კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროფესორები ქუჩაში გამოსვლით იმუქრებიან

17 აპრილი, 2006

პროფესორები ქუჩაში გამოსვლით იმუქრებიან

უნივერსიტეტში ახალი რექტორის მისვლამ პროფესორ-მასწავლებლებში პანიკა გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი კადრების წმენდა და რეფორმები ხელახლა დაიწყება და ვინც ყოფილი რექტორის მიერ განხორციელებულ საკადრო პოლიტიკას გადაურჩა, ახალ რექტორის რეფორმების მსხვერპლი გახდება. ერთ-ერთი ინფორმაციით კი, უნივერსიტეტში კადრები 600 თანამშრომლემდე უნდა შემცირდეს.

ერთ წელიწადში უნივერსიტეტმა რექტორი უკვე მეორედ შეიცვალა. როინ მეტრეველი, რომელიც უნივერსიტეტს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რუსუდან ლორთქიფანიძემ 2005 წლის ოქტომბერში შეცვალა. მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს უამრავი პროფესორ- მასწავლებელი შეეწირა, რასაც მათი საპროტესო გამოსვლები მოჰყვა. მასვე უკავშირდება ინსტიტუტებისა და ფაკულტეტების გაერთიანება. ლორთქიფანიძეს რექტორობა მხოლოდ 6 თვე დასცალდა. 2006 წლის 7 აპრილს ის არასამთავრობო ორგანიზაციის "თავისუფლების ინსტიტუტის" ყოფილმა წარმომადგენელმა, პროფესორმა გია ხუბუამ შეცვლა. მისი პირველი რეფორმატორული ნაბიჯი წინამორბედის მიერ გაერთიანებული ფაკულტეტების დაშლაა. პროფესორ-მასწავლებლები ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა სხვა გეგმები არ მოსწონთ და აცხადებენ, რომ უნივერსიტეტისადმი არასერიოზული დამოკიდებულება ერს დაღუპავს.

"უნივერსიტეტთან მსგავსი არასერიოზული დამოკიდებულება არ შეიძლება. სად გაგონილა, წელიწადში 2 რექტორი შეიცვალოს და ორივემ საკუთარი შეხედულებით ჩაატაროს წმენდა. ერთხელ ხომ გაყარეს თანამშრომლები, რომლებიც თითქოს კორუმპირებულები იყვნენ, ეხლა რაღას გვერჩიან? უნივერსიტეტს განათლებული ხალხი სჭირდება და არა პოლიტიკური ნიშნით დანიშნულები. სად გაგონილა, პროფესორი შიმშილობდეს, ეს მარტო ჩვენს ქვეყანაში ხდება. ვინც ლორთქიფანიძემ არ გააგდო იმის მოლოდინში ვართ, რომ ახალი რექტორი დაგვიძახებს და გვეტყვის სამსახურიდან თავისუფლები ხართო. ასე ხომ არ შეძლება. ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენს უფლებებზეც  ხომ უნდა იზრუნოს ვინმემ", -აცხადებენ ფროფესორ-მასწავლებლები.

გია ხუბუა არ უარყოფს, რომ უნივერსიტეტში ხელახალი წმენდა ჩატარდება, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ღირსეულები დარჩებიან. რაც შეეხება გაერთიანებული ფაკულტეტების ისევ განცალკავებას, მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის მიღებული არ არის და ეს დამოკიდებული იქნება პროფესორ-მასწავლებელთა პოზიციაზე.

დაშინებული პროფესორები კი ამბობენ, რომ ფაკულტეტების გაერთიანება დაუფიქრებლად და ნაჩქარევად მოხდა. მათივე თქმით, ლორთქიფანიძე სწორედ ამას შეეწირა: "როგორც იქნა, დარწმუნდნენ, რომ 5, 6 თუ 7 ფაკულტეტის გაერთიანებამ არ გაამართლა. ის ისევ ლორთქიფანიძეს რომ დაეშალა, შეცდომის აღიარება იქნებოდა. ეხლა კი ადგნენ, რექტორი შეცვალეს და ლორთქიფანიძის შეცდომები ახალმა უნდა გამოასწოროს. უნივერსიტეტში სულ 5 000 პროფესორი ასწავლიდა. ნახევარი გაყარეს და დაახლოებით 3 000-მდე დატოვეს. ამათი გეგმის მიხედვით, ეს რიცხვიც უნდა შემცირდეს და საბოლოოდ 600 პროფესორ-მასწავლებელი უნდა დარჩეს. ეს კი უნივერსიტეტის დაღუპვას ნიშნავს. 600-მა პროფესორმა ვის რა უნდა ასწავლოს? რა მაგალითს ვაძლევთ მომავალს? ვეუბნებით, რომ განათლება და მეცნიერება საჭირო არ არის, რადგან, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ქუჩაში აღმოჩნდეთ. რა ქნან იმ ახალგაზრდა მეცნიერებმა, რომლებმაც მომავალ პროფესიად მეცნიერება აირჩიეს? კითხვები არსებობს, პასუხები კი არა."   

უნივერსიტეტის მასწავლებლებს უამრავი სათქმელი აქვთ, მაგრამ ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავენ. ეშინიათ, მათი განცხადებები საწინააღმდეგოდ არ  შეუტრიალდეთ. ამიტომაც გვთხოვეს, მათი სიტყვები გვარ-სახელების გარეშე დაგვეწერა.

რექტორის შეცვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ხუთმა დეკანმა დაწერა. ისინი არიან არჩილ უგულავა - საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტი; გოჩა ჯაფარიძე - ჰუმანიტარული მეცნიერება; დავით კერესელიძე - იურიდიული ფაკულტეტი; დავით აფრასიძე - სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტი და მიხეილ ჯიბუტი - ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი.

მათი საქმე ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, როგორც რექტორი ამბობს, განცხადების დაწერა თანამდებობის ავტომატურად დატოვებას არ ნიშნავს. პროფესორები ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას იმაში ხედავენ, რომ მათ ხმის ამოღება არ შეუძლიათ. მათი თქმით: "სათქმელი  და პრობლემა მრავალია, მაგრამ ხმას თუ ამოვიღებთ, სამსახურებს დაგვატოვებინებენ. ისეთ მიზეზს დაასახელებენ, რომ ვერც შევედავებით. იტყვიან, ან რეორგანიზაციაა ან რეფორმაო. ამაზე მეტი უფლებების დარღვევა რა უნდა იყოს?"   

პროფესორ მასწავლებლები რექტორთან და შემდეგ განათლების მინისტრთან შეხვედრას და პრობლემებზე საუბარს გეგმავენ. თუ არაფერი გამოუვიდათ, ქუჩაში გამოსვლით იმუქრებიან.

ეკა გულუა

ახალი ამბები