20:15, Tuesday, 12.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს დაპატიმრებას უპირებენ

04.04.2006
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს დაპატიმრებას უპირებენ


ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ჟურნალისტმა  გელა მთივლიშვილმა, დღეს შს თელავის სამმართველოსა და თელავის რაიონულ პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა. ამის მიზეზი ის ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც თელავის რაიონულ სამმართველოში გელას დასაკავებლად პროვოკაცია იგეგმებოდა. 2006 წლის 7 თებერვალს შს თელავის სამმართველოში სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გელა მთივლიშვილის და თელავის ტელეკომპანია „თანამგზავრის“ კორესპონდენტის რომან ქევხიშვილის მიმართ.

ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის ცნობილი გახდა (წყაროს არ ვასახელებთ მისი უსაფრთხოების მიზნით), რომ თელავის რაიონულ სამმართველოში გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ შემდეგი პროვოკაცია იგეგმებოდა: დაკითხვაზე მისულ ჟურნალისტს ერთ-ერთი პოლიციელი სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებდა, შემდეგ ფიზიკურადაც შეეხებოდა ისე, რომ მას სახეზე ან სხეულზე არაფერი შემჩნეოდა. სამართალდამცავთა აზრით, გელა მთივლიშვილი სავარაუდოდ პასუხსაც დააბრუნებდა და ხმაურსაც ატეხდა ანუ პროვოკაციაზე წამოეგებოდა. ხმაურზე ოთახში ერთი ან რამდენიმე პოლიციის თანამშრომელი შევიდოდა. გელა მთივლიშვილს მაშინვე დააკავებდნენ და მას მორიგ ბრალდებასაც წაუყენებდნენ. ხულიგნობისათვის მას სავარაუდოდ 3-დან 8 წლამდე პატიმრობას შეუფარდებდნენ. მისი ხულიგნობის ფაქტს „მოწმეებიც“ დაადასტურებდნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრისათვის ცნობილი გახდა ისიც, რომ თელავის რაიონის გამგეობა მზად არის ტ/კ „თანამგზავრის“ ჟურნალისტის, რომან ქევხიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტოს და პასუხი მხოლოდ გელა მთივლიშვილს აგებინოს. ამ ფაქტს რომან ქევხიშვილიც ადასტურებს.
  
გელა მთივლიშვილი აცხადებს: „თელავის რაიონის გამგებლის მოადგილემ გია პაპუნაშვილმა, რაიონის გამგებლის მისაღებში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ჩემს წერილებზე გაღიზიანებულ საჯარო მოხელეს პასუხი ეგო ჟურნალისტის შეურაცხყოფისათვის, თელავის რაიონის გამგეობის წერილის საფუძველზე, რომელიც ჩემთვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა, შს თელავის სამმართველოში ჩემი და ჩემი კოლეგის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, თითქოსდა ჩვენ წინასწარ დავგეგმეთ თელავის რაიონის გამგეობაში დებოშის მოწყობა. ჩემზე განხორციელებულ არაერთ თავდასხმაზე გამოძიება საეჭვოდ დუმს და საკუთარ შეთითხნილ ვერსიებს, რომელიც მიზნად ჩემს მორალურ დისკრედიტაციას ისახავს, კონკრეტული ჟურნალისტების „დასკვნის“ სახით ახმოვანებინებს. ე.წ. „ხულიგნობის“ ფაქტის „გამოძიებისას“ კი სამართალდამცავები ძალიან „აქტიურობენ“. ჩემთვის არა ერთი, არამედ რამდენიმე სანდო წყაროსგან ცნობილი გახდა მაღალჩინოსან სამართალდამცავებს შორის შემდგარი დიალოგი, ჩემი დაპატიმრების შესახებ. ეს ინფორმაცია შს თელავის სამმართველოს გამომძიებელ ფაფიაშვილთანაც გადავამოწმე, რომელმაც განმიცხადა, რომ ჩემი დაპატიმრება მათთვის პრობლემა არ არის. არსებობს ამის ჩანაწერი.“ მთივლიშვილი იმასაც დასძენს, რომ მას თელავის პროკურატურაში დაკითხვაზე გამოსაცხადებლად პროკურორი ლევან საჩიშვილიც დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ მისი დაპატიმრება დღის წესრიგში არ დგას და ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის: „როგორც ჩანს გამომძიებელმა ფაფიაშვილმა პროკურორ საჩიშვილს ამცნო, რომ გავიგე რასაც აპირებენ. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა. მით უფრო, რომ წინა დღეებში ჩემი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს პოლიციის თანამშრომლები ტრიალებდნენ.“
 
ჟურნალისტის ადვოკატის ლია ხუროშვილის ინფორმაციით, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ სასამართლო რამდენიმე სარჩელს განიხილავს. მისივე თქმით, თავად გელა მთივლიშვილი სასამართლოში უჩივის გურჯაანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელს კაკო სიხარულიძეს, რომელმაც მთივლიშვილს საჯაროდ კორუმპირებული, თაღლითი, შანტაჟიორი და დაბრმავებული უწოდა. „ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გელა მთივლიშვილის შესაძლო დაპატიმრების მიზეზად, „ხულიგნობასთან“ ერთად ის კომპრომატები სახელდება, რომელიც გურჯაანის რაიონის გამგეობამ კახეთის საოლქო პროკურატურას გადაუგზავნა, რითაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კიდევ ერთხელ სდებენ ბრალს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. გელა ცდილობს საკუთარი უდანაშაულობა სასამართლოს გზით დაამტკიცოს, მაგრამ თითქმის ყველა რაიონული სასამართლო მის სარჩელს – კაკო სიხარულიძის წინააღმდეგ აცილებას აძლევს. საქმის განხილვის გაჭიანურებით კი ადგილობრივი ხელისუფლება სარგებლობს და იმ სატელევიზიო არხებით, რომელზედაც ხელი მიუწვდებათ, ავრცელებენ იგივე ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ ინფორმაციას. გარდა ამისა, გამგეობის შენობაში გამოაკრეს პლაკატები, სადაც წერია, რომ გელა მთივლიშვილი მატყუარაა და ა.შ“,- აღნიშნავს ადვოკატი.
 
პროკურატურა გელა მთივლიშვილის დაპატიმრების ვერსიას უარყოფს. შს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსი, ბაადურ გულიაშვილი ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ „სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჟურნალისტების გელა მთივლიშვილის და რომან ქევხიშვილის წინააღმდეგ აღიძრა, ალბათ შეწყდება, რადგან გელა მთივლიშვილი გამოძიებას არ ენდობა და დაკითხვაზე იმ მიზეზით არ ცხადდება, რომ თითქოს ჩვენ მას დაკითხვისას დავაპატიმრებთ...“
 
სამართალდამცავთაგან არავინ საუბრობს იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმე რატომღაც არ აღიძრა იმ საჯარო მოხელეთა წინააღმდეგ, რომელთაც ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამაგიეროდ თელავის რაიონის გამგეობის წერილის საფუძველზე ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმე დაუყოვნებლივ აღიძრა.
 
საგულისხმოა, რომ მცირე ხნის წინ მედია-საშუალების წარმომადგენლის დაპატიმრების მცდელობის ფაქტი კახეთში უკვე დაფიქსირდა. სამართალდამცავებმა ტელეკომპანია „თანამგზავრის“ დირექტორის დაკავება სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთების გამო ვერ მოახერხეს.   

ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ივანე
2010-12-17 19:38
თანამედროვე გმირია ..გელა მისი ტელეპონის ნომერი დადეტ რომ დუკავსირდეტ
სახელი: ივანე
2010-12-17 19:36
თანამედროვე გმირია ..გელა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC