კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წაბლანელები ჯერ კიდევ სტიქიის პირისპირ რჩებიან

26 აპრილი, 2006

წაბლანელები ჯერ კიდევ სტიქიის პირისპირ რჩებიან

1989 წლის 19 აპრილს ამ სოფლის 24 ადგილობრივი მკვიდრი სტიქიის შედეგად ცოცხლად დაიმარხა. ამის შემდეგ, სოფელი წაბლანა ეკოლოგიურად საშიშ ზონად არის გამოცხადებული. სტიქიის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოსახლეობა სოფლიდან გამოასახლა. საკუთარი საცხოვრებელი ამ ოჯახებს დღემდე არ გააჩნიათ. მათთვის გამოყოფილი თანხები დაიკარგა, პასუხი კი არავისთვის მოუთხოვიათ.

„ჩვენთვის გამოყოფილი იყო ტერიტორია აღმაშენებლის ქუჩაზე და ბინის მშენებლობისთვის საჭირო თანხაც - 2 მილიონ 700 ათასი მანეთი. თუმცა, თანხა დაიკარგა, მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე გურამ ვარშალომიძის პასუხისმგებლობას კი დღესაც არ აყენებენ, რადგან ლევან ვარშალომიძის მამაა. დაზარალებულები კი ჩვენ დავრჩით“, - განაცხადა ნუგზარ შაინიძემ.  

გამოსახლებიდან 1993 წლამდე, 220 ოჯახი სანატორიუმებში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ბინის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები გამოიყო, მათ კვების ხარჯებს მთავრობა აღარ იღებდა. ამიტომ წაბლანელები იძულებულნი გახდნენ ისევ სოფელს დაბრუნებოდნენ. „შიმშილით სიკვდილს ვარჩიეთ, რომ სოფლისთვის შეგვეფარებინა თავი. რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, თითო ოთახ სანატორიუმში დავიხოცებოდით მშიერი, თუ სახლი დაგვემხობოდა თავზე. სოფელში დაბრუნებულებმა ცხოვრება ნულიდან დავიწყეთ. პირუტყვი და ქათამი, რაც გვყავდა გასახლებისას წაგვართეს“, - განაცხადა დაზარალებულმა თამაზ მახარაძემ.

წაბლანელთათვის ბინები აღმაშენებლის ქუჩაზე უნდა აშენებულიყო. გამოყოფილ ტერიტორიაზე მშენებლობის დასაწყებად საძირკველიც ამოუღიათ, მაგრამ მოგვიანებით ისევე მიწით ამოუვსიათ. 

მოსახლეობა კი დღემდე სოფლად ყოველდღიური საშიშროების ქვეშ ცხოვრობენ. „ყოველი წვიმის დროს, მიწა მოძრაობს და გორებიდან ქვევით მოდის. 1989 წლის შემდეგ, რამდენჯერმე იყო სტიქია, მაგრამ მსხვერპლი ჯერჯერობით არ ყოფილა. არა მხოლოდ ზამთარში, ზაფხულის წვიმაშიც არის საშიშროება“- აცხადებს მოსახლეობა.

ხულოს რაიონის სოფელ წაბლანას მოსახლეობა აჭარის მთავრობის შენობის წინ ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდა. აქცია დროებით შეწყვიტეს, თუკი მათ სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება, შემდეგშიც აპირებენ მსგავსი აქციების გამართვას. აქციის მონაწილეებს მხოლოდ უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი შეხვდა. ლევან ვარშალომიძე მათ არ შეხვედრია. საბჭოს წევრები მათი პრობლემის სხდომაზე განხილვას დაპირდნენ.

ამ წლის აჭარის ბიუჯეტში კი წაბლანელთათვის თანხა გათვალისწინებული არაა. ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა გუჩმანიძე სოფელ წაბლანის მკვიდრებს წალკასა და ახმეტაში გადასახლებას სთავაზობს. „წაბლანელთა ბინის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა ორ ბინათმშენებლობის კოოპერატივს გადაეცა, მაგრამ იმ პერიოდში ფულმა ინფლაცია განიცადა, და მშენებლობის არ დაწყების მიზეზი ეს იყო. პრეზიდენტის პროგრამის მიხედვით, შეიძლება ამ წლის შესყიდვებში, რომელიც მაისში დაიწყება, წაბლანელებიც ჩაისვან და განვასახლოთ“- აცხადებს გუჩმანიძე.

წაბლანელთა მშვიდობიანი აქცია არ დაურბევიათ. თუმცა, ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა: „ნუ დაგვარბევთ“. 19 აპრილს წაბლანელები სოფელში დაბრუნდნენ. თუმცა, მათი პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში აქციის გაგრძელებას მაისის თვეშიც აპირებენ.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები