კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქართველი ბიზნესმენები ხელისუფლების წნეხის ქვეშ

3 აპრილი, 2006

ქართველი ბიზნესმენები ხელისუფლების წნეხის ქვეშ

„ხელისუფლებას ვეკითხები, გჭირდებათ შეშინებული ბიზნესი? დაშინებული ბიზნესი ქვეყანას ვერ ააყვავებს“, - ეს სიტყვები ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნის, რომელმაც დუმილი დაარღვია და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა.

მართალია, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ბიზნესმენებს აშანტაჟებდა, ადრეც არსებობდა, მაგრამ ისინი ამის შესახებ საუბარს ვერ ბედავდნენ. თუმცა, 29 მარტს ბიზნესმენთა ფედერაციაში გამართულ გამართულ ბიზნეს ფორუმზე კი დაგროვილი პრობლემები გამოაშკარავდა.
 
ბადრი პატარკაციშვილმა ხელისუფლებას სათქმელი პირდაპირ უთხრა, მის მიმართ მიმდინარე ზეწოლაზე ისაუბრა და 160 მილიონი ლარი ახსენა, რაც ბიზნესმენებს პროკურატურის ფონდში გადაახდევინეს: „არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ სანდრო გირგვლიანის თემა პირველად ტელეკომპანია „იმედმა“ გააჟღერა. ზუსტად ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილობის მიზეზი და ამის გამო ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა „იმედის“ ჟურნალისტებზე და ხელი შევუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას. ბიზნესმენებს ხელისუფლებისთვის საკმაოდ დიდი თანხა გვაქვს გადახდილი. ერთ-ერთი ასეთი იყო პროკურატურასთან არსებული ფონდი, რომელშიც გადახდილია 160 მილიონი ლარი. ეს იყო ხარკის სახით აღებული თანხები ბიზნესმენებისგან. თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც არ იწვნია ეს. თავს უფლებას არ მივცემდი, სხვის მაგალითზე მელაპარაკა. ამიტომ, ჩემს მაგალითზე ვილაპარაკე. შეშინებული ბიზნესი ქვეყანას ვერ ააყვავებს. ამას ვთხოვ ხელისუფლებას, რომ შეგვიქმნას პირობა, თავისუფალი ბიზნესი ვაკეთოთ საქართველოში.“   

ბიზნესმენის გამოსვლა ხელისუფლებამ შანტაჟად მიიღო და საპასუხო განცხადებები გააკეთა. დეპუტატმა გიგა ბოკერიამ მას ოლიგარქი, ოპოზიციის მომავალი ლიდერი და დამფინანსებელი უწოდა და ქართული ბიზნესის დონ კორლეონესაც შეადარა. გიგა ბოკერია: „ამ უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ მან ვერ მიიღო პრივილეგიები, მან ვერ დაჩაგრა კონკურენტები და ვერ ჩამოყალიბდა ქართული ბიზნესის დონ კორლეონედ. მან წააგო რამდენიმე ტენდერი და ამის გამო გადაწყვიტა ეწარმოებინა თავდასხვა ხელისუფლებაზე. ბატონი ბადრი ვერ შეძლებს ხელისუფლების დაშანტაჟებას მისი ტელევიზიის ან მისი გავლენის მეშვეობით. მე მინდა ხაზი გავუსვა, თუ ვინ ებრძვის დღეს ქართულ ხელისუფლებას, ეს არის მოსკოვი, ეს არიან ოლიგარქები და ეს არიან ქურდები, ეს ბრძოლა მათი მარცხით დამთავრდება.“

გიგა ბოკერიას განცხადებებს სხვა დეპუტატებიც გამოეხმაურნენ.
ხელისუფლება პატარკაციშვილს კიცხავდა, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი ადამიანის უფლებების დარღვევებზე საუბრობდნენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ პატარკაციშვილზე თავდასხმა მისი ტელეკომპანიის ეთერით სანდრო გირგვლიანის მკვლელობის უცნობი დეტალების გახმაურებას უკავშირდება. საპარლამენტო ოპოზიცია ბიზნესის ხელისუფლებისგან, ხოლო  ხელისუფლების კრიმინალებისგან გათავისუფლებას ითხოვს.
 
ირაკლი იაშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: "ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტს ეს სტატუსი ავალდებულებდა ის ეთქვა, რაც თქვა. პატარკაციშვილმა გაბედა და ხმამაღლა განაცხადა ის, რომ ბიზნესში და ადამიანის უფლებებში სერიოზული პრობლემებია. ამის თაობაზე პოლიტიკური ოპოზიცია დიდი ხანია საუბრობს. მისი ტელევიზია „იმედი“ არის მთავარი დარტყმის მიზანი. ხელისუფლებამ რეიტინგულ ტელევიზიაზე იერიში  პირდაპირ რომ მიიტანოს, არ გაამართლებს. ამიტომ, ტელევიზიის ჩასაძირად იერიში მის მფლობელზე მიიტანეს. კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებები აშკარად ფეხქვეშ ითელება“.    

დეპუტატები პრეზიდენტს წარსულს ახსენებენ და ამბობენ, რომ სანამ მას ვინმე სჭირდება, კარგად იყენებს, როცა არ დასჭირდება, ნებისმიერ ადამიანს გაწირავს. ამ სიტყვების ავტორი პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელი ლევან ბერძენიშვილია. მას ხელისუფლებასთან ასეთი პრეტენზიები გაჩნია: „სანამ სააკაშვილი ძალიან კარგად არის ამა თუ იმ ბიზნესმენთან, მანამ  არაფერს ამბობს და ცუდს ვერ ხედავს. როგორც კი ვინმე  ხელისუფლებაზე ისეთ რამეს იტყვის, რაც მათ არ მოეწონებათ, მაშინვე დასაჭერები ხდებიან. აი, ეს არის ჩვენი მთავრობის სტრატეგია. ეხლა რომ უტევენ პატარკაციშვილს თუ ის დამნაშავე იყო ადრე სად იყვნენ? ადრე სჭირდებოდათ და ეხლა არ სჭირდებათ?"

პატარკაციშვილს ბიზნესმენმა, „კოკა-კოლას“ მწარმოებელმა  თემურ ჭყონიამაც დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ კი მის ბიზნესსაც საფრთხე შეექმნა. იმავე დღეს ქუჩაში კოკა-კოლას მოვაჭრეებს ჯიხურები დააკეტინეს და ვაჭრობა აუკრძალეს. ვრცელდება ინფორმაციები, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მალე მაუწყებლობას შეწყვეტს. ტელეკომპანიაში აღნიშნულზე საუბარს დუმილს ამჯობინებენ, მაგრამ ამბობენ, რომ ამის საფუძველი უკვე არსებობს, რადგან მათთან ეთერში ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიდიან და  მათ ჟურნალისტესაც პრობლემებს უქმნიან.     

რაც შეეხება თავად ბადრი პატარკაციშვილს, მან საქართველო უკვე დატოვა. როგორც მისი თანამოაზრეები ამბობენ, გამორიცხული არ არის, მას საქართველო საერთოდ დაატოვებინონ და იმ სიმართლეს შეეწიროს, რაც განაცხადა.  

ეკა გულუა

ახალი ამბები