კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლას კრძალავენ

3 მაისი, 2006

გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლას კრძალავენ

გალის რაიონის მოსახლეობა იძულებულია, შვილები ზუგდიდის სკოლებში ატარონ, რადგან აფხაზური ადმინისტრაცია სკოლებში ქართულად სწავლას კრძალავს. მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, ქართველი მასწავლებლები კი აცხადებენ, რომ ისინი სერიოზულ ზეწოლას განიცდიან.

აღნიშნული პრობლემის შესახებ სწორედ იმ ქართველი მასწავლებლებისგან გახდა ცნობილი, რომლებიც გალის სკოლებში ასწავლიან. მათი თქმით, გალის აფხაზურმა ადმინისტრაციამ პედაგოგები არაერთხელ დაიბარა და მკაცრად გააფრთხილა, რომ თანდათანობით ქართულად სწავლება რუსულით შეეცვალათ.

~ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრი~ გალის ქართული სკოლის ერთ-ერთ მასწავლებელს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, სიტუაცია საკმაოდ მწვავეა: ~გალის აფხაზური ადმინისტრაციაში ქართველი პედაგოგები არაერთხელ დაგვიბარეს და გვკითხეს რუსულ ენას რა დონეზე ვფლობდით. ამის შემდეგ კი მითითება მოგვცეს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ქართულ სკოლებში ქართულის ნაცვლად რუსულად უნდა გვესწავლებინა. გაგვაფრთხილეს, რომ ვინც ამ მითითებას არ დაემორჩილებოდა, სამსახურს დაკარგავდა და გარდა ამისა, დაისჯებოდნენ კიდეც. თუ საქართველოს მთავრობა არ დაგვეხმარა, იძულებულები ვიქნებით, სამსახურებზე უარი ვთქვათ და არც ბავშვები გავუშვათ რუსულ სკოლებში. წარმოუდგენელია, რომ შენს საკუთარ ტერიტორიაზე მშობლიური ენის სწავლება აგიკრძალონ~.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აფხაზეთის ადმინისტრაციამ განცხადება გააკეთა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და პედაგოგებს არავინ აშანტაჟებს. ამის მიუხედავად, ქართველი დეპუტატები აცხადებენ, რომ პრობლემა მართლაც სერიოზულია და თუ გალში ქართულის სწავლება აიკრძალა, აფხაზურ ადმინისტრაციას ამისთვის პასუხი მოეთხოვება.

როგორც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათ მოსალოდნელი საფრთხის წინაშე ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნეს.

ნოდარ გრიგალაშვილი: ~ამ ეტაპზე გალის რაიონში ქართული სახელმძღვანელოები არალეგალურად შედის. პედაგოგებისთვის ხელფასების გადახდაც გვიჭირს, რადგან ფულის შეტანაც არალეგალურად  ხდება. იქაური პედაგოგები გმირები არიან. აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლება მათ უყურებს როგორც აუღებელ და დაუმორჩილებელ ციხესიმაგრეს და არ მოსწონთ, რომ იქ რამდენიმე სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს.~

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გალში ე.წ. პრეზიდენტის რწმუნებულმა რუსლან ქიშმარიამ და გალის ადმინისტრაციის უფროსმა კვეკვესკირმა, ქართული სკოლების დირექტორები შეკრიბა და გამოუცხადა, რომ აფხაზეთი არის სხვა სახელწიფო და ყველაფერი აფხაზეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

~თათბირზე ითქვა, რომ სექტემბიდან პირველ კლასელები რუსულ ენაზე დაიწყებენ სწავლას. დირექტორებს დავალება მისცეს, რომ დათვალონ რამდენ მასწავლებელს შეუძლია რუსულ ენაზე სწავლება. ვისაც არ შეულია, გარანტია მისცეს, რომ ტრენინგებს ჩაუტარებენ და რუსულში კვალიფიკაციას აუმაღლებენ. თუ იქ პირველი კლასიდანვე რუსულ ენაზე დაიწყო სწავლება, ეს ქართული სკოლებიდან მშობლიური ენის გამოდევნას ნიშნავს. არავის აქვს უფლება, საქართველოში, ქართულ კაცს თავის მიწაზე,  თავის სამშობლოში განათლების მიღება მშობლიურ ენაზე აუკრძალოს. მსგავსი  რამ 21 საუკუნეში არსად ხდება~ - ამბობს გრიგალაშვილი.

მისივე თქმით, 12 მაისს ე.წ. აფხაზეთის მთავრობა ამ საკითხის განხილვას გეგმავს: ~საკითხის გადაწყვეტამდე, მე დამევალა მომემზადებინა პარლამენტის განცხადების ტექსტი, რომელსაც საეთაშორისო ორგანიზაციებს გადავუგზავნით. თუ 12 მაისს ამ ბარბაროსულ გადაწყვეტილებას მართლა მიიღებენ, მთელ ცივილიზებულ კაცობრიობას ფეხზე დავაყენებთ.~

საქართველოს განათლების მინისტრი კახა ლომაია კი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია, თუმცა, ქართულ სკოლებში პრობლემების არსებობას არ უარყოფს: ~ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ფუნდამენტური უფლება - მშობლიურ ენაზე სწავლა, ჩვენივე ტერიტორიაზე დაცული იყოს. მართალია, იქ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, თუმცა ქართულად სწავლება ის საკითხია, რაზეც არანაირი კომპრომისი და დათმობა არ იქნება.~

გალში მცხოვრებ ქართველებს კი ურჩევნიათ თავიანთი შვილები ზუგდიდის ქართულენოვან სკოლებში ატარონ.

ეკა გულუა

ახალი ამბები