კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკელები სასამართლო რეფორმებს უაყოფითად ან ნეიტრალურად აფასებენ

28 აპრილი, 2006

ამერიკელები სასამართლო რეფორმებს უაყოფითად ან ნეიტრალურად აფასებენ

ამერიკის იურისტთა ასოციაციამ საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით 2005 წლის შეფასება გამოაქვეყნა. დასკვნა არადამაკმაყოფილებელია. 30 ფაქტორიდან დადებითი შეფასება მხოლოდ ერთმა დაიმსახურა, დანარჩენი 29 ფაქტორი შეფასებულია როგორც უარყოფითი ან ნეიტრალური.

მართალია, შესავალში ნათქვამია, რომ გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნით მათ ავტორებს და ის არ უნდა იქნას მიჩნეული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალურ მოსაზრებად, თუმცა ფაქტი სახეზეა.

რაც შეეხება თავად შედეგებს, დადებითი შეფასება მხოლოდ მოსამართლეთა ანაზღაურებამ მიიღო. უარყოფით შეფასებათა კატეგორიაში მოხვდა: უწყვეტი იურიდიული განათლება, სასამართლოს იურისდიქცია და სამოქალაქო უფლებები, წესრიგის უზრუნველყოფა სასამართლოში, საბიუჯეტო დაფინანსება, სასამართლო შენობები, სასამართლო უსაფრთხოება, გარანტირებული უფლებამოსილების ვადა, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლება და დისციპლინური დევნა, მოსამართლეთა ასოციაციები, სასამართლო გადაწყვეტილებები და ზეწოლა, მოსამართლეთა თანამდებობები, საქმეთა რეგისტრაცია და აღრიცხვა, კომპიუტერები და საოფისე ტექნიკა, არსებული კანონების დანაწილება და ინდექსაცია, მასმედიისა და საზოგადოების დასწრება სასამართლო სხდომებზე. 
ნეიტრალური შეფასება მიიღო: მოსამართლეთა კვალიფიკაცია და მომზადება, შერჩევისა და დანიშვნის პროცესი, უმცირესობათა და გენდერული ბალანსი, სასამართლოს კანონის გადასინჯვის უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლო, მოსამართლეთა დაწინაურების ობიექტური კრიტერიუმები, მოსამართლის ხელშეუხებლობა, საქმეთა განაწილება, მოსამართლეთა ქცევის შესახებ საჩივრის შეტანის წესი, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება, სასამართლო არქივები.


ანგარიშში ასევე საუბარია იმ პრობლემებზე, რაც სასამართლო დამოუკიდებლობას უშლის ხელს. მათ შორის ერთ-ერთი მწვავე საკითხია ზეწოლა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პროკურატურის მხრიდან. შემდეგ მოდის სასამართლო დამოუკიდებლობის დისციპლინარული დევნის ხერხის გამოყენება და ნათქვამია, რომ გავრცელდა მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინური საჩივრის შეტანის პრაქტიკა, ნაცვლად მათი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა. კიდევ ერთი საკითხი, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას უშლის ხელს, ანგარიშის მიხედვით, არის მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პრინციპი. კერძოდ, ნათქვამია, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გარდა, საერთო სასამართლოების მოსამართლეები ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან საქართველოს პრეზიდენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო გამოცდა. ზოგი მოსამართლის შერჩევის საფუძველი გაუგებარია და არაგამჭვირვალე.“

ამერიკის იურისტთა ასოციაცია სასამართლო რეფორმების იმ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, რომელსაც საქართველოში სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეთ. ესენია: 1. არსებულ მოსამართლეთა თანამდებობების რიცხვის გაზრდა და მოსამართლეთა ვაკანსიების საკითხის გადაჭრა, რაც სასამართლო განხილვების დროში გაჭიანურებას იწვევს;
2. მოსამართლეთა საწყისი ტრენინგის დახვეწა და უწყვეტი სწავლების შესაძლებლობების გაზრდა;
3. ტრენინგზე აქცენტის გაკეთება პროფესიული ეთიკის საკითხებზე;
4. გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტურობის გაზრდა, კერძოდ, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების სფეროში.  

ანგარიშში ასევე განმარტებულია, თუ რატომ დაიმსახურა 30 ფაქტორიდან 29-მ უარყოფითი თუ ნეიტრალური შეფასება. მოსამართლეთა შერჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა არ არის გამჭვირვალე, ასევე არ არსებობს მათი შერჩევის კრიტერიუმი...“ ამავე საკითხთან დაკავშირებით, შეფასებაში ვკითხულობთ: „საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული გამსვლელი ქულა ძალაში რჩება 7 წლის განმავლობაში. შესაძლებელია ამ შედეგების ეჭვქვეშ დაყენებაც, ვინაიდან, ახლად დანიშნული მოსამართლეებისგან ზოგმა გამოცდა შევარდნაძის მმართველობის დროს ჩააბარა, როცა მოარული ხმების თანახმად, გამსვლელი ქულის მისაღებად გამოსაცდელს 2000 დოლარი უნდა გადაეხადა.“

სასამართლო იურისდიქციასა და სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებით „შეფასება უარყოფითია“. დასკვნაში ახსნილია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია შეიცავს უფლებათა დაცვის შთამბეჭდავ ჩამონათვალს, მათი დაცვა საკმაოდ რთულია. ამ ნაწილში ასევე ვკითხულობთ: „საქართველომადამიანთა უფლებების ევროპული კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, თუმცა სასამართლოები იშვიათად ეყრდნობიან მას გადაწყვეტილებების გამოტანისას.“

ამავე თავის მიხედვით, ერთ-ერთი პრობლემაა ბრალდებულთა რიცხვი წინასწარი დაკავების იზოლატორებში, რომელთა დაკავების მტკიცებულება პრაქტიკულად არ არსებობს.

შეფასება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც ეხება. კერძოდ, „ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება იმდენად რთულია, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოსადმი მიმართვას აზრი არა აქვს. კიდევ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სასამართლოები ვერ ართმევენ თავს ადამიანის უფლებათა დარღვევის თაობაზე საქმეების განხილვას, პირველ რიგში საქმეთა განხილვის დროში გაჭიანურების გამო.“

დასკვნის მე-20 ფაქტორი სასამართლო გადაწყვეტილებებსა და ზეწოლას „შეფასება უარყოფითი“ ეხება. ანალიზის საფუძველი კი შემდეგნაირად არის ახსნილი: „საქართველოს სასამართლო სისტემის ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ზეწოლა, რომელსაც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიუხედავად, ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლება და პროკურატურა, განსაკუთრებით კი სს საქმეებზე. კონსტიტუცია ადგენს, რომ მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით (კონსტიტუციის მუხლი 84.1).    

რაც შეეხება მოსამართლეთა ხელფასებს, ეს ის ფაქტორია, რომელიც დადებით შეფასებას იმსახურებს; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი 4 100 ლარია, მოადგილის - 3 300, მოსამართლის კი 3 000, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი - 4 100 ლარი, მოადგილის - 3 600, მოსამართლის - 3 000 ლარი; სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი - 3 000 ლარი, მოსამართლის - 1650, რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასი - 1 650, მოსამართლის კი 1 450 ლარი.

ეკა გულუა

ახალი ამბები