კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრებს, რომლებმაც ოპოზიციას ჩვენებები მისცეს, სასტიკად გაუსწორდნენ

10 აპრილი, 2006

პატიმრებს, რომლებმაც ოპოზიციას ჩვენებები მისცეს, სასტიკად გაუსწორდნენ

27 მარტს მე-5 იზოლატორში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ამ საკანში დარჩენილ პატიმრებს ფიზიკურად ისევ უსწორდებიან. მათი ცემის მიზეზი კი ის გახდა, რომ მათ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩვენებები მისცეს და ციხეში მომხდარი ბუნტის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდეს. ამ პატიმრებთან არც ადვოკატებს უშვებენ და არც ახლობლებს.

ნაცემი პატიმრების ოჯახის წევრები „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. მათ არ სურთ თავიანთი ვინაობის გამხელა, რადგან ეშინიათ ანგარიშსწორების. მათივე  თქმით, თუ ადმინისტრაცია გაიგებს, ცემის შესახებ ინფორმაცია ვინ გაავრცელა, მათ კარგი დღე არ დაადგებათ. „2 დღეა ნაცემ პატიმართან არ გვიშვებენ. 5-ე იზოლატორში 3 დღის წინ 6 პატიმარი სცემეს. იქნებ დაგვეხმაროთ. პატიმრები შველას ითხოვენ, ჩვენ კი ვერაფერს ვახერხებთ. როგორც ჩემმა შვილმა შემატყობინა, ის ოპოზიციის დეპუტატს დაელაპარაკა, რაც ადმინისტრაციას არ მოეწონა. სწორედ ეს გახდა ანგარიშსწორების მიზეზი“, - გვითხრა ერთ-ერთი პატიმრის დედამ.     

მისი ადვოკატი კი ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციას პატიმრის ნახვის თხოვნით 3-ჯერ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. იგივე პრეტენზიები აქვთ დანარჩენი 5 პატიმრის ადვოკატებს.    

ადვოკატები და ნაცემი პატიმრის ახლობლები 5 აპრილს მე-5 იზოლატორის წინ შეიკრიბნენ, მაგრამ პატიმრების მდგომარეობის შესახებ ადმინისტრაციისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

მართალია, საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარეს ციხეში მომხდარი ბუნტის გამოსაძიებლად დეპუტატებისგან სპეციალური ჯგუფის შექმნა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ კი ოპოზიციამ გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო. სწორედ ამ მიზნით შევიდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კოკა გუნცაძე ციხეში. „პატიმრებს ჩემთვის არ მოუმართავთ და არ უთქვამთ, რომ  ჩემთან შეხვედრის შემდეგ მათ სცემეს. არაფერს გამოვრიცხავ. ისინი შეიძლება იმიტომაც არ მიკავშირდებიან, რომ ეშინიათ. აუცილებლად ისევ შევალ ციხეში და გავარკვევ. ისინი საკმაოდ შეშინებულები არიან; საუბარს გაურბიან,  თუმცა რამდენიმე საკანში მათთან გასაუბრება მოვახერხე. გამომატანეს ტყვიები, რომელიც სპეცოპერაციის დროს ციხეში გამოიყენეს. მითხრეს ის მიზეზებიც, რითიც დაიწყო ბუნტი. მათი თქმით, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმარი სცემეს და სწორედ ეს გახდა არეულობის მიზეზი. ბაჩო  ახალაია ამას პირველად არ აკეთებს, რაც პატიმრების უფლებების უხეში დარღვევაა. ყველა ფაქტს აუცილებლად საერთაშორისო ორგანიზაციებს გადავუგზავნი“, - ამბობს დეპუტატი.     

ის, რომ ციხეში ნაცემი პატიმრები არიან, ამას არც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე უარყოფს. თუმცა, მისი თქმით, პატიმრები თავად პატიმრებმა სცემეს: „ამ დღეებში ვნახე ერთ-ერთი სასტიკად ნაცემი პატიმარი. როგორც პატიმრებმა მითხეს, ისინი იძულებულები გახდნენ პატიმარი ეცემათ, რადგან ის იყო „ლომკებში“ და ძალიან შეგვაწუხაო.“

ნაცემ პატიმრებთან დაკავშირებით განცხადება სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმაც გააკეთა.  მან მე-7 საპყრობილეში 27 მარტის ამბოხის შემდეგ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაყვანილი პატიმრები, კერძოდ, ლ. ცინდელიანი, ზ. ვიბლიანი, გ. ავალიანი, პ. მამარდაშვილი, მ. ზედელაშვილი და ნ. მახარაძე მოინახულა. პატიმრების განცხადებით, ისინი 26 მარტს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. პატიმრებს სხეულზე და სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ. პატიმრები აცხადებდნენ, რომ მთელი დღეღამის განმავლობაში ლეიბების გარეშე იმყოფებოდნენ და რკინის ლოგინებზე უწევდათ წოლა. მიუხედავად იმისა, რომ დაშავებულები სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ, ექიმი მათთან მხოლოდ სახალხო დამცველის ძალისხმევის შედეგად შევიდა და აუცილებელი წამლები შეუტანა. თუმცა, მედიკამენტები არასაკმარისი აღმოჩნდა.

„განსაკუთრებულად მძიმეა პატიმარ ზედელაშვილის მდგომარეობა. ის პარალიზებულია, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, რის გამოც ვერ იცავს ელემენტარულ პირად ჰიგიენას. ასეთ პირობებში აუცილებლად მიმაჩნია პატიმრისათვის მომვლელის გამოყოფა, რათა არ შეილახოს მისი ადამიანური ღირსება და უფლებები“, - ამბობს სუბარი. 

საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართა, რათა აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყოს.

ეკა გულუა

ახალი ამბები