაწმენდას ითხოვს: „ჯობია, ის გაუხსნელი საქმეები გახსნან, რომელიც საკმაოდ დაგროვდა და
ის გადაწყვეტილება მიიღონ, რასაც მერაბიშვილის გადაყენება ჰქვია. ვითხოვთ, ხელისუფლებიდან მკვლელებისა და დამნაშავეების გაწმენდას.“

გელაშვილის თანაპარტიელი, იურისტი  თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ გელაშვილის დისკრედიტაცია მაშინ დაიგეგმა, როცა მას ხელისუფლებასთან  პირველი კონფლიქტი მოუვიდა. ეს შარშან მოხდა და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობას უკავშირდებოდა.  „ალბათ გახსოვთ ამ გახმაურებული ისტორიის შესახებ. პრეზიდენტის რეზიდენციას გელაშვილის სამშენებლო ფირმა საკუთარი სახსრებით აშენებდა. სახელმწიფოს კი თანხა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ უნდა აენაზღაურებინა. როცა თანხის გადახდის დრო დადგა,  დეპუტატის „გადაგდება“  გადაწყვიტეს. როცა ამ ფირმამ ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მთელი ამბები. აქ საკმად სერიოზულ ფულზე იყო ლაპარაკი, დაახლოებით 5 მილიონზე. ამის გამო მოხდა ცემაც და ამის გაგრძელებაა ახალი სკანდალიც“ - ამბობს ხიდაშელი. 

20 მარტს დამწვარ სკოლასთან მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გელაშვილის პლაკატები დახვდათ წარწერით „ამან სკოლა დაგვიწვა.“

სკოლის მოსწავლეების თქმით,  უცხო კაცები იყვნენ მოსულები, რომელთაც ბავშვებს პლაკატების გაკვრა სთხოვეს და შეპირდნენ კარგ ნიშნებს დაგიწერთო. „ჩვენ პლაკატები არ გავაკარით და თვითონ გააკრეს“ - ამბობენ ბავშვები. დამწვარი სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიძე კი ყველას მოუწოდებს,  სკოლას პოლიტიკურ ინტრიგებში ნუ ჩარევენ.

გელაშვილის ბიზნესსაქმინობის შესასწავლად პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიამ უკვე მუშაობა დაიწყო. სავარაუდოა, რომ შედეგები ერთ თვეში გახდება ცნობილი. 

ეკა გულუა

ახალი ამბები