კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლის გუბერნატორის მთვრალმა მოადგილემ რესტორანი იარაღის სროლით აიკლო

31 მარტი, 2006

შიდა ქართლის გუბერნატორის მთვრალმა მოადგილემ რესტორანი იარაღის სროლით აიკლო

„მთვრალი მარლენ ნადირაძე რესტორანში დარბოდა და იარაღს უმიზეზოდ აქეთ-იქით ისროდა“,- აცხადებს ერთ-ერთი მოწმე, რომელიც 2004 წლის 9 სექტემბერს გორთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შიდა ქართლის საფინანსო პოლიციის თანამშრომლების ქეიფს შეესწრო. როგორც იგივე წყარო (რომელმაც თავი შეიკავა მისი სახელის საჯაროდ გაცხადებისგან) გვატყობინებს, თავიდანვე არსებობდა ეჭვი, რომ შემთხვევის დროს ორი თანამშრომელი სწორედ მარლენ ნადირაძის იარაღიდან გასროლილი ტყვიით დაიჭრა.

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოიძია მასალები (ინციდენტის მომსწრეთა ჩვენებები, რომლებიც არიან ლევან ვარდოშვილი და იოსებ კეჩხუაშვილი, ასევე ექსპერტიზის დასკვნები და მარლენ ნადირაძის ჩვენებები) რითაც დასტურდება, რომ რესტორან „გუდაბერტიაში“ ამჟამინდელ გუბერნატორის მოადგილე მარლენ ნადირაძე 2004 წლის 9 სექტემბერს ფინანსური პოლიციის ბალანსზე რიცხულ იარაღს მართლაც ისროდა.

საქმე იმაშია, რომ 2004 წლის 9 სექტემბერს შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის თანამშრომლები რესტორან „გუდაბერტიაში“ ქეიფობდნენ, რა დროსაც, როგორც მასალებით ირკვევა, თანამშრომლებმა სხვადასხვა იარაღებიდან სროლა დაიწყეს. დაიჭრა ორი ადამიანი. იმ დროისთვის გახდა ცნობილი, რომ ამ ფაქტის გამო პასუხს მარლენ ნადირაძეს მოსთხოვდნენ, რადგან შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსი მარლენ ნადირაძე იყო, მაგრამ საქმეში გაჩნდა ფინანსური პოლიციის უფროსის დავით კეზერაშვილის ბრძანება, სადაც წერია, რომ 2004 წლის 1 სექტემბერს მარლენ ნადირაძეს უფლებამოსილება დროებით ჰქონდა შეჩერებული და დროებით გადაყვანილი იყო გორის საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის მოვალეობის შემსრულებლად. ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შემდეგ კი მარლენ ნადირაძე კვლავ დაუბრუნდებოდა შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსის პოსტს. კეზერაშვილის ბრძანებიდან გამომდინარე, მარლენ ნადირაძე 2004 წლის 9 სექტემბერს როგორც თანამდებობის პირი, გადაურჩა პასუხისმგებლობას, თუმცა, იგი კვლავ ატარებდა ფინანსური პოლიციის ბალანსზე რიცხულ „მაკაროვის“ სისტემის იარაღს, რომლიდანაც მოახდინა გასროლა. სხვისი კუთვნილი იარაღის გამოყენების ფაქტზე კი მარლენ ნადირაძეს პასუხი არავინ მოსთხოვა.

უფრო მეტიც, შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა მარლენ ნადირაძე მოადგილედ დაინიშნა თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში, სადაც დღემდე მუშაობს. პარალელურად კი მარლენ ნადირაძე სხვადასხვა დროს ოსიაურის რეზერვისტთა ბანაკში ხან ათმეთაურია, ხან კი ასმეთაური...

მარლენ ნადირაძე „გუდაბერტიის“ ინციდენტთან დაკავშირებით ორჯერ არის დაკითხული. პირველად იგი 2004 წლის 10 სექტემბერს დაიკითხა, სადაც აღნიშნავს, რომ სროლის ხმა საპირფარეშოში ყოფნისას მოესმა და არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ინციდენტში. „მე მინდოდა დროულად წამოვსულიყავი სუფრიდან რადგან მეორე დღეს სამსახურში, საოლქო კომისიაში უამრავი საქმე მქონდა“,- წერს მარლენ ნადირაძე. რაც შეეხება 8 დღით ადრე გათავისუფლებული ნადირაძის მიერ ფინანსური პოლიციის კუთვნილი იარაღის გამოყენების ფაქტს, იგი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ფინანსური პოლიციის უფროსობიდან გათავისუფლების ბრძანება 9 სექტემბერს შეიტყო. ჩვენი ინფორმაციით კი, რესტორან „გუდაბერტიაში“ ქეიფი 9 სექტემბერს გვიან ღამით დაიწყო და 10 სექტემბრის დილის 2 – 3 საათამდე გაგრძელდა. სროლებიც სავარაუდოდ 10 სექტემბრის პირველი საათებშივე მოხდა.

2004 წლის დეკემბერში სისხლის სამართლის საქმე გენერალურმა პროკურატურამ გაითხოვა და გამოძიება ინტენსიურად განახლდა. შემთხვევის ადგილი ხელახლა დათვალიერდა და მარლენ ნადირაძის ჩვენება ყირამალა დააყენა. ექსპერტიზის დასკვნით, აღმოჩენილი იყო „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან გასროლილი ტყვიების ნაკვალევი. „მაკაროვის“ იარაღი კი მხოლოდ მარლენ ნადირაძეს ჰქონდა. საჭირო გახდა მარლენ ნადირაძის ხელმეორედ დაკითხვა. გამოძიებაც, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ მარლენ ნადირაძის ხელმეორედ დაკითხვით შემოიფარგლა. მომდევნო ჩვენებაში მარლენ ნადირაძე უკვე აღიარებს რომ მან იარაღიდან ისროლა. „სუფრაზე ჩემი მისვლიდან 10 წუთში გარეთ გავედი, რათა დამერეკა მობილურ ტელეფონზე. ამ დროისთვის ეზოში გაჩერებულ ერთ-ერთ ავტომანქანის კარებთან შევამჩნიე ჩემთვის უცხო პიროვნება. მე ვიფიქრე ეს პიროვნება მანქანას იპარავდა. ამიტომ მოვახდინე ჩემზე განპირობებული იარაღიდან 2 თუ 3 გასროლა ჰაერში. მე არ მითქვამს აქამდე ეს სამართალდამცავებისათვის, განსაკუთრებული აქ არაფერი არ იყო“,- აღნიშნავს ხელმეორედ დაკითხვის დროს მარლენ ნადირაძე.

„გუდაბერტიის“ ამბავი დღემდე დაუმთავრებელია, რადგან საქმე სასამართლოში კვლავ იხილება. არ არის გამოკვეთილი, რეალურად რატომ ატყდა სროლა რესტორნის კუპეში? რატომ დარბოდა ნასვამი მარლენ ნადირაძე რესტორნის კუპეში იარაღის სროლით? იყო თუ არა გამამართლებელი საბუთი იმისა, რომ ნადირაძემ გვიან გაიგო ფინანსური პოლიციის რიგებიდან მისი გათავისუფლების ბრძანების შესახებ და ფინანსური პოლიციის იარაღი 8 დღე უკანონოდ ატარა?! რატომ შეცვალა მარლენ ნადირაძემ ჩვენება 2004 წლის დეკემბერში და წინასწარ გამოძიებას რეალური ამბავი დაუმალა?!

აღსანიშნავია ასევე, რომ მარლენ ნადირაძე გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის თანაკურსელია. თუმცა, რგებს თუ არა მარლენ ნადირაძეს გენერალური პროკურორის თანაკურსელობა, საეჭვოა. მას უფრო შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი სწყალობს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები