კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ცენტრში მორიგი

4 მაისი, 2006

თბილისის ცენტრში მორიგი "წარმატებული" სპეცოპერაცია ჩატარდა

2 მაისს  დილით, დაახლოებით 9.45 საათზე  ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაციისას ორი ახალგაზრდა დაიღუპა. მესამეს, 20 წლის დავით ბუთურიძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდართან დაკავშირებით როგორც პარლამენტის ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საეჭვო კითხვები აქვთ და პასუხს გამოძიებისგან ითხოვენ.

 შსს-ს ინფორმიცით, დაღუპულები  კრიმინალები იყვნენ, რომლებსაც პოლიცია დილის 8 საათიდან უთვალთვალებდა. მათივე თქმით, ისინი თბილისში ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ. ჯგუფს სამი თვის წინ რუსთავის მესამე კოლონიიდან გათავისუფლებული ალექსანდრე ხუბულოვი ხელმძღვანელობდა. როგორც კრიმინალური პოლიციის უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ განაცხადა, ხუბულოვი იყო კოლონიის „მაყურებელი“, ერთ-ერთი კანონიერი ქურდის, დავით ქურასბედიანის მეგობარი. ის ადგილზევე დაიღუპა. გარდაცვლილია, ასევე, ზურაბ ვაზაგაშვილი. დაჭრილია ბუბა ბუთურიძე.

შსს-ს ცნობით, კრიმინალებმა ავტომობილი არ გააჩერეს და პოლიცია იძულებული გახდა, საბურავებისთვის ცეცხლი გაეხსნა. ამის შედეგად მანქანამ მართვა დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა. ოფიციალური ვერსიით, ეჭვმიტანილებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ იმ მანქანიდან, სადაც კრიმინალები ისხდნენ, სროლა არ ყოფილა.  

„მანქანა ბოძს ისე ძლიერად შეეჯახა, რომ საშინელი ხმა იყო. ყველანი ფანჯარასთან მივედით. მანქანა უძრავად იდგა. არანაირი წინააღმდეგობა მე არ დამინახავს. წამებში სპეცრაზმელები მოცვივდნენ და „ბმვ“-ს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით დავინახე. მსგავსი სისასტიკე არსად მინახავს. როგორც ვიცი, ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთ დროს პოლიცია კრიმინალებს მეგაფონებით მიმართავს და სთხოვს, იარაღი დაყარონ და მანქანიდან გადმოვიდნენ. არანაირი მსგავსი გაფრთხილება არ ყოფილა,“ აცხადებენ თვითმხილველები.

ტყვიებს შემთხვევით გადაურჩნენ რიგითი მგზავრები, რომლებიც ქუჩაში მოძრაობდნენ. მათი თქმით ტყვიები სეტყვასავით ცვიოდა და ადვილი შესაძლებელი იყო, ნებისმიერ გამვლელს მოხვედროდა.  ისინი სამართალდამცავებს ურჩევენ, სპეცოპერაციები ხალხმრავალ ადგილზე არ ჩაატარონ და თუ ეს აუცილებელი არ არის, ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოიყენონ.  


ბევრი კითხვის ნიშანი აქვს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძესაც. მისი თქმით: „თუ ეს მანქანა დაეჯახა ბოძს, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მათ მოქმედების საშუალება ჰქონოდათ. ეს იყო საკმაოდ მძიმე დარტყმა, მანქანა მწყობრიდან იყო გამოსული და მას მოძრაობა არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, მანტერესებს, რატომ იყო აუცილებელი არა აყვანა, არამედ მათი ლიკვიდაცია? იმ მანქანიდან სროლა ვერც მოხდებოდა, რადგან შეჯახების შემდეგ ის უმოქმედო იყო. წინ მჯდომი ორი ადამიანი ამ დარტყმის გამო ნამდვილად გაითიშებოდა და ისინი წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებდნენ. თუ სროლა ერთის გულისთვის  დაიწყეს, რომელიც უკან იჯდა, მაშინ საკმაოდ დაბალ პროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. ის კადრები, რაც ვნახე, იმის თქმის უფლებას მაძლევს, რომ პოლიციამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა.“

გუშინდელ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც. როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, ამ შემთხვევაშიც საქმე არაპროფესიონალიზმს ეხება: „როცა სპეცოპერაცია ლიკვიდაციით სრულდება, ეს ძალიან ცუდია. მითუმეტეს, როცა ეს ხდება ქალაქის ცენტრში. ძალიან ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი მიჩნდება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ გაჩერებულ მანქანას გაუხსნეს ცეცხლი. არაფრის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ გაუგებრობა არსებობს. ეს შეიძლება იყოს ან არაპროფესიონალიზმის ბრალი, ან კიდევ არ ვიცი რისი.“

არასამთავრობო ოგანიზაციები კი სპეცოპერაციებისას გახშირებულ ლიკვიდაციებს საქართველოს პრეზიდენტისა და შს მინისტრის განცხადებებს უკავშირებენ. როგორც პრეზიდენტმა, ისე შს მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ თუ კრიმინალი საფრთხეს უქმნის მოქალაქეს, ხელი არ აუკანკალდეთ და ადგილზე გაანადგურონ. „ბრძანებას ვაძლევ საქართველოს პოლიციელებს, სპეცრაზმელებს, ყველას, ვისი ვალიცაა დაიცვას საქართველოს საზოგადოება: თუკი დაინახავთ, რომ მოქალაქის, მითუმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ექმნება, გამოიყენეთ იარაღი!“  - ციტატა შს მინისტრის
სიტყვებიდან.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ პოლიციელები სწორედ ამ გამონათქვამებმა წააქეზა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა დოლიძის განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი ქმედებებით სიკვდილით დასჯას აბრუნებს. იგივე ეჭვები უჩნდება ელენე თევდორაძესაც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია და თუ ხელისუფლებას მისი დაბრუნება უნდა, სასამართლოები რა საჭიროა, კრიმინალები პირდაპირ დახვრიტონ.

მარტო 2005 წელს სპეცოპერაციებისას 37 ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა. 

ეკა გულუა

ახალი ამბები