კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადაცემა „პატრულს“ და „უბნის ინსპექტორს“ სასამართლოში უჩივიან

4 აპრილი, 2006

გადაცემა „პატრულს“ და „უბნის ინსპექტორს“ სასამართლოში უჩივიან

 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეტენზიებს უყენებს. ისინი შსს-ს მიერ მომზადებულ გადაცემას „უბნის ინსპექტორი“ აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. უკმაყოფილება კი იმან გამოიწვია, რომ ამ გადაცემით ოჯახური კონფლიქტების გაშუქება ხდება, რაც ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დარღვევაა.  

„უბნის ინსპექტორი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით 2006 წლიდან გადის. არასამთავრობო ორგანიზაციები და ამ გადაცემაში მოხვედრილი უბრალო მოქალაქეები მათი პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანას აპროტესტებენ და გადაცემის დახურვას ითხოვენ. მოსახლეობა უბნის ინსპექტორების არსებობას დადებითად აფასებს, თუმცა ვიდეოკამერებით შეიარაღებული პოლიციელები მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„უბნის ინსპექტორის“ ერთ-ერთ სიუჟეტში მოხვედრილი ოჯახი სასამართლოში აპირებს ჩივილს. ის საკუთარი ისტორიის შესახებ თავად მოგვიყვა და გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა, რადგან ეშინია, დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.

ეთერი: „კარგია, რომ ყველა უბანში ინსპექტორები გამოჩდნენ და წესრიგს იცავენ, მაგრამ თუ ისინი ვიდეოკამერებით ივლიან და ყველა ოჯახის პრობლემას ტელევიზიით აჩვენებენ, ასეთი დახმარება არავის სჭირდება. ეს მათი რეკლამა გამოდის და არა მოსახლეობის დახმარება. მათი ერთ-ერთი მსხვერპლი ჩემი ოჯახიც გახდა. მეუღლესთან კონფლიქტი მომივიდა და ამ ამბის გამო უბნის ინსპექტორი გადამღები ჯგუფით დაგვადგა. ყველაფერი მოგვაყოლეს ერთსაც და მეორესაც და ტელევიზიით აჩვენეს. როცა იღებდნენ, ვუყვიროდი ნუ მიღებთ მეთქი, მაგრამ არ გაიგეს. ამას უნდა აკეთებდეს ჩვენი „ბატონი“ მერაბიშვილი? ის ადამიანების უფლებების დამცველია, თუ კლოუნი, რომელიც მაყურებლებს შოუს უწყობს და ართობს? თუ მათი ტელეკამერების გარეშე მუშაობა არ შეუძლიათ, ასეთი პატრული არავის სჭირდება. თუ ოჯახში კონფლიქტი მაქვს, უბნის ინსპექტორი იმიტომ მჭირდება, რომ დაგვეხმაროს. თუ ჩვენს ამბავს მთელი ქვყანა გაიგეს, მათ კი არ გამოვიძახებთ, პირიქით, მოვერიდებით.“

გადაცემა „უბნის ინსპექტორი“-თ დაზარალებული მოსახლეობა პროექტის ავტორის სიტყვებს იხსენებს და აცხადებს, რომ მან ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელა. „თუ გახსოვთ, როცა „უბნის ინსპექტორი“ ეთერში პირველად გავიდა, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა და პროქტის ავტორმა გურამ დონაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: ცოტა სახალისო, ცოტა გასართობი და ცოტა სერიოზული გადაცემა იქნებაო. თუ გართობა და ხალისი უნდათ, ამისთვის მოსახლეობა კი არა, საკუთარი ოჯახები გამოიყენონ. კონსულტაციებს იურისტებთან გავივლით და აუცილებლად სასამართლოში ვუჩივლებთ”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

იგივე პოზიცია აქვთ ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, მათთვის ოფიციალურად დასახმარებლად ჯერჯერობით არავის მიუმართავს. „კონსტიტუციის 42-უ მუხლი“-ს წარმომადგენელი ეკა დარსანია ამბობს, რომ მსგავსი რამ კანონით ისჯება: „თუ ადამიანი თანახმა არ არის, რომ მისი პირადი ცხოვრება და პირადი ინფორმაცია გაშუქდეს და გამჟღავნდეს, ეს კანონდარღვევაა. ამას ამბობს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მე-20 მუხლის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, საუბარი, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებების მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. სხვა კანონები რომც არ მოვიშველიოთ, კონსტიტუცია არის უზენაესი და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როცა ადამიანს დააკავებენ, სანამ მას დანაშაულის ჩადენას არ დაუმტკიცებენ, დამნაშავე არ არის და მისი ტელევიზიით გამოჭენება, რაც თითქმის ყოველდღე ხდება, უდანაშაულობის პრეზუმპციის პირდაპირი დარღვევაა“.

იგივე პოზიცია აქვთ დეპუტატებსაც. როგორც მანანა ნაჭყებია ჩვენთან საუბრისას ამბობს, მოსახლება სწორად მოიქცევა, თუ სასამართლოს სარჩელით მიმართავს: „არა მარტო „უბნის ინსპექტორი“, არამედ გადაცემა „პატრულიც“ აშკარად არღვევს ადამიანის უფლებებს. იმიტომ, რომ ზოგიერთ მოქალაქეს და საქართველოს მოსახლეობას არანაირი სურვილი არა აქვს, მისი პრობლემები გახმაურდეს და საზოგადოების განსახილველი გახდეს. თუ რეალურად უბნის ინსპექტორებსა და პატრულს ადამიანთა დახმარება უნდათ, აუცილებელი არ არის, მოსახლეობის აფიშირება მოახდინონ. მათ შეუძლიათ, ადამიანებს დახმარება ხმაურისა და ტელეგადაღებების გარეშე გაუწიონ.  მხოლოდ პიარისთვის გაკეთებული საქმე წინასწარვე განწირულია. ეს არის აშკარა ადამიანის უფლებების შელახვა.“

ეკა გულუა

ახალი ამბები