კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო ინფორმაციის დაბლოკვისთვის შსს-მ სასამართლო წააგო

8 მაისი, 2006

საჯარო ინფორმაციის დაბლოკვისთვის შსს-მ სასამართლო წააგო 

 

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს" არაერთხელ მოუწია საჯარო ინფორმაციის მიღებასთან  დაკავშირებული პრობლემების გაშუქება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციის გაცემა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, სახელმწიფო მოხელეები ამ ნორმას ხშირად არღვევენ. კანონის დარღვევისთვის კი არცერთი თანამდებობის პირი არ დასჯილა.

ამჯერად საქმე ეხება შსს-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფ პატრულს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციამ – „საიმპიჩმენტო პროცედურათა ინიციაციის ცენტრი" სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოიგო კიდეც. მისი ხელმძღვანელი გიორგი მკურნალიძე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის შესაბამისად, შსს-სა და კომპანია „ჯეოსელს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულების ასლს ითხოვდა, რომლის თანახმადაც პატრულის მანქანებზე ჯეოსელის რეკლამა განთავსდა.

„პოლიციის ან სახელმწიფო სტრუქტურის დაქვემდებარებულ სპეცტექნიკაზე, მაგალითად, როგორიც არის ტანკი, პატრულის მანქანა, გამოსახული არ უნდა იყოს რეკლამა. ყველა კარგად ვხედავთ, რომ პატრულის წინა სანომრე ნიშანს აწერია „ჯეოსელი". იმის გასარკვევად, თუ რამდენად კანონიერია ეს, შსს-სა და „ჯეოსელს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოვითხოვე. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა. ვთქვათ, მოქალაქეს დაეჯახა პატრულის მანქანა და მან ამ მანქანის მხოლოდ წინა მხარე დაინახა, სადაც „ჯეოსელი" აწერია. რა უნდა თქვას „ჯეოსელის" მანქანამ დამარტყაო?"- კითხულობს მკურნალიძე.    

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე  და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და  40-ე მუხლით, საჯარო ინფორმაციის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. მისი გაცემა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის დამრღვევთ პასუხისმგებლობა ეკისრებათ.  

როგორც მკურნალიძე „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის" ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, მან შსს-დან აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო, რაც თავისთავად კანონის დარღვევას ნიშნავს. შსს საპასუხო წერილში კი ეწერა: „საპატრულო პოლიციის დეპარტამეტის კუთვნილ ავტომანქანაზე „ჯეოსელის" წარწერა განხორციელდა ორმხრივი ხელშეკრულებით. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი არ ჩატარებულა და ხელშეკრულების საფუძველი „ჯეოსელის" ხელმძღანელობის კეთილი ნება გახდა."

მკურნალიძე კი ამბობს, რომ მას სწორედ ამ ხელშეკრულების ასლი სჭირდებოდა, რომელიც საჯაროა. მან თბილისის საქალაქო  სასამართლოს სარჩელით მიმართა. 22 მარტს კი სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, შსს-ს დაევალა მკურნალიძეს მოთხოვნილი ხელშეკრულების ასლი გადასცეს. შსს-სა და პატრულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის (30 ლარი) გადახდა დაეკისრათ.

მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, მოსარჩელემ ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით მიიღო. ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ კი ის სასამართლოში ახალი სარჩელის შეტანას და პატრულის მანქანებიდან "ჯეოსელის" რეკლამის მოხსნას ითხოვს.   

„შსს ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს იძლევა. ჯერ მომწერა, პატრულის მანქანაზე ჯეოსელის რეკლამის განთავსებით მას არანაირი ფინანსური დაინტერესება არა აქვს. ხელშეკრულებაში კი წერია, რომ კომპანია უსასყიდლოდ გადაცემს მას 2500 საავანსო სიმ-ბარათს და უზრუნველყოფს მის ჩართვას და მომსახურებას მობილურ სატელეფონო ქსელში. ამასთან,  კომპანია აბონენტს გამოუყოფს 600 სიმბარათს თვეში 20 ლარიანი უფასო სასაუბრო დროით. ეს არის სერიოზული ტყუილი და სასამართლოში აუცილებლად შევიტან სარჩელს პატრულის მანქანაზე „ჯეოსელის“ რეკლამის მოხსნის მოთხოვნით.“    

“ადამანის უფლებათა საინფორმაცო ცენტრი" რეალობის გასარკვევად შსს-ს დაუკავშირდა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვლმა გვითხრა, სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია: „ჩვენ მას ხელშეკრულება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გავუგზავნეთ და თუ არ მიუღია, მალე მიიღებს. რაც შეეხება პატრულის მანქანიდან „ჯეოსელის" რეკლამის მოხსნას, მოთხოვნა უსაფუძვლოა. ეს რომ კანონის დარღვევა იყოს, ხომ არ გავაკეთებდით. სანამ პატრულის მანქანებს „ჯეოსელს" დავაწერდით, ყველა პროცედურა გავითვალისწინეთ."

p.s. როგორც ჩანს, აქტიურობამ შედეგი გამოიღო, რადგან უკვე ორი დღეა, პატრულის მანქანებს „ჯეოსელის“ რეკლამა მოხსნილი აქვს. 

ეკა გულუა

ახალი ამბები