კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მოსახლეობა კახეთის ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას აუჯანყდა

27 მარტი, 2006

ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მოსახლეობა კახეთის ენერგოსადისტრიბუციო  კომპანიას აუჯანყდა

კახეთში საპროტესტო აქციები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. ქუჩაში ამჯერად ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მოსახლეობა გამოვიდა. ისინი პრეტენზიებს ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას უყენებდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების გულგრილობას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით ენერგოსადისტრიბუციო კომპანია მათ  მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ორმაგად და სამმაგად ახდევინებს: “ყოველთვის ორჯერ და სამჯერ იმაზე მეტს გვახდევინებენ, რაც ჩვენს მრიცხველზეა დაფიქსირებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამაზე ხმას არ ვიღებთ, მაგრამ როდემდე შეიძლება ასე?” – აცხადებენ შილდელები.

სოფლის მოსახლეობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ყოველთვიურად იხდიან, მათ დენი მაინც არ მიეწოდებათ.

“დენის გადასახადს ყოველთვის ვიხდით. პენსიონერებიც კი, რომლებიც თვიდან თვემდე 28 ლარის იმედზე არიან, იმაზე მეტს იხდიან, რასაც მრიცხველი წერს. დენს მაინც არ გვაძლევენ...” – აცხადებს შილდას მაცხოვრებელი ჯულიეტა ბურდიაშვილი.

აღშფოთებული მოსახლეობა ენერგოდისტრიბუციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ისინი შილდელებთან სასაუბროდ არ გამოსულან, მეტიც, ენერგოდისტრიბუციის თანამშრომლემა სოფლის ე.წ. “ელქსელების” შენობას ბოქლომი დაადეს და დაძაბულ სიტუაციას თავი აარიდეს.

მას შემდეგ, რაც ენერგოდისტრიბუციის კომპანიის წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას დაემალნენ, შილდელებმა პასუხი სოფლის საკრებულოს თავმჯდომარეს, ვანო კანანაძეს მოსთხოვეს. კანანაძე თანასოფლელებს პრობლემის მოგვარებაში ვერ დაეხმარა.

“მე თვითონაც ისე ვიხდი, როგორც ყველა. იყო პრეზიდენტის ბრძანება, რომ რასაც ინდივიდუალური მრიცხველი წერს, გადახდა იმის მიხედვით უნდა მოხდეს, მაგრამ რა ვქნა, როცა სამხარეო ენეგოკომპანიიდან გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის კერძო ენერგოკომპანია და თუ მათი პირობები არ მოგვწონს და გადახდის ასეთ ფორმაზე უარს ვიტყვით, ელექტროენერგიას აღარ მოგვაწვდიან,” განაცხადა ვანო კანანაძემ.

მოგვიანებით აქციაზე ენერგოდისტრიბუციის კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, გიორგი მამულაშვილი გამოჩნდა, თუმცა მოსახლეობის დასამშვიდებელი მასაც არაფერი უთქვამს: “მალე დაიწყება გამრიცხველიანება და ყველა ინდივიდუალური მრიცხველის მიხედვით გადაიხდის, მაგრამ სანამ ეს პროცესი არ დაიწყება, მოსახლეობამ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური საერთო მრიცხველის მიხედვით უნდა გადაიხადოს. სანამ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 80% არ ამოვიღებთ, მოსახლეობას დენს ვერ მივაწვდით...”

ინდივიდუალური მრიცხველების შესახებ მამულაშვილი აცხადებს, რომ “ის მრიცხველები, რომლებიც მოსახლეობას ოჯახებში აქვს დამონტაჟებული, მოძველებულია და ცუდად მუშაობს. სწორედ ამიტომ განსხვავდება მათ მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენება საერთო მრიცხველისაგან...”

მიუხედავად მამულაშვილის ასეთი განცხადებისა, შილდელები ირწმუნებიან, რომ ყოველთვიურად მათთან დენის გადასახადის ასაღებად მისული ინკასატორი ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებას ყოველთვის აფიქსირებს. შილდელებს აინტერესებთ “რატომ იწერს ინკასატორი მრიცხველის ჩვენებას, თუ ეს მრიცხველი ძველია და ცუდად მუშაობს,” მაგრამ მათთვის პასუხის გაცემას არავინ ფიქრობს.

სოფელი შილდა ერთადერთი სოფელი არ არის, სადაც მოსახლეობას მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ზედმეტად ახდევინებენ. მიუხედავად ამისა, პროტესტი ხმამაღლა მხოლოდ შილდელებმა გამოხატეს. თუ კახეთის ენერგოდისტრიბუციის კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, სოფლის მოსახლეობა პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

ვერიკო კობიაშვილი

ახალი ამბები